„შარლ მიშელი 2" არ იქნება - იქნება მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, იმ პირობით, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები", - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განცახადა. ანალიტიკოსების ზოგიერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საჭიროა მოლაპარაკება, ოღონდ არა პატიმრების გათავისუფლებაზე, არამედ ახალი არჩევნების ჩატარების პირობებზე. სხვათა აზრით კი, ოპოზიციის ნაწილი თებერვალში უკვე დათმობისკენ წავლენ.
„პატიმრების გამოშვებას მოლაპარაკება კი არ სჭირდება, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გაათავისუფლონ. ახალ არჩევნებს კი, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება დასჭირდება, რაზეც ოპოზიცია მზად უნდა იყოს", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ოპოზიციას არ აქვს იმხელა პრინციპულობა, რომ ბოიკოტი გააგრძელონ, ამიტომ ის ვარაუდობს, თებერვლისკენ მათი ზოგიერთი ნაწილი პარლამენტში შევა:
„რატომ მოხდა ის, რომ ნიკა გვარამიას პარტიის გარდა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა დაფინანსება ბიუჯეტიდან? სად არის აქ ბოიკოტი და პრინციპულობა? ამიტომ არის ის მოლოდინი, რომ იანვარში თუ არა, თებერვალში რაღაც მოტივით და საბაბით რადიკალების ზოგიერთი ნაწილი მაინც შევლენ პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო ცხოვრებაში".
ირაკლი კუპრაძის თქმით, ოპოზიცია და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ამ მიმართულებით მუშაობა, მათ შორის საერთაშორისო ველზე აქტიურად მიმდინარეობს.
„პროდასავლური ოპოზიცია ერთობლივად, კოორდინირებულად საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მთავარ, ძირითად საკითხებზე ვმუშაობთ. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შესაბამისი, სწრაფი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ინსტიტუტებთან დაკავშირებით.
იმისთვის, რომ ეს არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. მთავარი, საწყისი წერტილი ცვლილებებისთის იქნება პოლიტიკური ნება და კრიზისის მიერ გამოწვეული იძულება „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილისა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.
სხვა მხრივ, ჩვენ მათთან რაიმე ტიპის საპარლამენტო, საკომიტეტო, რეფორმების ჯგუფში ჩართულობას არ ვაპირებთ. ეს არის გამორიცხული. „შარლ მიშელი 2" არ იქნება. იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, იმ პირობებში, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები.
ეს ორი მოთხოვნა უცვლელი რჩება. მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ უპრეცედენტოდ ქართული, პროდასავლური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი არიან ერთიანები, კონსოლიდირებულები და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. მათ შორის საერთაშორისო ველზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს", - განაცხადა კუპრაძემ.
წავა თუ არა ოპოზიცია დათმობაზე
გია აბაშიძის აზრით, ოპოზიციის ნაწილი იანვარში თუ არა, თებერვალში მაინც შევა პარლამენტში.
„ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობაა და ფაქტია პოლარიზაცია ასულია მაღალ დონეზე. ეს არა მხოლოდ საჯარო სივრცეში ხდება, არამედ საახლობლოშიც შეინიშნება, ვინაიდან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ერთმანეთის მოსმენა არ უნდათ.
„რას იტყვის „ლელოს" წარმომადგენელი თუ სხვა რადიკალი, ამას ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ არჩეულია პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი, დამტკიცებულია სახელმწიფო ბიუჯეტი და ინსტიტუტები მუშაობას განაგრძობენ. იმაზე ფიქრი, რომ მიხაილ როთი რაღაცას მოაგვარებს, ან კონგრესმენი უილსონი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის.
აქ ერთი ძალიან დიდი კითხვაა - მაშ რატომ მოხდა ის, რომ ნიკა გვარამიას პარტიის გარდა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა დაფინანსება ბიუჯეტიდან? სად არის აქ ბოიკოტი და პრინციპულობა? ამიტომ არის ის მოლოდინი, რომ იანვარში თუ არა, თებერვალში რაღაც მოტივით და საბაბით რადიკალების ზოგიერთი ნაწილი მაინც შევლენ პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო ცხოვრებაში.
ეს რაღაც გაფიცვები, რომლებსაც ცოტა სასაცილო სახე აქვს, ალაგ-ალაგ ბოიკოტები და პროტესტები არაფერს ნიშნავს. ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება საკმაოდ პრინციპულია, ტოლერანტულიც და მშვიდად უყურებს იმ რეალისტური მოლოდინით, რომ ადრე თუ გვიან, დაწყნარდება ეს რადიკალიზმი და ვერცერთი გარე აქტორი ვეღარ ჩაერევა ქართული სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეში. ამიტომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა რაღაც ეტაპამდე გაგრძელდება, მაგრამ მილევადი იქნება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მთავარი საგანი ახალი არჩევნების ჩატარების პირობები უნდა იყოს.
„შარლ მიშელი 2" არ იქნება იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა უარი. როგორც პირველ „შარლ მიშელზე" ითქვა უარი და მეტი აღარ იქნებაო, მერეც არაერთხელ გაიმეორა. ასე რომ, „შარლ მიშელი" არ იქნება უკვე „ქართული ოცნებიდან" გამომდინარე და არა ოპოზიციიდან.
თუ თვითონ წავლენ უარზე, გამოდის, რომ თავიანთ პირობებზე არიან უარზე. მოლაპარაკება უნდა იყოს სწორედ ახალ არჩევნებზე. ახალი არჩევნები მოლაპარაკების გარეშე არ ჩატარდება. მოლაპარაკების სხვა საგანი რა უნდა იყოს? ეს არის ერთი - რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, იმიტომ, რომ ვიდრე ისინი ციხეში უსამართლოდ იქნებიან, შეუძლებელია დემოკრატიაზე ლაპარაკი იყოს და მეორე რასაკვირველია, არჩევნების პირობების წაყენებაზე.
„პატიმრების გამოშვებას მოლაპარაკება კი არ სჭირდება, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გაათავისუფლონ. ახალ არჩევნებს კი, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება დასჭირდება, რაზეც ოპოზიცია მზად უნდა იყოს. არ ვიცი რა პირობებს წაუყენებენ, ვინ მივა, რატომ ან როგორ და ა.შ. მერე მზად უნდა ჰქონდეთ ტექსტი ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ხედვით, როგორ ჩატარდება ახალი არჩევნები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს მიაჩნია, რომ ირაკლი კუპრაძის განცხადება ხელისუფლებვისთვის არაფერს წარმოადგენს.
„ვინაა ეს კუპრაძე? ან „ლელო"? რას წარმოადგენენ ესენი? ულტიმატუმებს რომ აყენებენ, ეუთო/ოდირის დასკვნაში გარკვევით წერია, არჩევნები ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ეს თუ ასე იყო, მაშინ როგორ შეიძლება არჩევნები გაყალბებულიყო?
ეს კითხვა მაქვს ამ მართლაც ოდიოზურ ფიგურებთან. და კიდევ ერთი, ვის უწოდებენ პოლიტპატიმრებს? იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდნენ? რომლებიც სახელმწიფო შენობას, საკანონმდებლო ორგანოს უტევდნენ? ხელოვნებისა და კულტურის ძეგლებს წვავდნენ და შეურაცყოფდნენ? და ბოლოს, იმ ჟურნალისტებს უწოდებენ პოლიტპატიმრებს, რომლებიც პირდაპირ, კამერების წინ ცემენ პოლიციელებს?
ის არის საბოლოოდ გაკოტრებული ძალა, რომლიც ერთი ქართული ფილმისა არ იყოს, „გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი რომბივით გაგორებული ფალავნებიო", ასეა აქაც. ამათი სიბინძურეების გამრეცხავი რიონი და ცხენისწყალი ვერ იქნება. ამათ თუ ჩააგდებ შავ ზღვაში და ჩაძირავ, პოლიტიკურად ვლაპარაკობ რა თქმა უნდა, რათა არასდროს არ იტივტივონ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე