ქვეყანაში კვლავ უწყვეტი პროტესტია, ვითარება დროდადრო იძაბება, განსაკუთრებით მწვავე იყო 12-13 იანვრის ღამე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში. აქცია-მსვლელობა იყო სხვა ქალაქებშიც და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, როგორც ჩანს, დაძაბულობის ეპიცენტრები რეგიონებში გადადის.
ბათუმში, მთავრობის სახლთან 12 იანვარს ღამით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის (წარწერით „გაიფიცე!") დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ მას არ მისცა. პოლიციამ დააკავა ხოშტარია და მასთან ერთად ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე. დაკავებულთა შორის არიან, "ძლიერი საქართველოს" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და " გახარია - საქართველოსთვის" წევრი ელიზბარ ჩხიკვაძეც. "ბათუმელების" ინფორმაციით, დაკავებულია გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი. მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.
აქცია-მსვლელობა იყო ქუთაისში ლოზუნგით - "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. დროშებითა და ლოზუნგებით აქცია იყო ზუგდიდიშიც.
"ვნახეთ რა მოხდა ბათუმში, ადამიანები დააკავეს უბრალო და მარტივი მიზეზის გამო, ხელისუფლება ცდილობს რეგიონებში ჩაახშოს ხმა, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ, რადგან აქ თუ 46 დღე დავდექით, კიდევ ძალიან დიდხანს დავდგებით",- განაცხადა ზუგდიდში აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადმინისტრაციული წესით ცხრა ადამიანი დააკავეს თბილისში რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ინციდენტებს "ქართულ ოცნებაში" აფასებენ.
"პოლიციელზე თავდასხმა არ მართლდება, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს სამართალდამცველებს, იმ სამართალდამცველებს, რომლებიც მათ შორის ამ ადამიანების უსაფრთხოებაზეც არიან პასუხისმგებლები", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეგიონებში ტურნე დააანონსა, 12 იანვარს ზუგდიდში ადგილობრივ ახალგაზრდობას, სამეგრელოს რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრა, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხო.
გადადის თუ არა დაძაბულობის კერები რეგიონებში
ანალიტოკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროტესტი ხელისუფლების მოლოდინების მიუხედავად გრძელდება და ინაცვლებს ეპიცენტრები რეგიონებშიც.
"ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ახალი წლები ამ პროტესტს ნელ-ნელა ჩაახშობდა, თუ არა გაანულებისკენ წაიყვანდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, შობა-ახალი წლის მიუხედავად, პროტესტი გაგრძელდა, უფრო მწვავე ფორმებს იღებს და გაცილებით უფრო მასშტაბურიც გახდება. ამას ხელისუფლებაც თავისთავად ხელს უწყობს, რადგან საკმაოდ არასწორ ნაბიჯებს დგამს, მოსამართლეთა შეკრება, რომ პროტესტს გამოიწვევდა, ამას მემგონი დიდი მიხვედრა არ სჭირდება.
"პროტეტი მხოლოდ თბილისში არაა, აქციები ყველგანაა - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და ა.შ. ახალი წლისა და განასკუთრებით 20 იანვრის შემდეგ, ეს პროტესტი უფრო და უფრო გაძლიერდება და მინდა ვისურვო, რომ ეს მშვიდობიან ვითარებაში გაგრძელდეს, დარწმუნებული ვარ, დანარჩენი, ნელ-ნელა ყველაფერი იქნება.
"პრეზიდენტის რეგიონებში ტურნე ძალიან სწორი იყო, ვთვლი, რომ 20 იანვრის შემდეგ, მისი ეს ვიზიტები უფრო ორგანიზებული უნდა იყოს, შეიძლება რეგიონებში (პროტესტანტთა) გარკვეული ჯგუფები არ იყოს, მაგრამ საპროტესტო მუხტი არის, პრეზიდენტი ყველგან უნდა ჩავიდეს, გამართოს შეხვედრები და 20 იანვრის აშშ-ში ვიზიტის შედეგები გააცნოს, ეს ძალიან მომგებიანი იქნება პრეზიდენტისთვისაც და ოპოზიციური ელეტორატისტვის",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციას რეგოპნებით მოუგო და ანალიტიკოსი არ ელოდება, რომ განსაკუთრებით გამწვავდეს ვითარება.
"თუკი გავითვალისწინებთ, რომ "ოცნებამ" ხმების აღების მხრივ სწორედ რეგიონებში მოუგო ოპოზიციას, ალბათ რეგიონებში ჩასვლის ერთ-ერთი ამოცანაც ეგაა, რომ ოპოზიცია რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული გახდეს, ამას თუ სამომავლო გეგმებზე ვილაპარაკებთ. რაც შეეხება პროტესტში შემოერთებას, თვითონ პროტესტს აქვს უცნაური ფორმა - საჭმელში ჩაფურთხება მაგალითად, რაც ბოლო ხანებში გავიგეთ. ეტყობა რაიონშიც ჩააფურთხებენ, მეტი რაღა უნდა იყოს?!
"ბათუმის ამბავიც და ხშირად თბილისში გამწვავებაც პროვოცირებულია სწორედ იმით, რომ სამართალდამცავებთან შეტაკება ხდება და მერე ამაზე სამართალდამცავებს რეაქცია აქვთ, თორემ ადაიანთა რაოდენობის მხრივ და პროტესტში ჩაბმული ადამიანების პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით, ან სიტყვებით გამოსვლა, ან რაიმე ამგვარი, ამ მხრივ გამწვავება არც თბილისში არაა. გამწვავება სამართალდამცავებთან შეტაკების შემთხვევაშია ხოლმე.
"2012 წელს, როცა "ოცნება" მოდიოდა, აქციები იყო, ოღონდ ის აქციები არჩევნებს ამზადებდა, რაიონებში ივანიშვილთან შეხვედრები იყო, მაგრამ იმ აქციებს ფუნქციაც არჩევნებისთვის ხალხის შემზადება იყო, იმ შეხვედრებს სხვა ფუნქცია არ ჰქონია. იმ შეხვედრებზე ივანიშვილს არ გაუკეთებია მოწოდება, რომ ხელისუფლება დავამხოთო. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ არჩევნები ჯერ შედარებით შორია და ამიტომ გაუგებარია არჩევნების თვალსაზრისით ახლა რაიონების მობილიზაციამ რა შეიძლება მოიტანოს.
"რაც შეეხება რევოლუციას, როგორც წესი, რევოლუციურ პროცესებში რაიონები აქტიურად არ ებმებიან, ეს უფრო ურბანული დასახლებებითაა განპირობებული. ბოლშევიკების რევოლუციის დროსაც მუშებზე ჰქინდათ აქცენტი და არა გლეხებზე, რადგან მუშები ურბანულ რაიონებში არიან.
"სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იყო ჩასული, ოღონდ ადამიანების იმდენი რაოდენობა არ იყო ვიფიქროთ, რომ ზურაბიშვილის დანახვამ სპონტანურად საპროტესტო ტალღა გააჩინა. საერთოდ თუ ვინმეა პროტესტისკენ მიდრეკილი, ზუგდიდია ხოლმე, ამიტომაც მეეჭვება, რომ სხვა რეგიონებში უფრო შთამბეჭდავი სურათი შექმნას ზურაბიშვილის ვიზიტმა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
რა უთხრა ზურაბიშვილმა ზუგდიდელებს
"მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში აქციაზე. მისი თქმით, საქართველოს ამდენი მეგობარი ევროპასა და ამერიკაში იშვიათად ჰყოლია.
„ჩვენ, ახლა, ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან, თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ არანაკლებად მაქვს თქვენი, ყველას, თითოეულის იმედი იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება მოიგო ბელადის ხელით, მხოლოდ ვიღაცის იმედით, შენ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაც თავისით მოხდება, არა, ეს მოხდება მხოლოდ იმით, თუ ყველა ბოლომდე ჩართული ვიქნებით, როგორც დღეს ვართ და როგორც ვიქნებით ხვალ.
"მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ჩართული ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის. ეს იწყება საზღვარგარეთ იმიტომ, რომ პროფესიით მე ასე დავიბადე, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც დიპლომატი და ალბათ, უფრო მეხერხება [დიპლომატია].
"მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით იქაც ჩავალ, ვაშინგტონში. იქ, დღეს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც ვიდრე, ვთხოვთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოელი არამეგობრისგან.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდათ, ევროპაში და გინდათ, ამერიკაში. ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს და არიან ასეთი აქტიურები დღეს, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს ყველა ქალაქში, საზოგადოების ყველა სეგმენტი, რომელიც არის ჩართული, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ იმ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ.
ყველაფერი გადაბმულია - გარედან მეგობრების მხარდაჭერა, შიგნიდან პროტესტი, ასევე, თქვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს პროტესტი, რაც შეიძლება მეტად გარეთ იყოს გატანილი იმისთვის, რომ მე ყველგან მხარი დაგიჭიროთ და ამიტომ დავიწყე ზუგდიდით, მაგრამ [ასევე] იმიტომ დავიწყე რეგიონებში სიარული, რომ არავინ იფიქროს, რომ საქართველოს რომელიმე ადგილზე მათი პროტესტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისის პროტესტი.
"ეს არის მთლიანად საქართველოს პროტესტი, რომელიც მიგვიყვანს ბოლო შედეგამდე. ეს ბოლო შედეგი არის მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაში [ცხოვრება]. სადაც ჩვენ ვართ, რეჟიმი აღარ არის დემოკრატიული, მაგრამ საზოგადოება ასეთი დემოკრატიული, ასეთი შეგნებული, ასეთი პასუხისმგებლიანი და ასეთი მშვიდობიანი დიდი ხანია არ ყოფილა საქართველოში. ეს ჩამოყალიბდა და ამ საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან. ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე