აშშ და სომხეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ფაშინიანი წერს, რომ ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა „მთავარ ეტაპს" აღწევს და საქართველოსთან პარტნიორობაზე საუბრობს. ლავროვი „3+3" ფორმატის გააქტიურების მოთხოვნით გამოდის, ხოლო ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოლოდინში ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე საუბრობენ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.
სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ბოლო დროს კურსი დასავლეთისკენ აიღო. სომხეთის მთავრობამ 2025 წლის 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ", ხოლო გუშინ, 14 იანვარს, ოფიციალურად გახდა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი.
ფაშინიანი ამბობს, რომ რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობა ახლა ყველაზე მეტად არის „პრაქტიკული".
„ახლა უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ოდესმე. ვცდილობთ, ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე განვავითაროთ".
ფაშინიანი საუბრობს თურქეთსა და აზერბაიჯანთან მიღებულ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ „სომხეთი მხარს უჭერს მშვიდობას".
„ირანთან ურთიერთობა ბუნებრივ ინტერესებზეა დაფუძნებული, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველსა და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, რაც ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს ქმნის. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა", - წერს ფაშინიანი.
რა ხდება დღეს სამხრეთ კავკასიაში
თურქეთი დღეს ჩართულია „მდუმარე კონფრონტაციის რეჟიმში" ყველასთან, გარდა სირიისა. ირანის გეოპოლიტიკური ამოცანები, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა, იგულისხმება „შიიტური სარტყელი" - ბეირუთიდან იემენამდე, რაც ამერიკამ და ისრაელმა დაშალეს. აზერბაიჯანმა „ყარაბაღის ომის" შემდეგ ვერ მიიღო შედეგები, რასაც ომის შემდეგ ელოდა სომხეთიდან. ხოლო რუსეთი საომარ მოქმედებაშია ჩართული.
კითხვაზე, რა გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი ყალიბდება სამხრეთ კავკასიაში გლობალური ცვლილებების ფონზე, მამუკა არეშიძე გვპასუხობს:
„ჩვენ რეგიონში არანაირი ძალთა ბალანსი აღარ არსებობს, ახლა ყველა ცდილობს თავისი სამხედრო პოტენციიდან გამომდინარე პოლიტიკური ამოცანები გადაწყვიტოს. ამ ვითარებაში საქართველო, ფაქტობრივად, ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა, რადგან გვაქვს გაურკვევლობა საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ამიტო ძალთა ბალანსის ცვლილებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია".
არეშიძე საუბრობს 3+3 ფორმატის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეს პლატფორმა ვერასდროს ამუშავდა: „არის რუსეთის მიერ ამუშავებული პროგრამა, რომელიც თურქეთს გაახმოვანებინეს".
მამუკა არეშიძე კითხვაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს ჩაანაცვლოს საქართველო, როგორც „მეორე რანგის" მოთამაშე ევროპულ გზაზე, ამბობს, რომ „არ შეუძლია" და რომ სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.
გარდა ამისა, სომხეთი-აზერბაიჯანის პოლიტიკური ვითარება მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს, რადგან აზერბაიჯანი დღეს დასავლეთის აზრს არ ითვალისწინებს. ერთადერთია აშშ, რომელსაც გარკვეულ ანგარიშს უწევს, ხოლო აშშ-ს პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, მიუხედავად სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა, მკაფიო არაა.
ყარაბაღის ომის შემდეგ დოკუმენტში, რომელსაც სომხეთმა ხელი მოაწერა, სადავო ტერიტორიას, ზანგეზურის დერეფანს, გააკონტროლებდა მესამე ძალა. ასე რომ, ერევნისა და ბაქოს აღქმები განსხვავებულია: აზერბაიჯანი თვლის, რომ ეს ტერიტორია უნდა აკონტროლოს ან თურქეთმა, ან თვითონ, ხოლო ერევანი ფიქრობს განსხვავებულად".
გაინაწილებენ თუ არა ტრამპი და პუტინი გავლენის სფეროებს
არეშიძე აღნიშნავს, რომ პროგნოზი რთულია, თუმცა, იმედოვნებს, რომ „ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუ რუსეთი და აშშ მოილაპარაკებენ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ იმ სავაჭრო გზების კონტროლში, რომელმაც მომავალში აქტიურად უნდა გაიაროს სამხრეთ კავკასიაში.
თუ ეს ორი ლიდერი ხელშეუხებელი ზონის მონიშვნას შეძლებს, საუკეთესო სცენარი გათამაშდება. სხვა შემთხვევაში ეს გზები ვერ იმუშავებს და ეს იქნება დამღუპველი რეგიონისთვის", - დასძინა მამუკა არეშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე