საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, როგოც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მოვლენების განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხ თარიღად მიიჩნევდა 20 იანვარს - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს. რა პროცესებს უნდა ველოდოთ ამ თარიღის დადგომის შემდეგ - გაიზრდება თუ პირიქით, დაიკლებს გამოსვლების ინტენსივობა თბილისის ქუჩებში და ხომ არ გადაინაცვლებს „ოცნება"-ოპოზიციის დაპირისპირების ეპიცენტრი თბილისიდან ვაშინგტონში?
მმართველ პარტიაში ვარაუდობდნენ, რომ აქციები 20 იანვრამდე დასრულდებოდა. 3 დეკემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ხაზგასმით თქვა, რომ „აქციების გაგრძელება 20 იანვრამდე". ამის პარალელურად კი ოპოზიციის მხრიდან პერიოდულად კეთდებოდა მინიშნებები, რომ სასურველი იყო მათ 20 იანვრამდე „მოესწროთ და აეძულებინათ ხელისუფლება, რომ დათმობაზე წასულიყო.
ანალიტიკოსთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებამ და მეორეს მხრივ ოპოზიციამ მნიშვნელოვნად გაააქტიუროს ლობისტური საქმიანობა უშალოდ ვაშინგტონში, რათა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ „ოცნების" ოპონენტები უკვე დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს - მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონშია და პირადი კონტაქტების გამბას ცდილობს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს კი, რომელიც მას ამაშ აქტიურად ეხმარება, კონგრესში ინიცირებული აქვს „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი".
„საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით", - განაცხადა შაბათს ზურაბიშვილმა „ფოქს ნიუსთან".
20 იანვრის შემდეგ
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველი დღეებში ქუჩის პროტესტში არაფერი შეიცვლება. მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრები ამერიკელ პარტნიორებთან პროტესტის მონაწილეებისთვის იმედის მომცემია.
„ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრები ცხადყოფს, რომ ეს წარმატებული იქნება საქართველოსთვის. დიდი შანსია, რომ მან ის პოზიცია დაიკავოს, რაც უჭირავს დღეს ქართულ ოპოზიციას. ხელისუფლება კი ალბათ 21 იანვრის შემდეგაც გააგრძელებს თავის პოლიტიკას: დაპატიმრებები, ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობები", - განაცხადა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ინაუგურაციის შემდეგ ოპოზიციისა და „ოცნების" ნაბიჯები დიდწილად ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, მისივე თქმით, საპროტესტო გამოსვლები ძველებურად გაგრძელდება.
„ვფიქრობ, ოპოზიცია ახლა გაფაციცებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, ცდილობს (დასავლეთში) შეხვედრები სათავისოდ გამოიყენოს. აქციები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, რადგან ამ მუხტის შენარჩუნება მთავარი კოზირია კოლექტიური ოპოზიციისთვის, რომ გარედან უზრუნველყონ აქტიური დახმარება. თუ კი აქციები შეწყდა, მაშინ დასავლეთში იფიქრებენ, რომ კრიზისი განიმუხტა და დამოკიდებულებაც შეიცვლება. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ოპოზიციის გეგმაც, ან „რჩევა გარედან", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
საინფორმაციო ომი ინაუგურაციის შემდეგ
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ლობისტურ აქტიურობას ვაშინგტონში როგორც „ქართული ოცნების", ისე ოპოზიციის მხრიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგანაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, უკვე აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია ზოგადად ჩვენს რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით.
„არ ვფიქრობ, რომ დაპირისპირება, გარკვეულწილად, ვაშინგტონის ველზე გადაინაცვლებს. ამოსავალი წერტილი ოპოზიციისთვისაც და „ოცნებისთვისაც" იქნება თბილისი. არ მგონია, რომ ლობისტებმა რამე რეზონანსულ შედეგს მიაღწიონ. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება" ტრამპთან მოლაპარაკებებში ვერაფერს მიაღწევს. ჩვენ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით ვერ განვიხილავთ მიმდინარე პროცესებს. გავიხსენოთ სომხეთიც - მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში დღეს რუსული სამხედრო ბაზაა, ის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია. ასე რომ, კავკასიის მიმართ ვაშინგტონის მხრიდან ვერ და არ იქნება ყურადღება შენელებული, გამორიცხულია. ტრამპის საგარეო პოლიტიკა ამ რეგიონში აქტიურია. ამის შედეგია, რომ სომხეთი მისი პარტნიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა შეჩერდა. ამას თუ დავუმატებთ საფრანგეთის ინტერესსაც სომხეთთან მიმართებაში, დასავლეთის ინტერესები კავკასიაში ძალიან მაღალია. მათი და ჩვენი ეროვნული ინტერესები კი ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. ამიტომ იქნება სრული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე კი ვარაუდობს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „ოცნებასა" და ოპოზიციას შორის საინფორმაციო ომი უფრო გამწვავდება როგორც ქვეყნის შგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისივე აზრით, ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშნელობა ექნება კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ ცნობილ აქტს.
„ვფიქრობ, საინფორმაციო ომზე დიდ გავლენა ექნება ამ აქტს, რადგან ოპოზიციისთვის ეს გამარჯვების ტოლფასი იქნება, თუ კონგრესში გავიდა. თუმცა, გავა თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით. ამას ისიც ემატება, რომ ამ დოკუმენტს რიგი პროცესების უძღვის წინ, თუმცა პირველ ეტაპამდე გასვლაც კი ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ მომგებიან პოზიციაშია.
„საინფორმაციო ომი უწყვეტად მიმდინარებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ამიტომ, პირიქით, ველოდები, რომ 21 იანვრის შემდეგ ეს ომი უფრო გამწვავდება. საქართველოში არ გვაქვს ის პოლიტიკური მოცემულობა, როგორიც დასავლეთში. მაგალითად, დასავლეთში ერთი მხრიდან კომპრომისული ნაბიჯი არ აღიქმება მარცხად, საქართველოში კი, სამწუხაროდ, სხვა პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს. ამიტო მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ინაუგურაციის შემდეგ მხარეებს შორის შედგეს კომპრომისი ან დიალოგი.
„ხელისუფლების მხრიდან დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლება, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, იქნება კეთილი ნების ჟესტი, ხოლო ახალი არჩევნების დანიშვნა სხვა საკითხია. ამაზე არ წავა ხელისუფლება, ან თუ წავა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან დიდი ზეწოლა იქნება საერთაშორისო საზოგადოებისგან. თუმცა, ჯერჯერობით, მოვლენების ასეთი განვითარების პირობები არ არის და ამის არანაირი ლეგიტიმური საფუძველიც არ არსებობს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე