რა გეგმები აქვთ „ოცნებას" და მის ოპონენტებს და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები
ნატალია ჯვარიძე
(14.01.2025)

საახალწლო „პოლიტიკური არდადეგები" პრაქტიკულად დასრულდა და ქვეყანა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას ვითარების მოსალოდნელ მკვეთრ გამწვავებაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ბოლო დღეებში ამის წინაპირობები უკვე გამოჩნდა. განსაკუთრებით დაძაბული კი, მათივე აზრით, აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩენილი პერიოდი იქნება.

„როგორც ჩანს, ყველაფერი ბრუნდება იმავე წრეზე, რასაც ჩვენ ვუყურებდით ნოემბრის შემდეგ, მას მერე, რაც ირაკლი კობახიძის ის ცნობილი განცხადება გაკეთდა და დაიწყო ეს საპროტესტო აქციები", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც პროცესების გააქტიურებას ვარაუდობს და ამის პარალელურად „ქართული ოცნების" მხრიდანაც გარკვეულ ქმედებებს ელოდება:

„მე ასე მგონია, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები უფრო გააქტიურდებიან. თუმცა, მეორეს მხრივ, ხელისუფლება შეეცდება თავის საინფორმაციო კამპანია აწარმოოს და ამ ყველაფერს დაუპირისპიროს ის, რომ თავისი მმართველობა „ნაცმოძრაობას" შეადაროს და ააგოროს შავი პიარი".

უახლოესი დღეების გეგმები

15 იანვრიდან პარლამენტი მუშაობას იწყებს და სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც განიხილავს, იქნება 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ხელისუფლების ოპონენტები კი გამოსვლებს აგრძელებენ და ცდილობენ გაზარდონ როგორც პროტესტის მუხტი ისე, მისი მასშტაბები.

15 იანვარს 15 საათზე ისინი საყოველთაო გაფიცვას აანონსებენ, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. წინასწარ ცნობილია, რომ მუშაობას დროებით შეაჩერებენ ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი. მათი მოთხოვნაა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.

ამის პარალელურად, ორშაბათს ღამით თსუ-ს პირველიმ კორპუსი სტუდენტებმა სტუდენტებმა დაიკავეს და ეს შეიძლება დაძაბულობის ახალი კერა გახდეს. ისინი ადმინისტრაციას და რექტორს მოუწოდებენ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ სტუდენტებს.

„ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სანამ, ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს ევროატლანტიკურ გზაზე არ დავაბრუნებთ. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია - რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს კი მოვუწოდებთ, გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-სა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტის ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ადმინისტრაციას და რექტორს კი მოვუწოდებთ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ თავიანთ სტუდენტებს, რომლებიც სამართლისთვის ბრძოლის გამო არიან დაკავებულები",-აცხადებენ სტუდენტები.

ამის პარალელურად, მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში შეხვედრები დაიწყო. 11 იანვარს იგი ზუგდიდში ჩავიდა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა:

„მე ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. მე მყავს დღეს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებსაც გული შესტკივათ საქართველოსთვის და ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც, რასაც ვთხოვთ, რომ დაიცვან ამ ქვეყნის მომავალი იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მანამდე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროტესტი მარტო თბილისში არ მიმდინარეობს და საჭიროა ყველგან ჩასვლა.

ახალი გამწვავების დასაწყისი?

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ პროცესები უფრო გართულდება. მისი თქმით, ამაზე მიუთითებს თუნდაც ბოლო დღეების ბათუმის მოვლენები და ასევე თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან" მოსამართლეთა კორპორატიული წვეულების დროს გამართული აქცია.

„ჩემი აზრით, სამწუხაროდ, პროცესები ისევ რადიკალიზაციისკენ წავა. ის სამშვიდობო პაუზა, რაც ოპოზიციამ აიღო და აქციები მშვიდობიან რეჟიმში გადავიდა, მათ ეს ნამდვილად სჭირდებოდათ, რადგან ამ რადიკალურმა აქციებმა - რუსთაველის გადაკეტვამ და ა.შ. - თბილისის მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა, როგორც ჩანს, მათ ძალები მოიკრიბეს და გადაწყვიტეს, რომ უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ.

„ოპოზიციის ლიდერების ბათუმში ჩასვლა, მათი მხრიდან იქ ხმაურის მოწყობა, რესტორან „ბაბილოსთან" აქციის ჩატარება და ა.შ. - შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი რეპეტიციაა, ანუ წინა სამზადისი იმისათვის, რომ ნელ-ნელა რადიკალიზაციის და დაძაბულობის ტემპერატურა გაიზარდოს. შესაბამისად გაიზარდოს წნეხი ხელისუფლებაზე და მას მოუწიოს უფრო მეტი ძალების მობილიზება ამ აქციების ჩასაქრობად.

„როგორც ჩანს, ყველაფერი ბრუნდება იმავე წრეზე, რასაც ჩვენ ვუყურებდით ნოემბრის შემდეგ, მას მერე, რაც ირაკლი კობახიძის ის ცნობილი განცხადება გაკეთდა და დაიწყო ეს საპროტესტო აქციები. სხვათა შორის მაიკლ როთის ჩამოსვლაც არ იყო შემთხვევითი, მან პირდაპირ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების გასამხნევებლად ჩამოვიდა. ამიტომაც, მე ვფიქრობ, ეს აქციები მეორე მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად მიიპყრონ დასავლეთის ყურადღება, მათ შორის ამერიკის. მათ უნდათ ტრამპის ინაგურაციამდე საქართველოს შესახებ უფრო მეტი ისმოდეს და იწერებოდეს საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძეც ვარაუდობს, რომ საპროტესტო გამოსვლის მასშტაბები გაიზრდება.

„მე ასე მგონია, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები უფრო გააქტიურდებიან. დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რეგიონებში ჩასვლა და ასევე ვიცით, რომ დაგეგმილია მისი ვიზიტი აშშ-ში და ევროპის ქვეყნებშიც. ამას პლუს სტუდენტებიც გააქტიურდებიან. განსაკუთრებით თსუ-ს სტუდენტები არიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს დიდი ძალა გააჩნიათ. ამას კიდევ მოჰყვება სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მიმართ.

„აქედან გამომდინარე, მე ასე მგონია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები უფრო გააქტიურდებიან. თუმცა, მეორეს მხრივ, ხელისუფლება შეეცდება თავის საინფორმაციო კამპანია აწარმოოს. ამ ყველაფერს დაუპირისპიროს ის, რომ თავისი მმართველობა „ნაცმოძრაობას" შეადაროს და ააგოროს შავი პიარი და თქვან, რომ ეს 4 (ბარიერგადალახული) ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობაა". მათი სურვილია ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი, მათ თქვან, რომ არც ოპოზიცია არ უნდათ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე