ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში ვიზიტით იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ, როგორც თავად აცხადებენ, მიზანი ისაა, რომ „სათქმელი მიიტანონ" ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან. სტრასბურგშია „ქართული ოცნების"დელეგაციაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სადაც 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. „ოცნების" განცხადებით, დელეგაცია 29 იანვრის ჩათვლით შეხვედრებს გამართავს.
ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერების ვიზიტის მერე „ოცნებაზე" დამატებითი წნეხი წამოვიდეს ევროპიდან. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს ჯერ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ევროპა ვაშინგტონს უყურებს, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას კი არ გაუხმოვანებია პოზიცია.
ამის პარალელურად სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ძლიერი საქართველო" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა, რომ ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება.
ასამბლეაში გასაჩივრდა „ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ანგარიშის მოსამზადებლად მონიტორინგის კომიტეტს 24-საათიანი ვადა აქვს, საკითხზე კენჭისყრა კი ოთხშაბათს გაიმართება.
ქართველი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას". ისინი მოითხოვდნენ „ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას."
თეა წულუკიანი ამბობს, რომ მათი პოზიცია არ შეიცვლება, რასაც დააფიქსირებენ კიდეც.
„არსებობს ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა აქაური ასამბლეა დაარწმუნოს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს დაშვებული ასამბლეაზე; ასევე არსებობს ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელიც რამდენიმე დღეა, ელექტრონულად ტრიალებს. ერთს აქვს 24 დეპუტატის მხარდაჭერა, მეორეს, თუ არ ვცდები, 28-ის. ორივე შუამდგომლობა მიზნად ისახავს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში თქვას, რომ საქართველომ არ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები. ეს შუამდგომლობები ითხოვენ, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პრეზიდენტად აღიაროს სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი; ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება. ასევე კულუარებში ისმის, რომ შეიძლება გაჟღერებული იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
„ეს არის საჯარო, გაცხადებული და გაუცხადებელი მოთხოვნები. რასაკვირველია, ისმის გარკვეული სურვილის შესახებ, რომ შეიცვალოს სხვადასხვა კანონი, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც თქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გარკვეული მზაობა აქვს მხოლოდ ამ მიმართულებით თანამშრომლობის. ჩვენ ვეუბნებით ყველას, ვისაც შევხვდით და დღეს კიდევ ხმამაღლა ვიტყვით, გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც ვთანამშრომლობდით თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში. საქართველო და მისი დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, არ დაეთანხმება, არ შეეგუება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ვნახოთ, რა გამოვა ამ ყველაფრიდან",- განაცხადა თეა წულუკიანმა.
სტრასბურგშია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი, რომელიც „ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, რომ „ძალიან მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - პირველად დადგა საკითხი, საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის შესახებ უარის თქმაზე".
„ბევრი შეხვედრები გვაქვს აქ, ამ დღეებში და ჩვენ სრულიად ობიექტური ვითარება ავხსენით ყველა შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესხმოდეს, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქართველი ხალხი. მათ შორის ვსაუბრობთ ისეთ შემთხვევებზე, როგორიც არის მზია ამაღლობელის პატიმრობა, მისი შიმშილობა, რომელიც უკვე არის მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო. ასევე ვსაუბრობთ სხვა პოლიტპატიმრებზე, იმაზე, რომ საქართველოში სულ უფრო უქმდება დემოკრატიული სივრცე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საგარეო ურთიერთობის მდივანთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სად საქართველოს შესახებ საკითხის განხილვაა ჩანიშნული. სტრასბურგშია გიორგი ვაშაძეც და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეც.
„ვიმყოფებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ვხვდებით ევროპულ დელეგაციებს. ასევე გვაქვს შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც დეტალურად ვაცნობთ წევრებს ინფორმაციას ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ. მათ ვუყვებით დაკავებული, ნაწამები ადამიანების შესახებ, რადგან წევრებმა სწორედ ამ ფაქტებზე დაფუძნებით მიიღონ გადაწყვეტილებები არ აღიარების პოლიტიკასა და იმ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, ესენია: ახალი არჩევნების და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე, რომელიც „ქართული ოცნების" დელეგაციაშია, აცხადებს, რომ ოპოზიციას „უპრეცედენტო მობილიზაცია აქვს სტრასბურგში".
„რაც მთავარია ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის უპრეცედენტო მობილიზაცია მათი. მათ ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ არგუმენტებზე და ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სწორედ არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, განსხვავებით იმ აბსურდული, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული ინფორმაციისა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე სამი თვის განმავლობაში არის მცდელობა ამ არასწორი აღქმების შექმნასთან დაკავშირებით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
რა მიზანი აქვს სტრასბურგში ოპოზიციონერების ვიზიტს
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია მოცემულ მომენტში უცხოური პოლიტიკური წრეების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
„ევროპაში ოპოზიციონერების ვიზიტების მიზეზი და მიზანი ისაა, რაც ადრე იყო და რაც ყოველთვის არის საქართველოს ისტორიაში - პოლიტიკური წრეები, რომელსაც ხელისუფლებისგან განსხვავებული მიზნები აქვთ, ცდილობენ გვერდით დაიყენონ უცხოეთის პოლიტიკური წრეები.
„ამ შემთხვევაში ქვეყნის შიდა პროცესებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მომგებიანობის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ამ ოპოზიციას წესით უფრო აწყობს პარლამენტში შესვლა და იქ პოზიციების გამყარება, მომზადება ახალი არჩევნებისთვის, როგორც ადგილობვრივი, ისე საპარლამენტო და ა.შ."- განაცხადა ანალიტიკოსმა.
მისი თქმით, ძნელია იმის თქმა ამ ვიზიტების მერე „ქართულ ოცნებაზე" წამოვა თუ არა წნეხი და კრიტიკა.
„ჯერჯერობით თქმა ძნელია ევროპისგან წამოვა თუ არა დამატებით წნეხი, რადგან ამერიკის მხრიდან სავარაუდოა, რომ არ წამოვა, ევროპა კი ახლა ამერიკასაც ეჭიდავება. თვითონ სიტყვა ევროპას ხშირად ვიყენებთ-ხოლმე დასავლეთის სინონიმად, მაგრამ რეალურად ის სხვადასხვა ძალების გზაგასაყარზეა, იმისდა მიხედვით თუ რომელი ძალები გაიმარჯვებენ - კონსერვატიული თუ ლიბერალური, ალბათ ესეც ამ კონტექსტში განიხილება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერების ვიზიტის მერე, „ოცნებაზე" წნეხი გაძლიერდება და ამ შეხვედრების მიზანიც ესაა.
„ვიზიტების მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიდეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომ "ქართულ ოცნებაზე" ყველა დონეზე წნეხი გაძლიერდეს. მაგალითად, ევროკავშირის ფარგლებში კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება „ქართული ოცნების" წევრებზე ეკონომიკური ხასიათის სანქციების დაწესებაზე, რადგან უნგრეთი და სლოვაკეთი აღნიშნულ ინიციატივას ბლოკავენ, თუმცა ოფიციალური პირებისთვის დიპპასპორტებზე შეზღუდვა დაწესდა.
„არის გარკვეული მოწოდება, რომ თუნდაც იგივე ბევრმა ევროპის ქვეყანამ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი აიღოს და ინდივიდუალურ დონეზე მიუდგნენ საკითხს. ასევე საინტერესოა ბრიტანეთის პოზიცია, რადგან თემთა პალატამ უნდა განიხილოს სანქციების ამოქმედების საკითხი უკვე თებერვლიდან. ვფიქრობ, ოპოზიციონერების ვიზიტის მერე, „ქართულ ოცნებაზე" წნეხი გაძლიერდება. დამატებითი სანქციებიც იქნება მიღებული, რადგან რაც დაუწესეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე