ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებში ბოლო დროს აქტიურად მიდის კამათი და მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არაფერი დაუპირისპირა ოპოზიციამ „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს - „აბა, ომი გინდათ?!" და როგორი იქნებოდა არჩევნების შედეგები, ყველაფერის სხვაგვარად რომ ყოფილიყო. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციამ, ბოლო 12 წელია, ჭორების და დეზინფორმაციის გაფანტვაზე „ოცნებას" ეფექტური მექანიზმი ვერ დაუპირისპირა. „ოცნება" კი მოქმედებს დევიზით - „რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო იჯებეს მას ხალხი".
„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას მთავარ ხაზად გასდევდა მოსაზრება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში საქართველო რუსეთთან ომში იქნებოდა ჩათრეული. ხელისუფლების ოპონენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ შორის ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერიც აღიარებს, რომ ამ ხაზმა იმუშავა და „ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა. საუბარი სწორედ იმაზეა, თუ რატომ არ სცადა ოპოზიციამ ამ მოსაზრების გაბათილება და არაფერი დაუპირისპირა მას.
თავად ოპოზიციაში ამ დისკუსიას უადგილოდ და კონტრპროდუქტიულად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ოოპოზიციას სხვაგვარი კამპანია რომ ეწარმოებინდა და გაებათილებინა „ქართული ოცნების" ე.წ. ომის კამპანიას, ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგანაც არჩევნები გაყალბდა.
ყველაზე საკამათო „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარი გახდა, სადაც ის ამბოს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ომის კამპანიას ვერ დაუპირისპირდნენ, რადგან ვერავინ მოიფიქრა მოკლე მესიჯით როგორ შეიძლებოდა ამაზე ეფექტური პასუხის გაცემა.
დისკუსია ოპოზიციაში
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ამაზე ბევრი მსჯელობა იყო პარტიებში, თუ როგორ დაპირისპირებოდნენ „ოცნების" ომის კამპანიას.
„ამაზე იყო ბევრი მსჯელობა, მსჯელობა იყო პარტიებშიც, მათ შორის რამდენიმე პარტიას ჰყავდა კონსულტანტები, არსებობს კიდევ რამდენიმე სტრატკომი, ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორში შექმნილი. ბევრი დისკუსია იყო. საბოლოო ჯამში, ვერავინ მოიფიქრა, მოკლე მესიჯით როგორ შეიძლებოდა, ეფექტური პასუხი გაგეცა ამაზე. თვითონ სიტყვა „ომს" რომ იმეორებდი, უკვე იმის მესიჯის მულტიპლიკაციას აკეთებდი.
„საბოლოო ჯამში, ყველა შეთანხმებული იყო, რომ სადღაც ეთერში თუ ზიხარ და გაქვს საშუალება ახსნა, შეგიძლია ახსნა, მაგრამ, კამპანიის თვალსაზრისით, იმას, რომ რაღაც მესიჯი დაუპირისპირო, სჯობს საერთოდ დააიგნორო, სხვა რაღაცებზე გააკეთო ფოკუსი. ეს გაცილებით ეფექტურია. ეგ არის და ეგ.
„მე საერთოდ არ ვზომავ ეგეთ რაღაცებს. არც მესიჯბოქსები მაქვს. რასაც მეკითხებიან, იმაზე ვლაპარაკობ. მართლა ვერ მოიფიქრეს ისეთი რაღაც, რაც შეიძლებოდა მოკლე, გასაგები და ეფექტური პასუხი ყოფილიყო. ბანერზე დიდ ტექსტს ხომ არ დაწერ და სატელევიზიო რეკლამაში დიდ ტექსტს ხომ ვერ გაუშვებ? ხომ მაგაზეა ლაპარაკი, რომ ეგეთი რამ არ არსებობდა?" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „რადიო თავისუფლებასთან".
პარტიის „გახარიას საქართველოსთვის" წევრებსაც მიაჩნიათ, რომ ომის პროპაგანდამ იმუშავა.
„კი, ომის პროპაგანდამ იმუშავა. ვინც საპირისპიროს ამბობს, ნიშნავს, რომ ან იტყუება, ან წინასაარჩევნოდ ერთი დღეც არ ჩასულა რეგიონში. და საერთოდ, არ აქვს ამას კავშირი არჩევნების გაყალბებასთან. კი, არჩევნები გაყალბდა.
„ვმუშაობდით თუ არა ჩვენ ამ მიმართულებით? კი, ვმუშაობდით. ამას ვაკეთებდით მოქალაქეებთან თითოეული შეხვედრისას და არა მხოლოდ (გადახედეთ ჩვენს პოლიტიკურ მესიჯებს). საკმარისი იყო? რა თქმა უნდა, არა. მწირი რესურსი გვქონდა და მაინც, გაყალბებული არჩევნების პირობებში, დამოუკიდებლად ავიღეთ 8%. ვისაც ოლიგარქები, კორუფციული ფული ან მედია ჰქონდა, შეეძლო მეტი მოეხმარა ამ კეთილი საქმისთვის.
„ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ასეა, რომ ხალხი, ვისაც ამ პროპაგანდის სჯერა, მსხვერპლია და მსხვერპლს სჭირდება შველა, რისი რესურსიც ყველას ერთად გვაქვს, მით უმეტეს, საუბარია ამავდროულად რეჟიმის პროპაგანდის შესუსტებით მეტი ადამიანის ჩვენკენ გადმოყვანაზე. ამაზე მეტს არ ვიტყვი. ჯობს, ვისაც ეს აქამდე არ გაუკეთებია, ახლა იზრუნოს.
„პ.ს. კი, ანტი-ლგბტ პროპაგანდამაც იმუშავა", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
„ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილის აზრით კი, თუ დასაშვებია ის, რომ „არჩევნების მოგების შანსი არსებობდა", მაშინ ეს ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„ერთ დღეს ვწერთ, რომ საქართველოს ბელარუსიზაცია მოხდა, მეორე დღეს კი ვწუხვართ - ომის შიშის ნარატივს ვერ დაუპირისპირდა პროპაგანდაო. თუ ვუშვებთ, რომ არჩევნების მოგების შანსი არსებობდა, მაშინ ბელარუსიზაცია არ მომხდარა, არჩევნები არ გაყალბებულა. თუ არჩევნები გაყალბდა, საარჩევნო გზავნილები რას ცვლის? ან მომავალში რა მნიშვნელობა ექნება, ხალხს რას ვეტყვით?
„არჩევნებს საქართველოში აზრი გაუუქმა გაყალბების სისტემამ. მსჯელობა იმაზე, უკეთესი საპასუხო გზავნილი ომის პროპაგანდაზე და სხვა თემაზე რას შეცვლიდა, არ მგონია რაიმე შედეგზე ორიენტირებული იყოს ამ ვითარებაში. დღეს აზრი აქვს ერთ დისკუსიას - როგორ და რა გზებით შექმნა ისეთი რეალობა, რომ ქვეყნის მართვა ვერ გააგრძელოს არალეგიტიმურმა მთავრობამ. სხვა ყველაფერზე დისკუსია, ვშიშობ, ამ კონტექსტში აღარაა არაფრის მომცემი", - დაწერა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა მელია კი წერს, რომ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს - „ოცნებამ" ეფექტური მესიჯით მოიგო, თუ არჩევნები გაყალბდა. მელიას მიაჩნია, რომ არჩევნები „არნახული მასშტაბით" გაყალბდა.
„უნდა ჩამოვყალიბდეთ - „ოცნებამ" ეფექტური მესიჯით („აბა, ომი გინდა?!") მოიგო არჩევნები, თუ არჩევნები გაყალბდა; „ოცნების" პროპაგანდას ვერ გაეცა სათანადო პასუხი და იმიტომ მოიგეს, თუ სწორედ იმიტომ გააყალბეს არჩევნები, რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა.
„არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა! ამ არჩევნების შედეგები დემოკრატიულ მსოფლიოში არავის უღიარებია, ამ არჩევნებს არ აქვს არც საერთაშორისო და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია!
„ოცნებამ" არჩევნები წააგო, მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა! და დღეს იმაზე საუბარი, რომ ქოცების პროპაგანდას პასუხი ვერ გაეცა და ამიტომ მოახერხეს მათ საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ჰქონდათ შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია!
"ხალხმა უშეცდომოდ გაიაზრა საიდან მოდის ომის საფრთხე და გააკეთა არჩევანი სწორედ მშვიდობისთვის - გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის, ევროკავშირის, დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არჩევანია ახლა მოპარული!
„აბა, ომი გინდა? " - ოცნების პარტიული აქტივის (გამგებლების, მერების, მათი ცოლებისა და ოჯახების) თავის სამართლებელ მესიჯად აქციეს. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, იმიტომ ვაძლევ ოცნებას ხმას, რომ ფულის მოპარვის, ტენდერის ჩაწყობის და ა.შ. საშუალებას მაძლევსო?
"მთელი საარჩევნო კამპანია რეგიონში გავატარე, 4 თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ყველა მხარეში, თითქმის ყველა ქალაქში, არაერთ სოფელში და არსად ამომრჩევლისგან არ გამიგია ოცნების ეს მესიჯი და თუ ვინმესგან გამიგია - ისევ გამგებლებისგან/ბიუროკრატებისგან და „ოცნების" აგიტატორებისგან.
ასე რომ, ახლა ამ თემაზე დისკუსიის მსურველები საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ - ეს არჩევნები გაყალბდა თუ „ოცნებამ," „პასუხგაუცემელი" ნარატივით მოიგო არჩევნები",- წერს მელია.
„შეცდომა, რომელსაც ოპოზიცია უშვებს"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ჭორების და დეზინფორმაციის გაფანტვაზე „ოცნებას" ეფექტური მექანიზმი ვერ დაუპირისპირა, „ოცნება" კი მოქმედებს იმით, რომ „რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო იჯებეს მას ხალხი".
„ესაა შეცდომა, რომელსაც ოპოზიცია უშვებს ამ 12 წლის განმავლობაში და მანამდეც. სანამ ეს კოალიციები შეიქმნებოდა და მთავარი ოპოზიცია „ნაცმოძრაობა" იყო", მაშინაც კი არ მუშაობდნენ მთავარზე - ჭორების და დეზინფორმაციის გაფანტვაზე, რომელსაც ავრცელებდა და ავრცელებს „ქართული ოცნება". „ოცნების" პროპაგანდის დაპირისპირებისთვის ძლიერი მექანიზმი არ არის შემუშავებული.
„ოცნებას" ერთის მხრივ ისინი აძლევენ ხმას, ვისაც პირადი სარგებელი აქვს, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროპაგანდას იჯერებენ - რომ კი, შეიძლება „ქართული ოცნება" არ არის კარგი პოლიტიკური პარტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მშვიდობა რომ იყოს და ომს გადავრჩეთ, სჯობს მათ მივცეთ ხმაო.
„ზუსტად ამაზე არ იმუშავეს პარტიებმა და ამაზე პრეტენზია მეც მაქვს. საუბრები გვქონდა, რომ ამაზე ემუშავათ, მათ შორის ვუთხარით - ჩვენც გამოგვყვებით რეგიონებშიო, რომ თუნდაც ჭორების გაფანტვის თემებზე კოორდინაცია ყოფილიყო. არჩევნები კი გაყალბდა, მაგრამ „ქართულ ოცნებას" რაც უფრო ნაკლები ადამიანი მისცემდა ხმას, მით უფრო გაუჭირდებოდა ეს გაყალბების პროცესი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აყალბებ 5-10%-ით, თუ აყალბებ 20-25%-ით. ბუნებრივია, ოპოზიციის კარგი მუშაობის პირობებში გაცილებით რთულია გააყალბო 20-25 %-ით.
„მაქსიმალურად უნდა გამოიყენო საკუთარი ბერკეტი და მაქსიმალურად იმუშაო საინფორმაციო ველზე. ჯერ კიდევ, როცა 2012 წელს „ოცნება" მოდიოდა ხელისუფლებაში, „ნაცმოძრაობა" აცხადებდა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით პროპაგანდას, რადგან გვეგონა, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკური კულტურის დონე მაღალი იყო და არ დაიჯერებდაო. მაგრამ დაიჯერეს, ხომ?" - განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი მაინცდამაინც ახლა, ჩიტაძემ გვითხრა:
„ეტყობა შეცდომებს ახლა აღიარებენ, რომ დასკვნები გამოიტანონ, თუ რაზეა სამუშაო განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. თან ამას მუნიციპალური არჩევნებიც ემატება. უნდა გამოიტანონ დასკვნები და გამოასწორონ. თუ ახალი არჩევნები დაინიშნა, იქაც არაა გარანტია, რომ გაიმარჯვებენ, რადგან ხალხზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მიდის", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე