აშშ-ის მიერ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ფონზე, ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება დაიწყო სხვადასხვა პარტიების ლიდერებმა ერთმანეთი ღიად, სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ზოგიერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა, მათი ახლანდელი რადიკალური პოზიციის მიუხედავად, საბოლოოდ პერლამენტში შესვლის შესაძლებლობასაც განიხილავს.
„რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას აპირებდეს. ადრე იყო ანალოგიური ნიშნები, რომ უარს არ იტყოდნენ პარლამენტში ყოფნაზე. თან იცით რა არის? თავისთავად ოპოზიციის საქციელში ბევრი რამეა გაუგებარი. ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი ჩაიდო საარჩევნო კამპანიაში რისთვის - იმისთვის, რომ მერე არჩევნების შედეგზე უარი ეთქვათ?" - განაცხადა „რეზონანსთან"რამაზ საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე კი ამას გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლა ოპოზიციური პარტიებისათვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება:
„მე გამოვრიცხვ, რომ ამ პარლამენტში ვინმე შევიდეს. მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თავის ამომრჩევლებს დაკარგავენ და როგორც პოლიტიკოსები საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ".
ცესკომ 26 დეკემბერს საღამოს განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა ჯამში შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო";
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა";
„გახარია საქართველოსთვის";
„ლელო საქართველოსთვის";
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი".
ასევე ცესკოს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, „გირჩი" „დროა". შესაბამისად, დანარჩენი ექვსი პარტია დაფინანსებას მიიღებს.
კრიტიკული განცხადებების ქრონოლოგია
პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის", ლიდერებმა ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გააკრიტიკეს სხვა ოპოზიციური პარტიები დაფინანსების მიღების გამო.
„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ „ქოცების" შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის", - დაწერა გვარამიამ „ფეისბუკზე".
ამის საპასუხოდ „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას არ აქვს კავშირი პარლამენტის ლეგიტიმაციასთან. ამასთან, მან თავის „ფეისბუქ" პოსტში იმაზეც მიანიშნა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის დაფინანსების წყაროები დღემდე გაურკვეველია.
„პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი „ქოცური" ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ სხვა არაფერია, თუ არა „ოცნების" „მესიჯბოქსში" და სცენარში მონაწილეობა. ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ. პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს.
„როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების" „მესიჯბოქსით" საუბრობ, დაე ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების" მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!" - დაწერა ხაზარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ" კი ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების აღიარებად გამოაცხადა. 27 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ოთხიდან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით ორმა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები... თებერვალში შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში".
ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი დაპირისპირება ენმ-სა და „ახალს" შორის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ახლის" წევრებმა განხილვაში შესვლის გარეშე მხარი დაუჭირეს მერიის წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს. „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერლმა ანა წითლიძემ ამ გადაწყვეტილებას „დიდი შეცდომა" უწოდა და განაცხადა, რომ „ეს ვერ გადაიფარება ვერანაირი გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით".
„დიდი შეცდომა იყო ზუგდიდში ქოცური ბიუჯეტისთვის, ქოცებთან ერთად, ხმის მიცემა. ეს ვერ გადაიფარება ვერანაირი გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით. ხალხი დებილი არ არის. შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო მაგრამ მუდმივად ვერ", - წერს წითლიძე.
ამას „ახლებიდან" ნიკა მელია გამოეხმაურა და ყოფილ თანაპარტიელებს სახელმწიფო დაფინანსების მიღება შეახსენა.
„მთელი დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის წევრების" მორალური პედისტალიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომ თურმე ზუგდიდის ფრაქცია „ახალი" „ოცნებასთან" თანამშრომლობს, დღის ბოლოს ფაქტებმა გასცა პასუხი, ყველა კითხვასა თუ ბრალდებას. ჯერ აღმოჩნდა რომ ჩხოროწყუში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა იგივე რუტინული საბიუჯეტო პროცესი გაიარეს, ხოლო დღის ბოლოს გაირკვა - პარტიას მიუღია დაფინანსება „ოცნებისგან". ჩხორუწყუში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საკითხში გარკვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე. ეს იმ დროს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში უარი არ თქვა რეჟიმისგან დაფინანსების მიღებაზე", - წერს ნიკა მელია.
შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში
ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავიანთ ამომრჩევლებს უნდა აუხსნან, თუ რატომ მიიღეს დაფინანსება.
„იმედია ეს პრობლემა მოგვარდება. ვინც ამ დაფინანსებას იღებს, თავის ამომრჩეველს კარგად უნდა აუხსნას ის ფაქტი, რომ როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატები გაუქმდება, დაფინანსებაც შეწყდება. მანამდე მათ მიიღეს დაფინანსება, რადგან მათი მანდატები არ არის გაუქმებული.
„ამას ემატება ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ხელფასის მიღებაზე უარს აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი ხელფასებია დანიშნული. აქედან გამომდინარე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, რადგან ოპოზიციას ერთიანობა სჭირდება, ოღონდ მათ სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის სოციალური ქსელებით, თავის მხადამჭერებთან უნდა იმუშაონ და კარგად აუხსნან, თუ რატომ მიიღეს დაფინანსება.
„მე გამოვრიცხვ, რომ ამ პარლამენტში ვინმე შევიდეს. მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თავის ამომრჩევლებს დაკარგავენ და როგორც პოლიტიკოსები საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ. თან აქ მარტო პოლიტიკოსობაზე არაა ლაპარაკი, მათ თავისი ღირსება გააჩნიათ და ბევრად პრინციპულები არიან", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
რამაზ საყვარელიძის აზრით, ოპოზიციის საქციელში ბევრი რამე გაუგებარია. მისივე თქმით, ოპოზიციამ თავის დროზე გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო და ის არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში შევიდნენ.
„რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ეს იმის მანიშნებელი იყოს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას აპირებდეს. ადრე იყო ანალოგიური ნიშნები, რომ უარს არ იტყოდნენ პარლამენტში ყოფნაზე. თან იცით რა არის? თავისთავად ოპოზიციის საქციელში ბევრი რამე გაუგებარი. ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი ჩაიდო საარჩევნო კამპანიაში და რისთვის - იმისთვის, რომ მერე არჩევნების შედეგზე უარი ეთქვათ? ესაა გაუგებარი. თუკი იმ შედეგს არ ენდობიან და მიიჩნევენ, რომ უსამართლოა, შევიდნენ პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ უსამართლობასთან, თან ძალაც მეტი ექნებათ.
„ისინი ძალიან ხშირად დგამენ ასეთ არალოგიკურ ნაბიჯებს, რაც ემოციებით არის ხოლმე ნაკარნახევი. რაც იმ წუთას გინდა, ემოცია იმას გკარნახობს, თორემ მომავალში რა მოხდება, ემოციამ არ იცის. ასეთივე იმპულსით გაჩენილი ნაბიჯებია ისიც, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, ან პირიქით, ვინც შესვლა გადაწყვიტა. რით განსხვავებიან ახლა გვარამიას გაერთიანებაში მყოფები დანარჩენებისგან? რა, უფრო ოპოზიციონერები არიან, ვიდრე სხვები? მეეჭვება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე