თამთა ჩაჩანიძე
(28.01.2025)

„ქართულ ოცნებაში" ისევ აცხადებენ, რომ არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, რადგან კენჭისყრა არ გაყალბებულა. ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის ასიათასობით ხმის სხვაობაა. ამის პარალელურად ანტისახელისუფლებო პროტესტი ისევ გრძელდება, ზუსტად ორი თვეა არ შეწყვტილა, მოთხოვნები კი უცვლელია.

„ჩვენ ვეუბნებით ყველას, ვისაც შევხვდით და დღეს კიდევ ხმამაღლა ვიტყვით, გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც ვთანამშრომლობდით თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში. საქართველო და მისი დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, არ დაეთანხმება, არ შეეგუება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ვნახოთ, რა გამოვა ამ ყველაფრიდან...

„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. უმრავლესობა ქვეყნებში ელექტრონული მანქანების მეშვეობით არცერთხელ ჩატარებულა არჩევნები, ზოგ ქვეყანაში ელექტრონული პირადობის მოწმობაც კი არ არსებობს, ამ დროს ჩვენ მაღალ დონეზე ვატარებთ არჩევნებს, რომელზეც ყველა აუდიტი, დასავლური კომპანიები ამბობენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის გაყალბება შეუძლებელია. ასევე წარმოუდგენელია, ვინმემ გააყალბოს არჩევნები, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის ასიათასობით ხმის სხვაობაა და ბევრი სხვა არგუმენტია, რომელიც აბსოლუტურად მშვიდად გვამყოფებს", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მოცემულობაში ახალი არჩევნები გამორიცხულია - „ოცნება" უკან არ დაიხევს და არც ოპიზიციას აქვს რესურსი.

„ბუნებაში ასეთი რამ არ ხდება, რომ სამმილიონიან ქვეყანაში სამასი ათასი ხმით მოეგო და ამის შემდეგ, რომელიმე მმართველ პარტიას, გაყალბების საბაბით, ახალი არჩევნები დაენიშნა. მაშინ, როდესაც ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს იმისა, რომ ამ სამასი ათასიდან თუნდაც 30 ათასი გაყალბდა. ამიტომ ეს ძირშივე მცდარია და ამას ის ევრობიუროკრატია აკეთებს, რომელიც საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიას ბევრად აჭარბებს იმით, რომ ადრე მექრთამეები ერქვათ, ამათ კი კორუმპირებულები. სხვანაირად ყოვლად შეუძლებელია, რომ ეს ადამიანები თეთრზე შავს ლაპარაკობდნენ და პირიქით.

„ახალი არჩევნები გამორიცხულია,ჩვენ რაც ვნახეთ, ოპოზიციამ შიდა რესურსიც მაქსიმალურად გამოიყენა. საღამოობით რუსთაველზე უბრალოდ სეირნობენ, სადაც დაახლოებით 1 000-1 500 კაცია. არ მგონია, რომ სამმილიონიან ქვეყანაში, ქვეყნის ბედს ეს ხალხი წყვეტდეს. დემოკრატიაა, როცა უმცირესობა უმრავლესობის არჩევანს ექვემდებარება. თუ თოფით და ტანკით გადაგვატრიალებენ თავის ევროპელ აპეკუნებთან ერთად, ეს სხვა ამბავია. ისე კი, რასაც მე მოვსწრებივარ 90-იანი წლებიდან დღევანდელობამდე, ოქტომბრის არჩევნები იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები, რადგან თავად ის ევროპელი კორუმპირებულებიც ვერ ლაპარაკობენ, რომ ელექტრონულ არჩვნებში რაიმე გაყალბდა, მაგრამ მაინც იძახიან გაყალბდაო", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას" არაფერი არ გააჩნია, "ასანთის ჩხირებზე შემგდარი ავტორიტაზრიზმია", თუმცა შიდა პროტესტიც სუსტდება, რაც ნიშანია იმისა, რომ ხალხი საზღვარგარეთიდან იმპულსს ელოდება. მისი თქმით, ეს სწორი არაა, რადგან პირიქით, „საზღვარგარეთი ჩვენ გვიყურებს", რომ მერე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„ქართულ ოცნებას" არაფერი არ გააჩნია, ეს არის ასანთის ჩხირებზე შემდგარი ავტორიტარიზმი. ძალიან კარგია ეს სცენები, კრეატიულობა, მაგრამ მასობრივი გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა აშკარად სუსტდება და ხალხი არ გამოდის, საზღვარგარეთიდან რაღაც იმპულსებს ელოდება, საზღვარგარეთი კი ჩვენ გვიყურებს და არა პირიქით. მათ კავკასიის მიმართ თავიანთი ამოცანები აქვთ, საქართველო ვერ ამართლებს დემოკრატიას. აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირში ინტეგრაციას არ აპირებს და ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპას ხალისი დაუკარგოს, ილაპარაკოს სურვილის და მოლოდინის დონეზე, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას.

„მთელი საქართველო უნდა ჩაიკეტოს, რკინიგზა, ავტობანი, ამ მიმართულებითაა საჭირო მუშაობა, წამსვლელები არიან ამაზე? გვაქვს ამისი რესურსი, მაშინ აუცილებლად მოუწევს „ოცნებას", რომ დათმობებზე წავიდეს. ამ მიმართულებით უნდა მუშაობა და არა სპექტაკლების გამართვა, რომელიც თავისთავად ცუდი არაა. ის, რასაც ვაკეთებთ - ჯაჭვი და ა.შ. ესაა დამატებითი ფაქტორი და არა მთავარი.

„თუ არა და, წელს ადგილობრივი არჩევნები მაინც იქნება, რომელიც მნიშვნელოვანია, არ არის ხელწამოსაკრავი. ხალხი და ოპოზიცია ახალ არჩევნებს ელოდება, რომელიც არანაირად არ ჩანს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამი თვე გავიდა, ადგილობრივამდე 9 თვე დარჩა, „ქართული ოცნება" ცდილობს ოპოზიცია და ხალხი დაღალოს, რომ, აი, 200-300 კაცი გამოვა და ამას აიტანს, მიხვდნენ, რომ ძალადობა მათ წინაარმდეგ მუშაობს და ესე გაგრძელდება ოქტომბრამდე, ამიტომ სხვა ღონისძიებებია საჭირო.

„სხვა ღონისძიებები კი ისაა, რომ დაანებონ მხოლოდ ევროპაზე მუშაობას თავი და პირველ რიგში შიგნით იმუშაონ, ხომ იყო საყოველთაო გაფიცვის მცდელობა, ახლა ამ მიმართულებით უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. ერევანში ფაშინიანმა ასე მოიგო - ერევანი ჩაკეტა, გზები ჩაიკეტა და ეკონომიკის პარალიზება მოახდინა. ეს ის ეკონომიკაა, რომელიც რუსეთზე მუშაობს, საქართველოდან გაიზარდა ნავთობის გაზიდვა, საქართველო ნავთობს არ აწარმოებს, შემოდის რუსეთიდან და პორტებიდან გადის, როგორც ქართული ნავთობი. ბუნებაში არ არსებობს ქართული ნავთობი და იყიდება, როგორც ქართული ნავთობი.

„სხვა შემთხვევაში, ჩვენ ადგილობრივ არჩევნებამდე მივალთ, იქ მზად არ ვიქნებით, სადაც „ქართული ოცნება" უკვე იმ პარტიებს შემოჰყრის, რომლებიც ლოიალურები არიან, შეავსებენ საკრებულოებს და სამი წელი არჩევნები არ იქნება. მერე ერთმანეთს ვაბრალოთ რა და როგორ მოხდა. გაზაფხული მოდის და იქნებ ორგანიზატორები რაღაცას ფიქრობენ, არ ვიცი, მაგრამ „ქართული ოცნება" მუდმივად ნერვიულობის რეჟიმში უნდა იყოს, წულუკიანის თუ სხვების განცხადებები მეტყველებს, რომ ისინი არაფერს არ აპირებენ, არაფერი არ ჩანს და ნიშანი არაა. შესაძლოა ხვალვე რაღაც მოხდეს და ჩამოიქცნენ, მაგრამ დღეს და ამ წუთში არ ჩანს, რომ ისინი დათმობას აპირებენ",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე