„ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში 14 დეპუტატის მიერ შეტანილ ინიციატივას, უფრო ზუსტად ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება, პოლიტიკური განცხადებები კეთდება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გარეშე ძალების მიერ უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილებები ვერასდროს იდგება იმაზე მაღლა, ვიდრე ქართველების ეროვნული ინტერესები. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს ივანიშვილისთვის დიდი დარტყმაა, რადგან ის ათზე მეტ ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ კუნძულებზე ფლობს.
„ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში გამოთქმულია „უკიდურესი შეშფოთება", რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, „დიფ სთეითმა", იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, „ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი".
„ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა", იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა" დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა", ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა", - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსი და იურისტი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ათზე მეტ ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ კუნძულებზე ფლობს, რომლითაც როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც სხვადასხვა კომპანიებს განკარგავს.
„ათზე მეტი ოფშორული კომპანია გააჩნია ივანიშვილის ამ ზონაში. ეს არის ოფშორული კომპანიები, რომელიც აფინანსებენ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს", რომლის ანგარიშებიც დღემდე გასაიდუმლოებულია და არ ვიცით, რა ტიპის მაქინაციებს შეიძლება ახორციელებდეს ივანიშვილი. ამავე ზონაში არის რეგისტრირებული ოფშორული კომპანია, რომლის მეშვეობითაც ის ვანო ჩხარტიშვილთან ერთად მართავს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. ყველა ის ოფშორული კომპანია, რომელიც მისი ქონების უდიდეს ნაწილს განკარგავს და საკუთრებაში აქვს, მოქცეულია ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულებზე. ის, რომ მათი რეაქციები იყო გაცილებით მსუბუქი აშშ-თან დაკავშირებით, საფრანგეთის სანქციებთან, ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით, პირველი, არ აღელვებთ არცერთი სანქცია, რომელიც არ ეხება ივანიშვილს და მეორე, ბრიტანეთის იურისდიქციაში ივანიშვილს გაცილებით დიდი ფინანსური ზიანი შეიძლება მიადგეს დასანქცირებისას, ვიდრე ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში", - ამბობს აბესაძე.
პოლიტიკური შეფასებები
„ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა ბრიტანეთმა ამ ტიპის გადაწყვეტილება არ მიიღოს, თუმცა თუ ასე მოხდა მისივე თქმით, ძალიან ცუდი იქნება. მოლოდინი აქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება.
„არ მგონია, რომ ბრიტანეთმა ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება", - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას შევადარებთ პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება უფრო მძაფრი იყო დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით და ეს ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე რამდენიმე ოფშორულ კომპანიას ფლობს, რომლითაც ბიზნესს მართავს, კალაძე ამბობს, რომ „ეს არაფერ შუაში არ არის".
„ეს არაფერ შუაში არ არის. ოფშორული კომპანიები რა შუაშია? ადამიანს მთელი ამ წლების განმავლობაში აშანტაჟებდნენ, რომ ქვეყნის ინტერესები დაეთმო. მას აშანტაჟებდნენ თავისი პირადი თანხებით. იცით თქვენ, რომ დავა მიმდინარეობდა შვეიცარიის სასამართლოში, მან ეს დავა მოიგო, თუმცა თანხას არ უბრუნებენ და აშანტაჟებდნენ, რომ მას შესაბამისი ნაბიჯი გადაედგა და შემდეგ ამას მოჰყვა დასანქცირება. საბოლოო ჯამში, დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა, ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს და ასევე, ვერანაირი სანქციებით შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების" წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ თემთა პალატაში შეტანილი ივანიშვილის დასანქცირების ინიციატივა უსამართლო გადაწყვეტილებაა.
„უსამართლო გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, თემთა პალატა, მიუხედავად კონკრეტული დეპუტატების ინიციატივისა, ამ ინიციატივას არ გაითვალისწინებს და არ მიიღებს. ეს პროცესი, წლებია, გრძელდება, ვერანაირი სანქცია ვერც თავის დროზე, ვერც ახლა და ვერც მომავალში ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ემსახუროს", - განაცხადა ბოჟაძემ.
„გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთის ანა ბუჩუკურის განცხადებით კი, „მითი, რომ თითქოს, ივანიშვილი უძლეველია, საპნის ბუშტივით გასკდა".
„დაძრული არის და საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებები ვნახეთ. მითი, რომელზეც იდგა პარტია და პარტაქტივი, რომ თითქოს, უძლეველია ივანიშვილი, ეს მითი საპნის ბუშტივით გასკდა. როგორც არ უნდა ეცადოს, პარალელური რეალობა შექმნას ივანიშვილმა, რომ 20 იანვრიდან რაღაც შეიცვლება, ესეც გასკდება საპნის ბუშტივით", - ამბობს ბუჩუკური.
კოალიაცია „ცვლილებებისთის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილის მიმართ სანქციების რეჟიმი გამკაცრდება.
„სანქციების რეჟიმი გამკაცრდება ივანიშვილის წინააღმდეგ. ამერიკული სანქციები მას დაუწესდა როგორც მილიარდერ ადამიანს. მას აკრძალული აქვს ამერიკული დოლარით ტრანზაქციების შესრულება. ანუ, ის ვერ ივაჭრებს, ვერაფერს ვერ იყიდის. ეს პროცესი ძალიან თანმიმდევრულია და გულისხმობს ხალხის მხარდაჭერას საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ მოწოდებები გადაიქცევა კონკრეტულ გადაწყვეტილებებად და შემდეგ, ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება", - თქვა მელიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე