გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პარლამენტი ავრცელებს. პარალელურად, ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ „ოცნების" კრიტიკა არ წყდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნებას" უახლოეს მომავალში „საინტერესო სიურპრიზები" ელოდება, მმართველ პარტიაში კი ტრამპის „პოლიტიკის გადატვირთვას" ელოდებიან. დაიძრება თუ არა სანქციების მორიგი ტალღა „ოცნებისკენ", ჯერ უცნობია.
ამ მხრივ მოვლენების განვითარების სამი ვარიანტი არსებობს - მკაცრი სანქციების რეჟიმი და კავშირების სრული გაწყვეტა, არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება ან, ასე ვთქვათ, შუალედური ვარიანტი - მსუბუქი წნეხი დასავლეთიდან და ინტეგრაციის ფაქტობრივი გაყინვა.
რადიო „თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სწორედ ამ უკანასკნელი ვარიანტისკენ იხრება. თავის საავტორო სტატიაში წერს, რომ ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა საქართველოში ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ხაზს უსვამს ევროკავშირთნ „გაყინული" ურთიერთობის გაგრძელებაზე და ამბობს, რომ ევროკავშირში ერთიანი პოზიცია თბილისთან მიმართებით, ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესი.
„თითქმის დანამდვილებით რაც ვიცით, არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინული დარჩება. ევროკავშირში ჯერაც არა აქვთ ერთიანი პოზიცია, როგორ უნდა მოიქცნენ თბილისთან მიმართებით, რომელსაც მმართველი „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დემოკრატიის უკანდახევაში ადანაშაულებენ. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებზე სანქციების დაწესებაზე, როგორც ეს აშშ-მა გააკეთა, კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკმაოდ სიმბოლური პროცესი. სავარაუდოდ, არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის საკამათო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც არც თავისუფალი და არც სამართლიანი.
„ბრიუსელში ახლა მიიჩნევენ, რომ საქართველო აღმოჩნდება თურქეთის მსგავს მდგომარეობაში - ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატია, რომლის წევრობის გზაც არსებითად გაყინულია", - წერს რიკარდ იოზვიაკი სტატიაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. უცნობია, იყვნენ თუ არა „ოცნების" წევრები ღონისძიებაზე მიწვეულნი.
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთი აცხადებს, რომ მათ „ოცნების" სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი კარგად ვერ შეაფასეს. კითხვაზე, სად დაუშვა დასვალეთმა შეცდომა „ქართული ოცნების" შეფასებისას, როთი მედიის კითხვას პასუხობს:
„ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ვერ გავაცნობიერეთ, ოლიგარქის ხელში პარტია ჩვენს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვერასდროს დააკმაყოფილებდა. მკაფიოდ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება" ჩემი პარტიის ოჯახს მიეკუთვნებოდა. კარგი თანამშრომლობა გვქონდა, ისინი ჩვენს პარტიულ ყრილობებს ესწრებოდნენ. „ქართული ოცნება" ევროკავშირში პროგრესული პარტიების, სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტების პარტნიორი იყო. ეს 2012 წელს დაიწყო და, რა თქმა უნდა, გვახარებდა ის, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები იყო და გვქონდა შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიას სურდა და შეეძლო ქვეყანა სწორი მიმართულებით წარემართა," - განაცხადა როთმა.
ხაზგასმით ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი „ოცნებას" შანსს აძლევდა.
„ჩვენ „ქართულ ოცნებას" შანსი მივეცით და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვა, რომ ისინი ჩვენს სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში აღარ მიგვეღო," - განაცხადა როთმა.
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „იმედგაცრუებულია", ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი „ახალი სამართლიანი არჩევნებია".
„ვერ ვხედავ, რომ აქ, თქვენს ქვეყანაში, მოვლენები სწორი მიმართულებით იცვლება: სწორი მიმართულებაა ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიის გაძლიერება, კრიტიკული ხმების დაცვა. მე ვერ ვხედავ ამ ცვლილებებს, ამიტომ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება."
ცნობილი ხდება, რომ ბრიტანეთის თემთა პალატას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისა მიმართ წარედგინა წინადადება, რომელსაც ჯერჯერობით პალატის 13 წევრი აწერს ხელს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალთა გადამეტების გამო".
ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნებას" მალე საინტერესო მოულოდნელობები ელოდება. „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საუბრობს ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ მოსალოდნელ სანქციებსა და ახალი არჩევნების ჩანიშვნის პერსპექტივებზე.
მმართველ პარტიაში ტრამპის ინაუგურაციას „პოლიტიკის გადატვირთის" იმედით ელოდებიან, ამბობენ, რომ ყველაფერი ინაუგურაციის შემდგომ გამოჩნდება.
„რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აფასებს როთის განცხადებას.
„როთის რიტორიკა ახალი არაა, ის რომ ამდენს იცლის საქართველოსთვის, ეს თავის მხრივ ბადებს კითხვებს. თვეში ორჯერ ჩამოდის, თითქოს გერმანიას საკუთარი სააგრეო პოლიტიკური პრობლემები არ ჰქონდეს. მისი განაცხადი რომ გავაანალიზოთ, ჩნდება კითხვა, რა უნდა იყოს ახალი არჩევნების საფუძველი? ვიდრე ამ არჩევნების გაყალბება არ დამტკიცდება დოკუმენტალურად, ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა არალეგიტიმურია. მე ვერ ვხედავ ქვეყანაში მწვავე და აქტიური კრიზისის ნიშნებს, რომ ეს გახდეს ხელისუფლებისთვის ახალი არჩევნების ჩატარების მოტივატორი."
ანჯაფარიძე აფასებს ოპოზიციის მოლოდინებს, რომ „ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ „ოცნებას" სიურპრიზები ელოდება".
„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას რამდენიმე თვე სჭირდება რეგიონის და, კონკრეტულად, საქართველოს მიმართ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. შესაბამისად, ეს მყისიერად, ინაუგურაციის შემდეგ, არ მოხდება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტთა ნუსხაში საქართველო ნამდვილად არ დგას მოწინავე ადგილზე. ასე რომ, მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ ყველაფერს," - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მხოლოდ კონკრეტული სენატორების პოზიციებს აჟღერებს, რომლებსაც შეხვდა და ისე ხატავენ სურათს, რომ თითქოს ყველა ასე ფიქრობს. კითხვაზე, დაასანქცირებს თუ არა ევროპა ივანიშვილს, გვპასუხობს:
„რადგან სანქციების მატარებელი უკვე დაძრულია, მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ახალი სანქციებიც იყოს," - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე