სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოპოზიციისა და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა კრიტიკის ობიექტი გახდა. პარასკევს მის ოფისთან აქციაც კი გამართეს. ომბუდსმენს საყვედურობენ, რომ ის ადამიანის უფლებების ნაცვლად რეალურად ხელისუფლების პოზიციებს იცავს. თავად იოსელიანი აცხადებს, რომ მან არაერთხელ ითხოვა არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებები და ვერ მიიღო. რამდენად სამართლიანია და რეალურად რას ეფუძნება ომბუდსმენის მიმართ პრეტენზიები?
„რა თქმა უნდა, ოპოზიციის პრეტენზიები ლევან იოსელიანთან დაკავშირებით სამართლიანია. იოსელიანი უფრო აქტიური უნდა იყოს. მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ის ხელისუფლების მხარეს იჭერს მაშინ, როცა მან ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს უნდა იდგეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ოპოზიცია იოსელიანს იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ის მათ დღის წესრიგში არ ჯდება:
„რადკალები იოსელიანს იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ მათ დღის წესრიგში ვინც არ ჯდება, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, აუცილებლად თავს უნდა დაესხნენ სხვადასხვა პლატფორმებიდან“.
სახალხო დამცველის ოფისთან 17 იანვარს აქცია გაიმართა ლოზუნგით: „გააგონე ხმა რეჟიმის დამცველს“. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „რეჟიმის დამცველი“. როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, მათი მიზანია ლევან იოსელიანს მიაწოდონ ინფორმაცია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე და ასევე აქციების დროს მოქალაქეთა დაზიანებების შესახებ.
„სახალხო დამცველის ფუნქციაა ადამიანის უფლებების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მან უნდა გააკეთოს ცხადი განცხადებები, ამ რეჟიმის დამცველად გადაიქცა“, - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია კი სოციალურ ქსელში პირდაპირ წერს, რომ ლევან იოსელიანი „რეჟიმის დაქირავებულია, როგორც „ოცნების“ სხვა წევრები“. მისივე თქმით, ლევან იოსელიანი „არჩევნების წამრთმევ ძალას კბილებით იცავს“.
„სახალხო დამცველი ხალხს და ხალხის წართმეულ არჩევანს კი არა, არჩევნების წამრთმევ ძალას იცავს კბილებით. ახლახანს „ფბ“ პოსტი დაწერა და თქვა, თუ ადამიანებს პირადობები ჩამოართვეს, მათი ნახევარი მაინც რატომ არ დგას გარეთო. ანუ, ჯერ ხომ მდინარაძის მათემატიკით იანგარიშა და შემდეგ თქვა, მოწყვლადი ადამიანი, რომელზეც სახელმწიფომ იძალადა, გარეთ თუ არა არის გამოსული, არ მჯერაო.
„თუ ადრე როგორღაც ამოღერღა, რომ დემონსტრანტების წამებას ჰქონდა ადგილი, ახლა ესეც გადათქვა და გაიძახის, რომ წამებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია.
„თუ გუშინ და გუშინწინ ვინმეს კიდევ სჯეროდა, რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის რეჟიმის მიერ დაქირავებული ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა.
„ძალიან სიმბოლური იყო, ლევანი რომ ე.წ. „სახალხო დამცველად“ რუსული კანონის მიღების დღეს აირჩიეს, მისი განუყოფელი ნაწილია.
„ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა, ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია“, - წერს მელია „ფეიბუქზე“.
პასუხი კრიტიკაზე
თავად იოსელიანი ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მის მიმართ გაკეთებული შეფასებები, „თითქოს თვალს ხუჭავს მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე“.
ამის შესახებ იოსელიანი „ფეისბუქზე“ წერს და აქციების მიმდინარეობის პერიოდში მის მიერ გაკეთებული განცხადებების ბმულებს აქვეყნებს.
„დღეს ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი. მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
„იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემს მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ.
„რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, ვინაიდან არ წარმოვადგენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა. არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ.
„რაც შეეხება საარჩევნო უფლების დარღვევის ფატებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდშიც ვაფიქსირებდი და შესაბამის რეაგირებას ვახდენდი ყველა ფაქტზე. იდენტიფიცირებული გვაქვს 110 სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული. ამის დასტურადაც შესაბამისი განცხადებების ბმულებს ვურთავ.
„და ბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
„P.S. შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი“, - წერს იოსელიანი.
როგორი ომბუდსმენია იოსელიანი
პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სახალხო დამცველი, როგორც წესი, ხელისუფლების მოქმედებებს უნდა მიუდგეს კრიტიკულად და არა საზოგადოების ან ოპოზიციის ქმედებებს. ამ თვალსაზრისით კი, მისი შეფასებით, იოსელიანი „ერთ-ერთი ყველაზე უარესი“ ომბუდსმენია.
„რა თქმა უნდა, ოპოზიციის პრეტენზიები ლევან იოსელიანთან დაკავშირებით სამართლიანია. იოსელიანი უფრო აქტიური უნდა იყოს, რაღაც მიზეზებს კი არ უნდა ეძებდეს, თუ როდის თქვას უარი და რაღაც საკითხი ეჭვქვეშ როდის დააყენოს, არამედ ის უნდა ეძებდეს სადაა ხელისუფლების გადაცდენები. პრაქტიკულად, ის ცდილობს სადაც საეჭვო ადგილებია, „ოცნების“ მხარე დაიჭიროს, რაც არასწორია. სადაც საეჭვო ადგილებია, სწორედ იქ უნდა დაიჭიროს ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიცია. ეს ომბუდსმენის მთავარი ამოცანაა.
„ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოში და ევროპაში იმისთვის შემოვიდა, რომ სასამართლომდე არ მივიდეს საქმე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ და იქამდე მოჰყვეს რეაგირება. ომბუდსმენის პრობლემა არ უნდა იყოს შეცდომა. თუ ადამიანის უფლების დაცვაში შეეშალა, ეს ტრაგედია არაა, გამოასწორებს ამას და თუ არ იყო შეცდომა დაშვებული ადამიანის უფლების დაცვაში, გაირკვევა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ის ხელისუფლების მხარეს იჭერს მაშინ, როცა ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს უნდა იდგეს.
„მისი განცხადება იმაზე, რომ ვერ დარწმუნდა არჩევნების გაყალბებაში, ძალიან თვალში საცემი და მიუღებელია, მითუმეტეს, რომ სასამართლომ დაადგინა ეს. ამას გვერდს როგორ უვლის? ასევე ის (განცხადება), რომ წამების ფაქტები არ დადასტურდა, ყოვლად მიუღებელია, რადგან ასობით ადამიანი შეგნებულად დასახიჩრებულია და ამ მიზანმიმართულ ზემოქმედებებს ვერ ხედავს.
„ალბათ ოპოზიციაც სწორედ ამ მიზეზების გამო დაუპირისპირდა მას. მე მიაჩნია, რომ იოსელიანი არის ერთ-ერთი ყველაზე უარესი ომბუდსმენი საქართველოში, რაც ძალიან სამწუხაროა. მან უნდა გაიგოს, რომ საეჭვო ვითარება ადამიანის უფლებების მხარესაა და არა მთვრობის. თუ რაღაცაში ეჭვი ეპარება, კეთილი ინებოს და ხელისუფლებას შეუტიოს და არა საზოგადოებას. შეიძლება ყველა ფაქტი ხელთ არ ჰქონდეს, ვინაიდან არ არის გამომძიებელი და მოსამართლე, მაგრამ ეჭვი შეეპაროს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს უფრო ბუნებრივია ომბუდსმენის მხრიდა, ვიდრე ეჭვი შეიტანოს საზოგადოებაში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან“.
გია აბაშიძის აზრით კი, იოსელიანი ნორმალურად მუშაობს, ისე, როგორც უნდა მუშაობდეს სახალხო დამცველი.
„ლევან იოსელიანის და ნებისმიერი სახალხო დამცველის მუშაობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ობიექტურია მიმდინარე პრობლემების და გამოწვევების შეფასებაში. ჩვენ გვახსოვს, რომ ამ ინსტიტუციის მხრივ ძალიან ცუდი გამოცდილება იყო ნინო ლომჯარიას დროს, როდესაც ის პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ ე.წ. მესიჯბოქსით ლაპარაკობდა. ასევე ისიც გვახსოვს, როცა ის ციხეში შედიოდა, მას პატიმრები უსტვენდნენ და უყვიროდნენ, მგონი სახალხო დამცველის ისტორიაში ეს არ მომხდარა. ამასაც ჰქონდა თავის მიზეზი იქიდან გამომდინარე, რომ ის მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჩინოსნებთან მიდიოდა და არ ნახულობდა იმ პატიმრებს, რომლებსაც შესაძლოა ნუგეში და შვება სდომებოდათ.
„ლევან იოსელიანთან დაკავშირებით ასეთი რაღაც არაა. ის ბოლო ხელოვნურად ორკესტრირებული კრიტიკა, რაც მომდინარეობს რადიკალების მხრიდან, გასაკვირი არაა. მან თქვა ის, რაც არა მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, არამედ საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა - რომ გვანახეთ მასობრივი გაყალბების კონკრეტული მაგალითები. ამაზე პასუხი, რომ ეს საია-ს განცხადებებში თუ სხვაგანაა, სერიოზული არგუმენტები არაა. ლევან იოსელიანმაც ზუსტად ის თქვა, რომ სად არის ამის მტკიცებულება... აქციები კი, რომელიც იოსელიანის ოფისთანაა, თავის მასშტაბურობით ცოტა არ იყოს სასაცილოა, როგორც სხვა ე.წ. საპროტესტო აქციები.
„მე არ მივეკუთვნები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ქება-დიდებით აავსებს ნებისმიერ ჩინოსანს, თუნდაც სახალხო დამცველს. მისი მუშაობით და მისი ობიექტურობით გამოჩნდება ეს. თუ ის ამ ობიექტურობას შეინარჩუნებს, კი, ბატონო, ნამდვილად შესაქებია, მაგრამ მე მას კონკრეტულად ნინო ლომჯარიას ვადარებ, რადგან ის აბსოლუტურად დამაზიანებელი იყო სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის.
„ასე რომ, იოსელიანი ნორმალურად მუშაობს, ისე როგორც უნდა მუშაობდეს სახალხო დამცველი. რადიკალები კი მას იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ მათ დღის წესრიგში ვინც არ ჯდება, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, აუცილებლად თავს უნდა დაესხნენ სხვადასხვა პლატფორმებიდან. ეს გასაკვირი არაა, რადგან, მოგეხსენებათ, პოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში“, - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე