"ნაცმოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სტატუსით "ხალხის ძალის" დეპუტატები ერთვებიან.
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წევრთა რაოდენობის მხოლოდ ნახევარი შეიძლება იყოს, ოპოზიცია კი ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს, "ხალხის ძალა" კი ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნების" სიითაა შესული პარლამენტში.
"როდესაც ერთი პარტიის სიით შედიხარ, მერე ოპოზიციაში გადადიხარ, რა თქმა უნდა კითხვები გაჩნდება, მათ შორის ნეიტრალურ და შესაძლოა "ქართული ოცნების" ამომრჩეველშიც, თუმცა, აქ მეორე საკითხია, "ქართულ ოცნებას" უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მას ეს წინასაარჩევნო დაპირება შეესრულებინა",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.
„ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს და „ხალხის ძალა" სწორედ ოპოზიციის კვოტით ჩაერთვება. მისივე თქმით, კომისიის წევრთა რაოდენობა და კონფიგურაცია თებერვლის პირველ კვირას გახდება ცნობილი, როცა საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
„ვიდრე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება არ მოხდება, მანამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს დაადგინა პრაქტიკამ, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებმა, სადაც პირდაპირ წერია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჩადენილია სისტემური დანაშაული. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური ნება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ. ბევრი გამოძიება არ დასჭირდება იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არის დამნაშავე ორგანიზაცია.
"ეს საჭიროა იმისთვის, რომ როგორც თავის დროზე, ჰიტლერის პარტია გასამართლდა, მათ ბევრი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ. აქ ბევრი დრო არ იქნება საჭირო - ყველაფერი ხელის გულზე დევს!" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთი საგამოძიებო კომისიის მუშაობასა და საბოლოო დასკვნებზე კითხვები ექნებათ, როგორც ქვეყნის შიგნით თავად "ნაცმოძრაობას", ისე ქვეყნის გარეთ.
"ხალხის ძალის" შეყვანაც იმაზე იყო გათვლილი, რომ ოპოზიციის არშესვლის შემთხვევაში გაეყოთ და ეთქვათ, რომ ვითომ ოპოზიციაა. რა თქმა უნდა ამას ნეგატიური საერთაშორისო და შიდა გამოხმაურება მოჰყვება, თუმცა ეს ნეგატიური გამოხმაურებები ისედაც ბევრი დააგროვეს.
"ამის "პროგრამა მინიმუმ" მიზანია, უნდათ, რომ როგორმე, სანამ ეს გამოძიება ჩატარდება, ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინონ - ილაპარაკონ როგორ დაკარგა ტერიტორიები კოლეტიურმა "ნაცმოძრაობამ" და ა.შ. მაგრამ არცაა გამორიცხული ე.წ. გამოძიება ჩაატარონ იმისთვის, რომ შემდგომში ოპოზიციური პარტიები აკრძალონ, რომ ძალაუფლება გაიმტკიცონ, ესეც არის ერთ-ერთი მიზანი. სხვა მეტი არაფერი შეუძლიათ, ერთადერთი დისკრედიტაციას ახდენენ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შექმნილ მოცემულობაში "ოცნებისგან" დამაჯერებელი არგუმენტი ვერ იქნებოდა, რომ რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნიდა, რაც წინასაარჩევნო დაპირება იყო.
"ნაცმოძრაობისა" და საგარეო თვალსაზრისით ეს ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგება და უკვე მიეცა შეფასება, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის, როგორ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ა.შ. როდესაც ერთი პარტიის სიით შედიხარ, მერე ოპოზიციაში გადადიხარ, რა თქმა უნდა კითხვები გაჩნდება, მათ შორის ნეიტრალურ და შესაძლოა "ქართული ოცნების" ამომრჩეველშიც, თუმცა აქ მეორე საკითხია, "ქართულ ოცნებას" უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მას ეს წინასაარჩევნო დაპირება შეესრულებინა.
"კიდევ წინასაარჩევნოდ აცხადებდნენ, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის გვჭირდებაო, რომ ეს გამოძიება დაიწყოს, "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები გავასამართლოთო და ის არგუმენტები, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ და ამიტომაც ახლა საგამოძიებო კომისიას ამიტომაც ვერ ვქმნით, შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში და შექმნილ მოცემულობაში, დამაჯერებელი არგუმენტი ვერ იქნებოდა. "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა უმრავლესობა ალბათ ჩათვლიდა, რომ "ოცნება" მორიგ ჯერზე თავს არიდებდა ამის გაკეთებას და შესაბამისად, მათ უბრალოდ სხვა გზა არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება შეესრულებინათ და საგამოძიებო კომისია შეექმნათ.
"რაც შეეხება პარლამენტის რეგლამენტს და ა.შ. ამაზე ალბათ იურისტები და სპეციალისტები იმსჯელებენ, თუ ეს რამდენად თავსებადია პარლამენტის რეგლამენტთან და ა.შ. ამაზე არაერთ შეფასებას კიდევ მოვისმენთ. ის, რომ ეს უცხოეთში ცალსახად ნეგატიურად იქნება შეფასებული, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს.
არჩევნები ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არიყო მოსული, რომ ამის თაობაზე მაშინვე უკვე იყო ნეგატიური რეაქციები პრაქტიკულად ყველა უცხოელი აქტორის მხრიდან, რომ მმართველი პარტიის ეს განზრახვა იყო პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება და ა.შ.
"საქმე ისაა, რომ ჩემი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" ეს ნაბიჯი გადადგა არა კარგი ცხოვრების გამო, რადგან 12 წელი პრაქტიკულად კოჰაბიტაციის რეჟიმში იმყოფებოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან". კი ბატონო, საერთაშორისო წნეხი იყო, მაგრამ როდესაც "ოცნებამ" განაცხადა, რომ შუა ინდა გაიკრიფოსო, არჩევნებში ფაქტიურად მთავარ სპარინგ პარტნიორად დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობა" დაიტოვა, რაც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყო, რადგან ის ყველა არჩევნებს უფრო იოლად იგებდა.
"2019 წლის მოვლენების შემდეგ, ეს კოჰაბიტაცია ფაქტიურად დასრულდა და დღევანდელმა მოცემულობამ "ქართულ ოცნებას" მისცა იმის საფუძველი, საბაბი და პრაქტიკულად აუცილებლობაც კი, რომ ეს პროცედურა დაეწყო. ეს გამოძიება როგორ დამთავრდება და საგამოძიებო კომისია რას დადებს, ამას ჩვენ ვნახავთ, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო რეაქცია, უარყოფითი იქნება",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანჯაფარიძე ამბობს, რომ ვინც უკვე გასამართლებულები არიან, მათ "შედარებით მსუბუქი სასჯელი შეეფარდათ".
"ისინი, ვინც გასამართლებულები იყვნენ და სასჯელი მოიხადეს, მათ სასჯელი იმ დანანაშაულებისთვის მოიხადეს, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს? ჩემი აზრით, მათ შედარებით მსუბუქი სასჯელი შეეფარდათ.
თუ გადავხედავთ იმას თუ რა ბრალდებებით იქნან გასამართლებულები იგივე ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ენმ-ს სხვა წვრილფეხობა, ეს ნამდვილად ის ბრალდებები არაა, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რეალურად აქვთ ჩადენილი.
"აქ გასათვალისწნებელი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამ ყველაფერს 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებები ემატება, რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოვლენას ხაზს განსაკუთრებით უსვამენ, ვფiქრობ ძირითადი აქცენტი მოხოლოდ იმაზე იქნება გაკეთებული, რომ რეალურად გამოვლინდეს რა და როგორ ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, ამაში "ნაცმოძრაობას" რა როლი მიუძღვის და ა.შ.
თუ ამ კუთხით რაღაც ახალი მტკიცებულებები დაიდება, რაც აქამდე საზოგადოებამ არ უცოდა, ამან შესაძლოა ძალიან სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რადგან აუცილებლად დასახელდენიან ის უცხოელი მოღვაწეები და მაღალჩინოსნები, რომლებიც ამაში ასე თუ ისე ჩართულები იყვნენ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, რამდენად დასაშვებია, რომ ის პირები, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელი, ან იხდიან, კვლავ ვიხილოთ პროკურატურის წინაშე, ანჯაფარიძემ გვითხრა:
"არაა გამორიცხული, რომ თუ თაროებიდან იქნება ჩამოღებული საქმეები, რომელბიც უკვე წლების განმავლობაში მტვერდადებული დევს, მათ ახალი ბრალი წარედგინოთ, მე ამას არ გამოვრიცხავ",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე