ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, კერძო სექტორს აძალებენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ
გვანცა წულაია
(14.01.2025)

პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ბიზნესის გამოყენება კვლავ აქტუალურია. საყოველთაო გაფიცვის ორგანიზების მცდელობა საქართველოში, თითქოს, დასრულდა, მაგრამ კერძო სეტორის პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა მაინც გრძელდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია და ბიზნესს ამუნათებენ. 

15 იანვარს 15:00 საათიდან, დამსაქმებლების ნაწილი და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. 

გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება და მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.

გაფიცვას უერთდებიან: "გასტრონომ ჯგუფი", საქართველოს უნივერსიტეტი, „ფაბრიკა", „აი სი არ" ჯგუფი, „ჯეპრა", „8000 მოსავალი", კაფე „რუბი", სოციალური საწარმო „პოტერია", „მზიური", „ეთნოდიზაინი", „ვინტილატორი", სოციალური საწარმო „ბაბალე", „ბილიკი", „ლივინგსტონი", წიგნები ვაკეში, „ფუსფუსი", სმენის სახლი, სმარტ აკადემია, რესტორანი „ქეთო და კოტე", ღვინის ბიბლიოთეკა, „კასტა დივა", „ალგორითმი", „ონვეი", „ალტერსოქსი", „კერამიკო", კაფე ლაილა, ინვეტ ჯგუფი, ნინიას ბაღი, დიფი,  ფუნდუკი, უკვე, „შაქრო ბაბუა", ვარდისფერი მაიმუნი, სულაკაურის გამომცემლობა, ყავის ლაბორატორია და სხვა კომპანიები. 

გაფიცვას არ შეერთებიან, თუმცა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელეს „საქართველოს ბანკმა" და „თიბისი ბანკმა". ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ყოველთვის იცავდნენ და დაიცავენ საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

დაძაბული პოლიტიკური პროცესების პარალელურად გაფიცვაში ჩართვის მცდელობაა ყველა სფეროს მიმართ. ბიზნესის ნაწილი ამას იზიარებს და გაფიცვაში ერთვება, ნაწილი კი - დაძაბულობას ემიჯნება. 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე დარწმუნებულია კერძო სექტორზე ზეწოლა და დამუნათება მიმდინარეობს, ამიტომ ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია. 

„ეს არ არის გაფიცვა, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, რომელიც ემსახურება გარკვეულ ძალთა ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. საერთოდ, იფიცებიან დასაქმებულები და არა დამსაქმებლები. მსოფლიოში არ ვიცი ქვეყანა, სადაც მხვილი ბიზნესის მფლობელები ნებართვას აძლევენ თავიან თანამშროლებს გაიფიცნონ პოლიტიკური მიზნებისთვის.  

მათ ამუნათებენ, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატონ. სიები არსებობდა, 2 400 კომპანიამ მოაწერა ხელი 271 000 ბიზნესიდან, თუმცა ეს არ იკმარეს და მაინც ამუნათებენ, რომ პოზიცია გამოტახონ. ეს არ არის ბიზესის ორგანოზებული გაფიცვა, ეს არის პოლიტიკური ძალების მიერ მათი დაშანტაჟება. დღემდე აშინებენ. 

საკმარისი ინფორმაცია მაქვს, რომ მიმდინარეობს ზეწოლა, მათ შორის გამორჩენის მიზნითაც. როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას ახრხებდნენ კერძო სექტორზე ზეწოლს, ისე ახერხებენ ოპოზიციიდანაც და აქ ალბათ, გარე ძალების მხარდაჭერის შემთხვევებიც არის. 

კლასიკური გაფიცვაა, როდესაც დასაქმებულები იფიცებიან და ითხოვენ სოციალური პაკეტების გაუმჯობესებას, დაზღვევას, ხელფასის მომატებას, სამუშაო დროის შემცირებას და ა.შ. აქამდე ასე იყო, ახლა კი ოპოზიციური პარტია აძალებს ბიზნესს გაფიცვას. წარმოუდგენელი რამ ხდება და ამას არც იმჩნევენ ჩვენი ე.წ. მეგობრები. 

ყველაფრის დანგრევას ცდილობენ. ღირებულებებსა და ტრადიციებს ხომ ყველანაირად გადაუარეს, ახლა მიადგნენ ეკონომიკას, საბანკო სექტორს, რომელიც არის ფინანსური სისტემისა და სახელმწიფო მდგრადობის საძირკველი. 

ეს არის საბოტაჟი, რადგან პირდაპირ ძირს უთხრის ეკონომიკას და აზარალებს მოსახლეობას, რომელიც მხარს არ უჭერს რადიკალზიმს. ოპოზიციის მიერ დაშინებული ბიზნესის მიერ ორგანიზებული ე.წ. გაფიცვა, სინამდვილეში საბოტაჟი. დანამდვილებით ვიცი, რომ აშინებენ და ამუნათებენ", - განუცხადა „რეზონანსს" ამირან სალუქვაძემ. 

ოპოზიციას კარგად ესმის, ბიზნესის გაფიცვა ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის, თუმცა მოწოდებები მაინც არ წყდება. ეკონომისტი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არის ბრძოლა საკუთარი პოლიტიკური ნების გამოსახატავად.

„საერთოდ, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობაა, უცხო არ არის გაფიცვების მოწყობა და ორგანიზება, თუმცა ამ გვარ პროტესტს ხშირად, როგორც წესი, წმინდა ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნები უდევს საფუძვლად:  შრომის პირობების გაუმჯობესება, დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ანაზღაურების გაზრდა და ა.შ. ამ აქციას კი, რომელიც დაანონსებულია, წმინდა პოლიტიკური საფუძველი აქვს და ამიტომ პოლიტიკურ კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ეს არის ბრძოლა საკუთარი პოლიტიკური ნების გამოსახატავად და თავს მოსახვევად გარვეული პირობების დაყენებით. 

15 იანვრის გაფიცვა ეკონომიკური მიზნებისაგან დიდად არის გაშორებული და მას წმინდა პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად", - განუცხადა „რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე