ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებულ პრეზიდენტის შეწყალების აქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 პირის შეწყალების უკან პარტიულ ინტერესებს ხედავს და სიის გასაჯაროვებას ითხოვს, "ოცნება" კი აცხადებს, რომ ეს არის ჰუმანური აქტი და ყაველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა.
შეწყალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყაველაშვილმა "ფეისბუქით" გაავრცელა.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
"გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
"იყო კიდევ უფრო ბრიყვული განცხადებები, რომ თითქოს, ეს ხალხი ოპოზიციის აქტივისთა დასარბევად უნდა გამოიყენონ, კიდევ უფრო შორს წავიდნენ და თქვეს, რომ ამით ხელისუფლება ცდილობს, რომ ვითომ ციხეში ადგილები გამოათავისუფლოს ოპოზიციის იქ დასამკვიდრებლად. აბსოლუტურ ბოდვებში არიან საკუთარ ვერსიებში",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
"მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პატიმრის შეწყალება შეიძლება, ოღონდ ამას ახსნა უნდა ჰქონდეს. უნდა თქვა რატომ შეიწყალე, რა სახელმწიფო ინტერესებია ამ ადამიანის შეწყალებაში... მღელვარებას საფუძველი გააჩნია, მაგრამ ჩვენი მღელვარება უფრო მაღალი დონისაა, ჩვენ საერთოდ პარლამენტს არ ვცნობთ და ყაველაშვილიც კი დე ფაქტო პრეზიდენტია და არსებითად ეს შეწყალების აქტიც კი უკანონოა",- განაცხადა ყოფილმა სახელწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "სია იყო გაცილებით დიდი, მაგრამ პრევენციული რისკების გათვალისწინებით, ეს სია შემცირდა".
"ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი მიმართულებით მუშაობა, თუმცა შეიძლება, ეს ახლო პერიოდში არ იყოს, შეწყალება ყოველ მეორე, მესამე კვირაში ვერ იქნება",- აცხადებს მდინარაძე.
"პრეზიდენტს კონსტიტუციით შეწყალების უფლება აქვს, თუმცა..."
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეწყალება იყო ჰუმანური აქტი, რა დროსაც სხვადასხვა კრიტერიუმები იქნა გათვალისწინებული.
"რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, კანონმდებლობას, ლოგიკას და იმ პოლიტიკურ ჭაობში ცხოვრობს, რომლიდანაც ვერასოდეს ვერ ამოვა. გახარიას სამარცხვინო პარტიის გარდა, იყო ასეთი შენიშვნები, რომ თითქოს, ე.წ.-მა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ვითომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. იყო კიდევ უფრო ბრიყვული განცხადებები, რომ თითქოს, ეს ხალხი ოპოზიციის აქტივისთა დასარბევად უნდა გამოიყენონ, კიდევ უფრო შორს წავიდნენ და თქვეს, რომ ამით ხელისუფლება ცდილობს, რომ ვითომ ციხეში ადგილები გამოათავისუფლოს ოპოზიციის იქ დასამკვიდრებლად. აბსოლუტურ ბოდვებში არიან საკუთარ ვერსიებში.
"გახარიას პარტია-კანტორის წარმომადგენლების მორიგი სამარცხვინო განცხადებები, იქნება ეს მეზვრიშვილი, თუ სხვა რომელიმე გახარიას პარიდისტი, ნამდვილად გასაკვირი არაა. მით უმეტეს მეზვრიშვილს კანონმდებლობის ცოდნა უნდა მოეთხოვებოდეს - გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირადი ინფორმაციაა, ამ სიის გასაჯაროება არ შეიძლება თუ ამას თავად ოჯახი არ გადაწყვეტს.
"ნათია მეზვრიშვილი ზურაბ ადეიშვილის სადამსჯელო პროკურატურაში მუშაობდა, მისგან ასეთი სისულელეები რიგითი ჩვეული მოვლენაა. ყაველაშვილის გადაწყვეტიება ნამდვილად ჰუმანური აქტი იყო, შეუმსუბუქეს სასჯელი და გარეთ გამოუშვეს ის პატიმრები, რომლებიც კარგად იქცეოდნენ და ამ გადაწყვეტილებების დროს როგორც ხდება ხოლმე, სხვადასხვა კრიტერიუმები გაითვალისწინეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.
"ოპოზიციის მორიგი სიბრიყვე და უდიდესი სიგიჟე - რას ქვია პარტიული ნიშნით? ანუ ეს წლები "ქართული ოცნების" ხელისუფლება თავისიანებს აპატიმრებდა, რათა მერე გამოეშვა? პოლიტიკურ ანალიტიკაში საკმაოდ რთულია ახსნა არაადეკვატური, უპრინციპო და ამორალური რადიკალური ოპოზიციის ესა თუ ის განცხადება. მე პირადად ამათ ყოველთვის დამცინავად ვუყურებ, რადგან უდიდესად დაბალი რეიტინგის ფონზე, უდიდესი პრეტენზიები აქვთ, თავები ვითომ ჭვიანებად მოაქვთ, მაგრამ რეალურად მათ განცხადებებზე შეუძლებელია რაციონალური კომენტარი გააკეთო",- განაცხადა აბაშიძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზოგადად კონსტიტუციით პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს, თუმცა პრეზიდენტი სახელწიფოსა და ხალხის სახელით იწყალებს და სია ხალხმა უნდა იცოდეს.
"პრეზიდენტს კონსტიტუციით შეწყალების უფლება აქვს, ვინც არ უნდა შეიწყალოს მისი პრეროგატივაა, თუმცა სიას რომ არ აქვეყნებენ, ეს სწორი არაა.
პრეზიდენტი ჩვენი სახელით იწყალებს, შესაბამისად, ჩვენ - სახელმწიფომ უნდა ვიცოდეთ ვის იწყალებს, ის, რომ ეფარება, ეს სწორი ქცევა არაა. ვიმეორებ, ეს მისი საქმე არაა, ეს სახელმწიფოს საქმეა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაზე საშინელი მკვლელიც კი შეიწყალო, აგერ ვხედავთ პალესტინაში რა ხდება, ისრაელში როგორ იწყალებენ საშინელ მკვლელებს, რათა მშვიდობა დამყარდეს.
"ამ ფონზე, თავისთავად ტრაგტედია შეწყალება არაა, ტრაგედია ისაა, რომ იმალება, არამედ ანუ გვიმალავენ ვისი სახელითაც ხდება შეწყალება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება პარტიული ნიშნით მოხდა ამ ხალხის შეწყალება და შემდეგ ეს ხალხი გამოადგებათ არჩევნებზე, ასეთ არგუმენტს აქვს არსებობის უფლება. მე ეჭვებს ვიზიარებ, თუმცა საფუძველი არ მაქვს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ვინ შეიძლება იყოს შეწყალებულ პირთა შორის
კითხვაზე, ამ 613 მსჯავრდებულთა შორის, რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ისეთები, რაზედაც მაგალითად "ტვ პირველი"საუბრობს და სადაც წყაროსვე ინფორმაციით, ყაველაშვილმა "მინიმუმ ერთი პატიმარი შეიწყალა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული, საქმე ეხება ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევას და ორმხრივ სროლას", ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გვითხრა:
"რადიკალური ოპოზიციის და მისი პროპაგანდის შეფასებები რეალობას ყოველთვის აცდენილია, ყოველთვის ყველაფერს უკუღმა ამბობენ. რას იტყვის "ტვ პირველი","მთავარი არხი", ან ამ სამარცხვინო ეთერებში გამომსვლელი ესა თუ ის მავნებელი პოლიტიკანი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყაველაშვილმა ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ფართო კონსულტაციებს და სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებას ეფუძნებოდა, როგორც ეს სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ხოლმე.
"რადიკალური პროპაგანდისგან თუნდაც ამინდის პროგნოზის მოსმენა რეალობას არ შეესებამება. გვახსოვს, როდესაც რამდენიმე თვის წინ გამოაცხადეს, რომ თბილისში სამიტინგოდ კარგი ამინდი იქნებოდა და ამ დროს პირიქით მოხდა, მათი კომენტარები და შეფასებები არასერიოზულია",- განაცხადა აბაშიძემ "რეზონანსთან".
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ნებისმიერი პატიმრის შეწყალება შეუძლია, მაგრამ როცა საზოგადოებაში ეჭვები და კითხვები ჩბდება, ამას პასუხი უნდა გაეცეს.
"მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პატიმრის შეწყალება შეიძლება, ოღონდ ამას ახსნა უნდა ჰქონდეს. უნდა თქვა რატომ შეიწყალე, რა სახელმწიფო ინტერესებია ამ ადამიანის შეწყალებაში. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ პრეზიდენტს შეწყალებას, მაგრამ მოქალაქეების სახელით იწყალებენ და მიზეზი უნდა ვიცოდეთ და მოვითხოვოთ საფუძველი რატომ მოხდა ეს.
"შეზღუდული არ არის, ასეთ პატიმრებს იწყალებდა სააკაშვილიც, ზურაბიშვილიც, თუმცა პრობლემაა დამოკიდებულება რატომ და რა ინტერესების შესაბამისად ხდება ამ კატეგორიის ადამიანების შეწყალება. პრეზიდენტს ვერავინ ვერ აუკრძალავს და არსად არ წერია, რომ ამ კატეგორიის ადამიანები შეიწყალოს და იმ კატეგორიის ადამიანების შეწყალების უფლება არ გაქვსო. თუმცაღა, საზოგადოებაში ეჭვები იბადება და ბევრს უკვირს ხოლმე თუ რატომ ხდება ამა თუ იმ კატეგორიის ადამიანთა შეწყალება, ეს ეჭვები საფუძვლიანია.
"მაგალითად, უნგრეთში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაა და იქაც ასეთი პრეზიდებტი ჰყავთ, 5-6 თვის წინ ქალი იყო პრეზიდენტი, რომელიც გადადგა, მიზეზი კი ის იყო, რომ საზოგადოებამ ჩათვალა, რომ არასწორად შეიწყალა ვიღაც პატიმარი, ამის გამო დიდი მღელვარება იყო, ორბანი იძულებული გახდა ერჩია თავისი თანაპარტიელისთვის, რომ გადამდგარიყო.
"ჩვენ უფრო სხვა ამოცანები გვაქვს, ვიდრე ყაველაშვილის გადადგომა მოვითხოვოთ, ჩვენ თუ დღეს არალეგიტიმურ დე ფაქტო პარლამენტიდან ყაველაშვილის გადადგომას მოვითხოვთ, ამით პრაქტიკულად ვაღიარებთ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურია. ამიტომ მღელვარებას ბუნებრივია საფუძველი გააჩნია, მაგრამ ჩვენი მღელვარება უფრო მაღალი დონისაა, ჩვენ საერთოდ პარლამენტს არ ვცნობთ, ყაველაშვილიც კი დე ფაქტო პრეზიდენტია და არსებითად ეს შეწყალების აქტიც კი უკანონოა",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები შეწყალებაზე
"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი მოითხოვს, რომ გამოიტანონ შეწყალებულთა სია, "წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ეს არის სუს-ში დაწერილი ზონდერების შეწყალება".
„ოცნების" პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე: არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არ ამცირებენ. თუ არ გინდა პატიმრობა ბევრი გქონდეს, ცოტა უნდა გამოიყენო. ბევრი რატომ გვაქვს იცით?
უსაფუძვლოდ, ხან შურისძიების, ხან პოლიტიკური მიზნით, ხანაც არაკომპეტენტურობით იყენებენ. პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების გზა მართლმსაჯულების რეფორმაზე გადის და არა ასეთ შეწყალებებზე და ამნისტიებზე. თუ პატიმრობის მაჩვენებელი გაღელვებთ, ან მზია ამაღლობელი რატომაა პატიმარი, ან ათეულობით უდანაშაულო ადამიანი?
"შეწყალება ჰუმანური აქტია. მაგრამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ მასშტაბის შეწყალებას კრიმინალის ანალიზის და რეციდივის საფრთხის შესწავლის გარეშე არ აკეთებენ.
თუ ასე აკეთებ, ე.ი. ჰუმანურობა კი არა, სხვა მოტივაცია გამოძრავებს. ანალიზის გარეშე ამ მასშტაბის შეწყალება ნიშნავს კრიმინალის გაზრდის უზარმაზარ რისკებს. დავუშვათ პატიმრების ბედი გაღელვებს, არ შეიძლება მოქალაქეებს არ უხსნიდე მათი უსაფრთხოება ფეხებზე რატომ გკიდია. ხალხს უნდა ეუბნებოდე რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალე და არსებობს თუ არა ყველა ის რისკი, რაც ზემოთ წერია;
"ვთქვათ და ამ მასშტაბის შეწყალებას ანალიზის საფუძველზე აკეთებ, რანაირად დაგიჯერებენ, რომ ჰუმანურობა გამოძრავებს, როცა ასეულობით ადამიანი სულ ახლახანს აწამე, ამ წამებაზე არავინ დასაჯე, განსხვავებული აზრისთვის საუკეთესო მოქალაქეები ციხეში გამოკეტე, ქუჩაში ნიღბიან ზონდერებს საკუთარ მოქალაქეებს აცემინებ და ა.შ. მოძალადე რეჟიმი რანაირადაა ჰუმანური? პლუს, კორუფციაში ხარ ჩაფლული. პლუს, არჩევნები გააყალბე და უამრავ კრიმინალთან ხარ ვალში;
"რეალობა ის არის, რომ ხელისუფლების სათავეშია არალეგიტიმური, მოძალადე რეჟიმი, რომელიც ხალხს ცემს, აწამებს, უკანონოდ აპატიმრებს, იტაცებს; რომელიც არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; რომელმაც არჩევნებამდე ზონდერებს ამნისტია გამოუცხადა და ახლა ამ ზონდერებით ხალხს ცემს. ამ ფონზე, ვის სჯერა, რომ ეს შეწყალება ჰუმანური აქტია და არა ისეთივე კრიმინალური, როგორიც ამნისტია იყო;
"ამ ფონზე გამოდის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც პროკურატურის ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა და შესანიშნავად იცის, რომ პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არავინ აგვარებს და უბრალოდ ტყუის. ამ მასშტაბური შეწყალებით გახარებული ადვოკატებისგან ზოგი „ოცნების" მეხოტბეა, ზოგი „ოცნებასთან" წლების განმავლობაში გარიგებული. პლუს, წარმოდგენა არ აქვთ საკითხზე;
"უსასრულოდ შემიძლია ვწერო არგუმენტები, მაგრამ აქ გავჩერდები. თუ რასაც ვწერ, ტყუილია, გამოვიდეს „ოცნება" და გამოიტანოს შეწყალებულების სია - რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ეს არის სუს-ში დაწერილი ზონდერების შეწყალება, ზუსტად ისე, როგორიც იყო ზონდერების ამნისტია და ამის შედეგებს მალე საკუთარ თავზე გამოვცდით. ეს შეწყალება აუცილებლად გახდება შესწავლის საგანი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, საინტერესო დეტალები გველოდება წინ",- წერს მეზვრიშვილი.
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო, 613 პატიმარი იქნა შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის აქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის 20 იანვრის სხდომაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა ასევე გადაუხადა იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამთავრობო უწყებებს.
„მადლობა მინდა, ასევე გადავუხადო ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, ანრი ოხანაშვილს და ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის. მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
"დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგვცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის საშუალება და მისცა საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ასეთი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს 613 პატიმარი. მინდა, მათ, ყველას ვუსურვო სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე