კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ამერიკაში ვიზიტისას, სენატორ როჯერ ვიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სიურპრიზებს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უნდა ველოდოთ. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ინფორმაციით, თემთა პალატაში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შუამდგომლობა შევიდა. ანალიტიკოსების მოსაზრებები პროცესების განვითარებაზე სხვადასხვაგვარია.
"ეს არაფერს ნიშნავს და მიუხედავად იმისა, როგორი დროებითი, უშედეგო ქარიშხლებია მომართული საქართველოს მიმართ, ქვეყანა აგრძელებს სუვერენიტეტის ბოლომდე დაცვას", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ თუ დონალდ ტრამპის ყურადღება გრენლადიაზე, მექსიკაზე და აშშ-ის მიმდებარე ტერიტორიებზე არ გადავიდა, მოსალოდნელია „ოცნების" მიმართ მკაცრი ზომების მიღება:
„აქ არის ერთი რამ, თუ ტრამპმა პრაქტიკაში მართლაც განახორციელა, რომელიც გრენლადიას და მექსიკის ყურეს უკავშირდება შეიძლება ამ შემთხვევაში აშშ-ის ყურადღების ფოკუსირება მოხდეს დასავლეთ ნახევარსფეროზე და ამერიკის მიმდებარე ტერიტორიებზე".
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში მიმდინარე პროტესტს.
„უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს „ქართული ოცნებისთვის" და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს!
ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები - ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული პრესინგით და ნაბიჯებით „ქართულ ოცნებაზე". ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმება ინაუგურაციის შემდეგ.
შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები, ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით, საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცეს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან",- განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო, გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში.
„პალატა აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს საქართველოსთან გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვისკენ და რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად ევროკავშირელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ. პალატა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
გია აბაშიძე ფიქრობს, რომ უახლოეს კვირებში თუ არა, გარკვეული პერიოდის შემდეგ „ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა შეწყდება.
„რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთში მათი ცალკეული მფარველები მაქსიმალურად ცდილობენ „ქართული ოცნების" ხელისუფლების დაზიანებას, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა არაერთხელ თქვეს, რომ რეალური სანქციები ივანიშვილების ოჯახს დაუწესა შვეიცარულმა თაღლითურმა ბანკმა, როცა მათი მილიარდები მიიტაცა და დღემდე არ არის დაბრუნებული მიუხედავად სასამართლო განჩინებებისა. რაც შეეხება ამ სანქციებს, აწესონ. თუმცაღა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ჩანს, ეს არაფერს ნიშნავს და მამუკა ხაზარაძე, ან ცალკეული კონგრესმენები რა ინიციატივებს დააყენებენ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ შეიძლება იყოს შუამდგომლობები, რაღაც კანონპროექტები, რეზოლუციები და ა.შ. ასეთი პოლიტიკური კინომატოგრაფია აქამდეც გვინახავს, მაგრამ ამას არანაირად უმოქმედია იმაზე, რომ „ოცნებას" არ დაეცვა ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და არ ყოფილიყო არავის ვასალი. ასე რომ, ეს პროცესები გაგრძელდება. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს 21 იანვარს, ან 21 თებერვალს შეწყდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ უცხოელ აქტორებს რაღაცაზე გაჩუმება და რაღაცის უკან გაწვევა მოუწევთ. მმართველ გუნდში და მის მხარდამჭერებში ვერავინ დაბულინგდება ამ სამარცხვინო სანქციებით. ისიც გავიხსენოთ, სანქციებირომ დროებითი დაუწესეს ტრამპის მეგობა, ვიქტორ ორაბნის ერთ-ერთ ახლო თანამოაზრეს. ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს და მიუხედავად იმისა, როგორი დროებითი, უშედეგო ქარიშხლებია მომართული საქართველოს მიმართ, ქვეყანა აგრძელებს სუვერენიტეტის ბოლომდე დაცვას", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ნიკა ჩიტაძის აზრით, დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა „ქართული ოცნების" ქმედებებზე ინფორმირებულია და ამიტომ მისივე ვარაუდით, „ოცნების" ხელისუფლებაზე ზომებს მიიღებენ.
„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თვითონ ტრამპის გარემოცვაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ, მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეულ ზომებს მიიღებს ბიძინა ივანიშვილის და მისი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ. მითუმეტეს, ჯო უილსონმა ახსენა, რომ ტრამპი ინფორმირებულია ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტის შესახებ და ასევე, იმაზე, რომ დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ჩინეთს გადასცეს სტრატეგიული ობიექტი, „ოცნების" რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ და ა.შ. ამიტომ რასაკვირველია, მოსალოდნელია, რომ ტრამპი მკაცრ ზომებს გაატარებს. თუმცაღა აქ არის ერთი რამ, თუ ტრამპმა პრაქტიკაში მართლაც განახორციელა, რომელიც გრენლადიას და მექსიკის ყურეს უკავშირდება შეიძლება ამ შემთხვევაში აშშ-ის ყურადღების ფოკუსირება მოხდეს დასავლეთ ნახევარსფეროზე და ამერიკის მიმდებარე ტერიტორიებზე", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე