ნატალია ჯვარიძე
(15.01.2025)

„გახარია-საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ - თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გუშინ, სასტუმრო „შერატონში" მოხდა, რის შემდეგაც გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძეზე. როგორც ოპოზიციის ასევე, „ოცნების" წარმომადგენლები გმობენ ძალადობას და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია გამოძიება.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების" წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

„სასტუმრო „შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: „მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე". დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია.

წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, „რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდასთან და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი ჩემგან გაეცილებინათ. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - აღნიშნავს ქორიძე მედიასთან.

„გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ამ ფაქტზე აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, განცხადებაში აღნიშნულია მოთხოვნები, რომ დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა.

„აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება", - წერს მეზვრიშვილი.

პოლიტიკური შეფასებები

„ქართული ოცნების" დეპუტატის ლადო ბოჟაძის განცხადებით, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს კონფლიქტია, რომელიც მისივე თქმით, მიუღებელია.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, როგორც გახარიასთან, ასევე ზვიად ქორიძესთან მომხდარ კონფლიქტზე დაწყებულია გამოძიება, ის გამოძიების შედეგებს ელოდება, ამჟამად კი მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიით გავრცელდა.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია,რომ ძალადობა მიუღებელია და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაგმობი - დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც ორივე საქმეზე დაწყებულია. მე არც გამომძიებელი ვარ და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვარ.

მოხდა დაპირისპირება და ძალადობა, რაც მიუღებელია.

ძალადობა მიუღებელია, რადგან ძალადობა შობს ძალადობას - ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, იქნება ეს მოქალაქე, მედიის წარმომადგენელი, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

„გახარია-საქართველოსთვის" წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და „ამის მტკიცებულება არსებობს".

როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქზე" წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება.

„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს.

ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხევად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად.

მკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ, რომ არ გაუნადგურებიათ",- წერს მეზვრიშვილი.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!

„კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებების და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშესწორებაზე გადავიდა!

„ქართული ოცნების" ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!

გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, „ოცნების" კრიმინალურ ბანდას კი მალე გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან!

ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!", - წერს ხაზარაძე.

ამასთან, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წახალისდეს.

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.

სახლხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

გარდა ამისა, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთიც გამოეხმაურა და „ტვიტერზე" დაწერა, რომ ამ შემთხვევის გამო ის ძალიან შეშფოთებულია.

„ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს როთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე