ნატალია ჯვარიძე
(16.01.2025)

თავდასხმები ცოცხლად და ვირტუალურად, პოლიტიკოსების ხელჩართული ჩხუბი, ბულინგი და პოლარიზაცია. ქვეყანაში ღრმავდება, ვითარება სულ უფრო იძაბება. მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად უპირისპირდებიან ერთმანეთს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მავანი უკვე სამოქალაქო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. ზოგი იმასაც ვარაუდობს, რომ თუ სიტუაცია არ ჩაწყნარდა, ქვეყანაში დაწყებული ესკალაცია შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

„მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ესკალაცია იზრდება და კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. გუშინდელი ფაქტორიდან გამომდინარე, კრიზისი ღებულობს, შესაძლოა მართულს, მაგრამ მაინც სამოქალაქო დაპირისპირების სახეს. ღმერთმა გვაშოროს, ჯერჯერობით და აქამდე არ მივსულვართ, თუმცა პროცესი თუ ასე გაგრძელდება, საბოლოო ჯამში აქამდეც მივალთ, რაც ქვეყნისთვის და ყველა პოლიტიკური ძალისთვის იქნება კატასტროფა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვას, რომელიც 15 იანვარს 15:00 საათზე დაიწყო და რომელშიც კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები მონაწილებდნენ, მშვიდ გარემოში არ ჩაუვლია. დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხები დაუშინეს. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ესენი მერიის თანამშრომლები იყვნენ.

თავდასხმის მსხვერპლი „გახარია-საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარიაც გახდა. მას 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" "ოცნების" პოლიტიკოსები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც გახარია კლინიკაში გადაიყვანეს.

გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძეზე. მასა. ისევე როგორც გახარიას, „ქართული ოცნების" წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა კი სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს წინა დღით მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა" უწოდა.

რა პროცესებია მოსალოდნელი

„გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ცოტა ხანში ვიღაცა ვიღაცას სრულიად დამსახურებულად დაუხვრიტავს კოჭებს და მერე უფრო გართულდება.90-იანებშიც ასე იწყებოდა", - დაწერა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით, თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება, შესაძლოა სამოქალაქო ომის წინაშე აღმოვჩნდეთ,

„მთლიანად ბოლო პერიოდში, მოყოლებული სასამართლო პროცესებიდან, რომელიც აქტივისტების წინააღმდეგ გაიმართა, შემდეგ ამას მოჰყვა მოსამართლეთა ქეიფი რესტორან „ბაბილოში" და იქ საპროტესტო გამოსვლები, მერე აბუ-დაბიში განვითარებული მოვლენები, გიორგი გახარიაზე თავდასხმა და ბოლოს გუშინდელი თავდასხმა გაფიცულების მისამართით, თუ ამ ყველაფერს დავაკვირდებით და შევაფასებთ, ერთი ლოგიკური დასკვნა კეთდება და ეს არის ის, რომ დაპირისპირება იზრდება და კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. გუშინდელი ფაქტორიდან გამომდინარე, კრიზისი ღებულობს, შესაძლოა მართულ, მაგრამ მაინც სამოქალაქო დაპირისპირების სახეს. ღმერთმა გვაშოროს, ჯერჯერობით აქამდე არ მივსულვართ, თუმცა პროცესი თუ ასე გაგრძელდა, საბოლოო ჯამში აქამდეც მივალთ, რაც ქვეყნისთვის და ყველა პოლიტიკური ძალისთვის იქნება კატასტროფა. პირველ რიგში ამ თემაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც აქვს ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ სიტუაცია გააკონტროლოს, დაარეგულიროს და ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს. ჯერჯერობით, რასაც მე ვუყურებ, ხელისუფლება ამისთვის მზად არაა და ის შეეცდება ამ ძალისმიერი მეთოდებით პროტესტი ჩაახშოს, ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამ ეტაპზე ყველაფერი აქეთ მიდის, ვნახოთ მომავალში ხელისუფლება რა ნაბიჯს გადადგმს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, ესკალაცია სავსებით რეალურია.

„რა პროცესებია და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ცოტა რთული სათქმელია, რადგან გახარიასთან პრობლემა ორივე მხრიდან იყო, თუმცა პრინციპში, ალბათ დეტალურ გამოძიებაში ფიზიკური ძალის გამოყენებაა მთავარი და არა სიტყვიერი შეუარცხყოფა. რაც შეეხება ქუჩის პროცესებს, საქართველოში ძნელია იმის თქმა, ქუჩაში რატომ იწყება ჩხუბი, რადგან ვიცით, ჩვენთან შეიძლება ისეთი ჩხუბი დაიწყოს, რომ ერთმა მეორე სასიკვდილოდ გაწიროს. ეს ყველაფერი რთული შესაფასებელი ასევე იმიტომაა, რომ აქ კიდევ სხვა პრობლემები იკვეთება. მე იქით არ გავსულვარ, თუმცა ჩემი მეგობარი ავტობუსით ბრუნდებოდა, ავტობუსმა მარშრუტიდან გადაუხვია და წრეები დაარტყა იმის გამო, რომ ქუჩები გადაკეტილი იყო. ეს ყველაფერი მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის. ბუნებრივია, ვისაც ეს პრობლემა ექმნება, მათმა ნაწილმა ჩხუბი დაიწყოს. უფრო ზუსტად, ზოგიერთმა შეიძლება სიტყვიერად გამოთქვას თავისი უკმაყოფილება, მერე მას სხვა უპასუხებს და ეს გადაიზრდება ჩხუბში, რა უნდა ამას", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე