ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გახსნილია. საქართველოს დელეგაციიდან სიტყვით თეა წულუკიანი გამოვიდა. ოპოზიცია ევროსაბჭოს მოუწოდებს, არ ცნოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება. ხვალ ჩანიშნულია კენჭისყრა და დებატები საქართველოზე. „ოცნებაში" ამბობენ, რომ „ევროპელი ჩინოვნიკები" საქართველოს დელეგაციის დასჯას გეგმავენ. დაკარგავს თუ არა საქართველოს დელეგაცია უფლებამოსილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე?
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველ დღეს გამართულ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და არჩევნების შემდგომი მოვლენების შეფასება.
ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ სტრასბურგში ზამთრის სესიაზე ისაუბრა ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე. აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას და ხაზგასმით თქვა, რომ „არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება".
„საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის, არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ორი მოწოდება გავაკეთო: პირველი, 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ერთი მათგანი, ჟურნალისტი, 16 დღეა შიმშილობს. მეორე, ყველაფერი, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს", - განაცხადა ბულაიმ.
შეხვედრაზე 2024 წლის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ, ლატვიელმა დეპუტატმა და ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით თქვა, რომ „საქართველოში ვითრება სერიოზულად გაუარესდა".
ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა „ოცნების" ვიცე-სპიკერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი. სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე. „ევროკავშირთან არანაირი მოლაპარაკებები არ იყო, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა", - აღნიშნა წულუკიანმა. მისი მტკიცებით, არჩევნები არ არის გაყალბებული, უბრალოდ, ხალხს შედეგები არ მოსწონს.
„არ შეიძლება გაყალბებას ჰქონდეს ადგილი, როცა არჩევნებში გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის სხვაობა 800 000 ხმაა. არ შეიძლება გაყალბება იყოს, როცა ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით მოხდა და ეს მოწყობილობები დასავლურმა კომპანიებმა დააყენეს. ასევე, დავამატებ იმას, რომ დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა, განაცხადა, რომ ეს ტექნოლოგია გაყალბებას შეუძლებელს ხდის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.„გთხოვთ, ასამბლეაში ჩვენს დელეგაციას პატივი სცეთ. გვსურს, რომ საქართველოში იმედის მომცემი ვითარება გვქონდეს. ჩვენ დიალოგს ვითხოვთ, მაგრამ სამწუხაროდ, დისკუსია არ ყოფილა", - ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა წულუკიანმა.
ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე ოპოზიციამ ევროსაბჭოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა: „შეუჩერეთ უფლებამოსილება საქართველოს დელეგაციას".
„რა თქმა უნდა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, თუმცა თქვენც შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ამ ბედის განსაზღვრაში. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რუსულ ორბიტასთან დაახლოების შედეგად, ეს ასამბლეა დარჩა ერთადერთ გავლენის ინსტრუმენტად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, ენმ-ს ლიდერმა.
ვლადიმირ ბოჟაძემ, მმართველი პარტიიდან, განაცხადა, რომ პარტნიორებს აქვთ პირდაპირი დავალება „დასაჯონ საქართველოს დელეგაცია", თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა არასწორი ნაბიჯია.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან, იგივე „ევროპის სახალხო პარტიისგან", ბრიუსელის სხვადასხვა ჩინოვნიკებიდან აქვთ პირდაპირი დავალება, რომ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა, დასაჯონ ჩვენი დელეგაცია", - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
„თქვენ იცით, რომ ხვალ გაიმართება დებატებიც და კენჭისყრაც. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან, იგივე „ევროპის სახალხო პარტიისგან", ბრიუსელის სხვადასხვა ჩინოვნიკებიდან აქვთ პირდაპირი დავალება, რომ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა, დასაჯონ ჩვენი დელეგაცია. იცით, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სტუმრობდა საქართველოს, მონიტორინგის მისია იყო ჩამოსული, უმაღლესი კომისარი იყო ჩამოსული და ახლა ხელის შეშლა პირველად ჩვენი და ევროსაბჭოს ურთიერთობებში და საპარლამენტო დელეგაციის არაღიარება არის არასწორი ნაბიჯი", - განაცხადა ბოჟაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანთან" ამბობს, რომ საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება რეალურ პროცესებთანაა დაკავშირებული.
„შესაძლებელია მსგავსი სცენარი განვითარდეს. ვიცით, რომ არსებობს მაგალითები, როცა ხმის მიცემის შესაძლებლობა შეუწყდათ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს. ასე იყო რუსეთის შემთხვევაშიც და ასე იყო აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია", - ამბობს ჩიტაძე.
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების რიტორიკა და მესიჯები საბჭოში საკუთარ თავს აგდებს იზოლაციაში, მაგრამ ეს მძიმე იქნება საქართველოსთვის, რადგან ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკურ ფაქტორებზე, შემცირდება უცხოური ინვესტიციები, გარდა ამისა, ეს ყველაფერი აისახება ნეგატიურად ლარის კურსზეც. რა თქმა უნდა, გაზრდის საქართველოს დამოკიდებულებას არადემოკრატიულ სახელმწიფოსთან, ჩინეთსა და ოკუპანტ რუსეთთან. მეორე მხრივ, საქართველოს შეაფერხებს ევროინტეგრაციას. „ოცნების" მსგავსი რიტორიკა, ჩვენ დაგავშორებს დასავლეთთან", - განაცხადა ჩიტაძემ.
„ვფიქრობ, შეიძლება „ოცნება" ამ სხდომების შემდეგ წავიდეს კომპრომისზე, თუ ევროპარლამენტარები, საერთაშორისო პარტნიორები უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. თუ სავიზო შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეკონომიკური სანქციები აამოქმედონ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში კონსესუსის მიღწევა ვერ ხერხდება, შეიძლება აიღონ ბალტიისპერეთის ქვეყნების მაგალითი და დააწესონ უფრო მკაცრი სანქციები", - ამბობს ჩიტაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე