ქვეყანაში ზამთრის სიცივესთან ერთად ვირუსული ინფექციების გავრცელებამ მნიშვნელოვნად იმატა. განსაკუთრებით საყურადღებოა ღორის გრიპი, რომელმაც უკვე გამოიწვია გართულებები და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. სპეციალისტების თქმით, პიკი თვის ბოლოსაა მოსალოდნელი და მოსახლეობას მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები.
საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ზუსტი ციფრი ჯერ კიდევ უცნობია. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სწორედ ღორის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებები და თანმხლები დაავადებები იყო.
მდგომარეობის სერიოზულობაზე საუბრობს იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძეც.
„გართულებებით მიმდინარეობა ყველაზე მეტად გრიპს ახასიათებს, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. პრაქტიკულად, ყველა მეორე გრიპისმაგვარი დაავადების უკან გრიპის ვირუსი დგას.
„გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი. ასევე მაღალია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელება. შედარებით ცოტა არის H3 ტიპის ვირუსი. ყველამ, ვინც გაიკეთა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, ამ ვაქცინის შემადგენლობაში 2 იყო „ა“ ტიპის ვირუსი, კერძოდ H1 და H3, ხოლო 2 „ბე“ ტიპის ვირუსი. ზუსტად დაემთხვა ვაქცინების შემადგენლობა იმ ვირუსების ცირკულაციას, რაც ქვეყანაშია. ეს ნიშნავს, რომ იმ პაციენტებში, ვინც აცრა გაიკეთა, ვაქცინა მაღალეფექტური იქნება, დაცვის ხარისხი და გართულებების თავიდან აცილების ხარისხი ძალიან მაღალი იქნება“, - განუცხადა ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“.
მისივე თქმით, მკვეთრად გაზრდილია მიმართვიანობაც. პაციენტები ძირითადად მაღალ ტემპერატურას უჩივიან, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას.
„ცხადია, უფრო მეტად გაზრდილია სტაციონარული მიმართვა. თუ პედიატრიულ სტაციონარებს გადავხედავთ, მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აქვს. ასევე გაზრდილია იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვების ანთება აქვს. ასეა იაშვილის კლინიკაში, პრაქტიკულად გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით. ამ პაციენტებს შორის 40% არის ფილტვების ანთებით მიმდინარე, რაც ნიშნავს რომ გრიპის ვირუსი დგას ამ შემთხვევების უკან“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ექიმების თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საჭიროებენ 2 წლამდე ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. სპეციალისტები ღორის გრიპის და სხვა ვირუსებთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად ვაქცინას ასახელებენ.
ღორის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი ძირითადად იგივეა, რაც სხვა რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში:
მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსი და ზემოთ); ცხელება, მაგრამ არა ყოველთვის; კუნთების ტკივილი, ოფლიანობა, შემცივნება, ხველა, ყელის ტკივილი, დაღლილობა და ღებინება, თუმცა არა ყოველთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც ძნელდება სუნთქვა, იწყება მკერდის ტკივილი, ასევე თავბრუსხვევა და ძლიერი სისუსტე, დაუყონებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.
ექიმები ვირუსისგან თავის დასაცავად გვირჩევენ, რომ ხალხმრავალ ადგილებში ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებთნ კონტაქტს.
ნინო ახობაძე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე