გლობალური პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი თარიღი მოახლოვდა, მათ შორის "ქართული ოცნებისგან" 20 იანვარი მუდმივად სახელდებოდა ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად, ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ახსენა "დიფ სთეითი", როგორც პრობლემა და რომ მასთან ბრძოლაში ტრამპს "ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული და ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის".
კობახიძე შეეხო რამდენიმე საკითხს, მათ შორის განაცხადა, რომ "გადამწყვეტი დარტმა" მზადდება "რადიკალებისთვის ჩვენს ქვეყანაში". ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არის იმ გეგმის გაგრძელება, რაც ცოტა ხნის წინ დაანონსეს ენმ-ს გასამართლების კუთხით, ნაწილი კი ამბობს, რომ ესაა მუქარა, რასაც შეიძლება "ოპოზიციაზე დიდი შტურმი მოჰყვეს".
რაც შეეხება საკითხს, თუ კობახიძის განცხადების შინაარსიდან რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს მმართველ პარტიას აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან, ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ეს დაახლოებით 3-4 თვეში გამოჩნდება, ნაწილი კი აცხადებს, რომ განცხადებები "დიფ სთეითსა" და ტრამპის ბრძოლაზე არის "ფუჭი იმედებით" კვება.
რა მოლოდინი აქვს "ოცნებას" აშშ-ს ახალი ადმინისტაციისგან
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, "მათ გარკვეული იმედი აქვთ" აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის, თუმცა, ამას ჩვენ დაახლოებით 3-4 თვეში დავინახავთ, მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დაიწყებს და გამოიკვეთება თუ მისი "დიფ სთეითთან" ბრძოლა რამდენად წარმატებული იქნება.
"დიფ სთეითთან" გამოცხადებული ბრძოლის ქრონიკა ჩვენს პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში ცოტა არ იყოს გადაჭარბებულად ფასდება და განსაკუთრებით მისი ზეგავლენა საქართველოს მოვლენებზე, ან იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს, რადგან "დიფ სთეითთან" ბრძოლა მარტივი არაა. ესაა ძალიან მყარად ფესვგადგმული კონგლომერატი არა მარტო აშშ-ში, არამედ ევროპაშიც.
"შესაბამისად, ტრამპის ბრძოლა "დიფ სთეითთან" რამდენად წარმატებული იქნება, ეს ჯერ არავინ არ იცის, რადგან ამის თაობაზე უბრალოდ ინფორმაცია არ არსებობს, თუ კონკრეტულად ტრამპი როგორ აპირებს შეებრძოლოს ამ ღრმადფესგადგმულ და გავლენიან კონგლომერატს.
"ვერ გეტყვით "ქართულ ოცნებას" რა მოლოდინები აქვს, შემიძლია მხოლოდ მათი წარმომადგენლების გამონათქვამებს დავეყრდნო, რომ მათ გარკვეული იმედი აქვთ. ეტყობა რაღაც ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ისინი იღებენ და რაც შეიძლება ჩვენ არ ვიცით, რომ ამ კუთხით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის რაღაც სასიკეთო ძვრები შეიძლება მოხდეს - ეს მათი მოლოდინებია, მაგრამ რეალურად სიტუაცია როგორ წავა, ამას ჩვენ მას შემდეგ ვნახავთ, რაც ტრამპი თავის საქმიანობას ოფიციალურად დაიწყებს, როგორც პრეზიდეტი. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, რა პოლიტიკას გაატარებს და ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ავიღოთ პერიოდი დაახლოებით 3-4 თვე, რამდენად აქვს წარმატების საფუძველი "დიფ სთეითთან" მის დაპირისპირებას.
"შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უკვე შეიძლება ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ საქართველოსთვის ეს რას შეიძლება ნიშნავდეს და კონკრეტულად ხელისუფლებისთვის ეს რისი მომტანი შეიძლება იყოს. ახლა, ამ ეტაპზე პროგნოზების გაკეთება უბრალოდ უმადური საქმეა, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით კონკრეტულად დონალდ ტრამპი რას გააკეთებს "დიფ სთეითთან" საბრძოლველად, მას თავის გეგმები ბოლომდე არ გაუხმაურებია",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებას" სხვა არაფერი დარჩენია თუ არა ის, რომ ფუჭი იმედებით იკვებოს თვითონაც და თავისი მხარდამჭერებიც.
"ოცნებას" გარდა იმისა, რომ ფუჭი იმედებით იკვებოს თვითონაც და თავისი მომხრეებიც, მეტი რეალურად არაფერი დარჩენია, ამიტომ ის ცდილობს, რომ ეს ფუჭი იმედები ჩვენს საზოგადოებას მოახვიოს თავს უნდა მას თუ არა, ეს ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი და არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა თანხვედრაში მოვიდეს "ქართული ოცნების" პოლიტიკასთან.
"თუმცა ისინი ამას ნელ-ნელა დაიწვიწყებენ, ახლა "პიკის საათია", რადგან აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაა და ხელისუფლებას აუცილებლად რაღაც განცხადება რომ არ გაეკეთებინა, ეს არ ივარგებდა, ამიტომაც განცხადება გაკეთდა, მაგრამ რეალობა რა თქმა უნდა, ისეთი არაა, როგორიც "ქართულ ოცნებას" უნდა, ან წარმოუდგენია.
"ვფიქრობ დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეთ და არაფერი "ქართული ოცნებისთვის" სასიკეთოდ არ შეიცვლება. არ მგონია, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ რაიმე კარდინალური ცვლილებები გაატაროს "ოცნებასთან" და იმ პოლიტიკასთან მიმართებაში, რასაც ხელისუფლება ზოგადად ახორციელებს",- განაცხადა ძაბირაძემ.
რას ნიშნავს "რადიკალებისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობახიძის ამ განცხადებაში იკითხება ის, რომ "ოცნება" ენმ-სა და მასთან დაახლოებულ პარტიებთან პოლიტიკურ კოჰაბიტაციაზე საბოლოოდ უარს იტყვის.
"ეს განცხადება წავიკითხე ისე, როგორც ეს ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ ეს "ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურ კოჰაბიტაციაზე საბოლოოდ უარის თქმას ოპოზიციის ფრთასთან, რომელსაც წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა", მისი განაყოფები, მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალები და პრინციპში, ეს პროცესი უკვე დაწყებულია ერთის მხრივ საგამოძიებო კომისიის ინიცირებით, მეორეს მხრივ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიერ პროკურატურაში სარჩელის შეტანით.
"სავარაუდოდ, ალათ მოსალოდნელია სხვა ზომების გატარებაც, რომელზედაც ჯერ განცხადება არ გაკეთებულა და მე პირადად მოველი, რომ ეს გაკეთდება, რადგან როგორც ჩანს "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა ის არის, რომ მას ჯერ კიდევ საკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რომ "ოცნებას" პრობლემები შეუქმნას, ქვეყანაში განგრძობადი დესტაბილიზაციის კერები შექმნას და ა.შ. მათ უნდათ, რომ ეს რესურსები გამოაცალონ, შესაბამისად, ამისკენ იქნება მიმართული კონკრეტული ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ალბათ უახლოეს პერიოდში დავინახავთ",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა მუქარა და არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის მიმართ სერიოზული რეპრესიები დაიწყოს.
"ჩვეულებრივი მუქარაა, აგრძელებენ იმას, რაზედაც გარკვეულწილად პირობა დადეს. თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მიმართ სერიოზული რეპრესიები დაიწყოს, მაგრამ ესეც ძალიან სწრაფად გახდება ცხადი, რადგან კომისია როგორც ჩანს, ალბათ თებერვალში შეიქმნება, თან სასწრაფოდ შეიქმნება, ძალიან სწრაფადვე დაიწყება იმ პოლიტიკის გატარება, რაც "ქართულ ოცნებას" სურს.
ვფიქრობ, ამ მიმართულებით ოპოზიციაზე საკმაოდ დიდი შტურმი იქნება და ამ შტურმის შემდეგ, სავარაუდოდ არჩევნების დანიშვნას უნდა ველოდოთ",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
რა თქვა კობახიძემ
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მისი თქმით, საქართველოს სურს „აშშ-სთან ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა და სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება".
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ გასული 4 წელიწადი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ისევე, როგორც მთლიანად, მთელი მსოფლიოსთვის. არაერთი კრიზი იყო, კვლავ მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში.
"ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა, მანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე. კონკრეტულად, ჩვენს ქვეყანაში იყო ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად, ჩვენს ქვეყანაშიც რთული პროცესები იყო. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისობრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც.
"პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის" დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა „დიფ სთეითან" პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე, ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ვრცელდებოდა გასული 4 წლის მანძილზე.
"ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნება. ამ კუთხითაც 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება",-განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე, შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „რადიკალებს გადამწყვეტი დარტყმა" უნდა მიაყენონ.
„ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული",-განაცხადა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე