ნატალია ჯვარიძე
(14.01.2025)

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტი ვალდებულია ასეთ შემთხვევაში მანდატები გააუქმოს, „ქართული ოცნება" სავარაუდოდ, ამის გაკეთებას არც ამჯერად აპირებს. ანალიტიკოსები ამის მთავარ მიზეზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლის იმედი აქვს, როგორც წინა წლებში, და სწორედ ამიტომ წელავს დროს.

„მიზეზი მარტივია - „ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ოპოზიცია მთლიანად ან ნაწილობრივ დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას. მართალი გითხრათ, ხელისუფლებას ვერც გავამტყუნებთ, რადგან 2020 წელს, თუ გახსოვთ, იგივე პროცესი იყო და შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

მმართველ გუნდში ვერ აკონკრეტებენ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, დღის წესრიგში დადგება თუ არა პარლამენტის იმ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლებმაც შესაბამისი განცხადებებით XI მოწვევის პარლამენტს, შეკრებისთანავე - ნოემბრის თვეში მიმართეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ „აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მაშინ იმსჯელებს, როცა საჭიროდ ჩათვლის".

პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით სამი პოლიტიკური სუბიექტის: - „კოალიცია ცვლილებებისთვის", „ძლიერი საქართველოსა" და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლებმა ნოემბერში მიმართეს.

დეპუტატის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადებს თავად კანონი ადგენს - რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება, ის ამ განცხადებას დაუყოვნებლივ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს, ხოლო კომიტეტი არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამის დასკვნას ამზადებს. ამის შემდეგ საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოესს პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს და პარლამენტი ვალდებულია უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა დეკემბრის თვეში სადეპუტატო უფლებამოსილება „ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელს შეუწყვიტა. მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს შეუწყდათ, თუმცა ოპოზიციის განცხადებების განხილვა დღის წესრიგში არც კი დამდგარა.

ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად და არალეგიტიმურად აცხადებენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას არ აპირებენ. პარლამენტის გარდა, მათ ასევე მიმართეს ცესკოს ე.წ. სათადარიგო-საარჩევნო სიების გაუქმების მოთხოვნით, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა. მსგავსი მიმართვა არ გაუკეთებია კიდევ ერთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას - პარტიას „გახარია - საქართველოსთვის".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ოცნება" ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლას ვარაუდობს და სწორედ ამიტომ აჭიანურებენ ამ პროცესს.

„ოცნებაში" არაერთხელ ითქვა, რომ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შებრუნებას ვარაუდობენ მას შემდეგ, რაც ეს საპროტესტო პროცესები უშედეგოდ დასრულდება. ალბათ მერე გააგრძელებენ საპარლამენტო ასპარეზზე ბრძოლასა და მოღვაწეობას. ამიტომაცაა მგონი, ეს რომ ასე ჭიანურდება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ქართულ ოცნებას" ამის ვარაუდის საფუძველი ნამდვილად აქვს, თუმცა, მისივე აზრით, უმჯობესია, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.

„მიზეზი მარტივია - „ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ოპოზიცია მთლიანად ან ნაწილობრივ დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას. ამიტომ ისინი დროს იგებენ და უბრალოდ მათ უფლებამოსილებას არ უწყვეტენ.

„მართალი გითხრათ, „ოცნებას" ვერც გავამტყუნებთ, რადგან 2020 წელს, თუ გახსოვთ, იგივე პროცესი იყო და შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა. მართალია, მაშინ ვფიქრობდი, რომ ბოიკოტი სისულელე იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და ალბათ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტში აღარ შევა. თუმცაღა ხელისუფლებას, წინა ანალოგიური შემთხვევიდან გამომდინარე, ამის იმედი ნამდვილად აქვს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ ჯობია მანდატები არ გაუუქმონ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე