
აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის დაწესებული სანქციები არც ისე მძიმეა, როგორიც შეიძლება ყოფილიყო. ეს აჩენს განცდას, რომ დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებისგან კომპრომისზე წასვლის იმედი არ დაუკარგავს და კიდევ ტოვებს სივრცეს შესაძლო მოლაპარაკებისათვის. რა გაგრძელება ექნება ამას და რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ „ოცნებისაგან"?
აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიაში. სანქციები მხოლოდ ინდივიდუალურია, ანუ დასანქცირდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები.
ამასთან, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე. გამონაკლისის სახით სანქციები გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო ტრანზაქციებზე და „კრედიტ სვისთან" დავის ფინანსურ შედეგებზე. ეს ბოლო პუნქტი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი, სპეციალური ნებართვის გარეშე, ვერ მიიღებს კრედიტ „სუისთან" სასამართლო დავის შედეგად დაბრუნებულ საკუთარ თანხებს.
საინტერესოა ამ გადაწყვეტილების ფორმულირებაც - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, „როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე".
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".
„ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსთა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.
„სამიზნე სწორად შეარჩიეს, ვინაიდან ივანიშვილი არის „ოცნების" ერთ-ერთი გამწევი ძალა. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ოპოზიციას მისცენ კიდევ ერთი მაშველი რგოლი. 20 იანვარმდე ჩვენ დამატებით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს: „რა თქმა უნდა, ამერიკელებმა რაღაც სივრცეები დატოვეს. ერთადერთი გამოსავალი, რაც მას (ივანიშვილს) აქვს, ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა. სხვა არაფერზეა ლაპარაკი".
პოლიტიკური გამოხმაურებები
პრემიერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით არაფერი შეცვლილა, რადგან დე ფაქტოდ ის ისედაც დასანქცირებული იყო.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო - ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„თქვენ იცით რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი.
„ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა. მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე - არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები".
„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შეერთებული შტატების მხრიდან, ეს სანქციის ყველაზე მკაცრი ზომა არ არის, რომელიც შესაძლებელია მიღებული იყოს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სივრცეს უტოვებენ გაითავისოს, რომ შემდეგი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთ მოპყრობა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის მიმართ არ დარჩება უპასუხოდ. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მან იგრძნოს თუ რას ნიშნავს მართლაც შეერთებული შტატების სანქციები, თუნდაც, ეს ლიმიტირებული, მაგრამ მას რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, შემდეგი ძალადობა ქართველ ხალხზე და ჩვენს სახელმწიფოზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა ჯაფარიძემ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით კი, აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება „ადასტურებს, რომ ის საქართველოში რუსული გავლენის აგენტია".
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი რუსულ ინტერესებს, რუსულ სარგებელს ემსახურება და რომ ის საქართველოში რუსული გავლენის აგენტია. ეს არის სწორედ ამერიკული სანქციების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა - ივანიშვილის აქტივები დასანქცირდა ამერიკაში, მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, თუ, მაგალითად, ფერწერული ტილო. ის ვეღარ შეძლებს, რომ ლეგალურად გაყიდოს ნებისმიერი აქტივი, ხოლო „შავ ბაზარზე" ამგვარი აქტივების გაყიდვის შემთხვევაში კარგად გვესმის, რომ ფასი საბაზრო ღირებულების 10%-საც კი არ შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა", - განაცხადა ბოკუჩავამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანქციები მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასა და თავად ბიძინა ივანიშვილსაც იტოვებს ერთგვარ „გასასვლელს".
„მნიშვნელოვანია რა ტიპის სანქცია გამოიყენეს: ეს არის ამერიკის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება, რომლის სათაურიც არის „რუსეთის საგარეო საზიანო ქმედებების შესახებ", მიბმულია რუსეთის ამბავს. კონკრეტული მუხლი, რომელიც გამოიყენა ბლინკენმა, ეხება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას.
„სანქცია საკმაოდ მძიმეა, საუბარია, როგორც აქტივების, ისე ტრანზაქციების დაბლოკვაზე, მაგრამ მე რაც ვნახე (შეიძლება ვცდებოდე) არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს, რაც სიგნალია და უტოვებს ერთგვარ „გასასვლელს", მე ეგ განცდა დამრჩა, რომ შეიძლება, უფრო გამწვავდეს და გაიზარდოს სანქციის სიმძიმე", - წერს ჯაფარიძე.
„ოცნების" შესაძლო საპასუხო ნაბიჯები
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ახლა „ქართულ ოცნებაში", სავარაუდოდ, ამ სანქციების საპასუხო ნაბიჯებზე მიდის მსჯელობა, თუმცა ის, რომ ხელისუფლება დასავლეთის მთავარ მოთხოვნას დათანხმდეს და ახალი არჩევნები დანიშნოს, ნაკლებად სავარაუდოა.
„ეს სანქციები, პრინციპში, ნიშნავს იმას, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა - რომ ეს არის არაფორმალურად დაწესებული სანქციების ფორმალიზება. მე ვფიქრობ, ამ სანცქიებით შეერთებული შტატები ცდილობს რაღაცნაირად შეარყიოს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ ზოგადად, „ქართული ოცნების" პოლიტიკური პოზიციები.
„თავად ამ აქტს აქვს, ვფიქრობ, არანაკლები პოლიტიკური დატვირთვა, ვიდრე ფინანსური, რადგან ეს აქტი „ქართული ოცნების" მხარდაჭერებში გამოიწვევს გარკვეულ შეშფოთებას, შიშს. როგორც ჩანს, სწორედ ამაზეა გათვლა, რომ მათ გამოაცალონ მხადამჭერები. რადგანაც ბიძინა ივანიშვილზე განხორციელდა სასანქციო შეტევა, სამიზნე სწორად შეარჩიეს, ვინაიდან ივანიშვილი არის „ოცნების" ერთ-ერთი გამწევი ძალა. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ოპოზიციას მისცენ კიდევ ერთი მაშველი რგოლი, რომ მან, ამ ფაქტის გათვალისწინებით, უკეთ და ეფექტურად შეძლოს თავისი პოლიტიკური კამპანიის წარმოება და ჩვენ ოპოზიციური პარტიების განცხადებები უკვე ვნახეთ.
„მე ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ალბათ არ არის პირველი და უკანსაკნელი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. 20 იანვარმდე ჩვენ დამატებით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. თუ ეს სანქციებით შემოიფარგლება, კიდევ არაფერი. მთავარია სხვა უფრო მნიშვნელოვანი ზიანი არ მოგვაყენოს აშშ-ის ადმინისტრაციამ, რადგან ის ებრძვის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, გადაყენება და სხვისით ჩანაცვლება უნდა, თუმცა შესაძლოა ეს სასანქციო და დამსჯელი ღონისძიებები ქვეყანასა და ხალხზეც აისახოს. მე ვშიშობ რამე მსგავსი არ მოხდეს.
„შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ აშშ „ქართულ ოცნებას" უტოვებდეს შანსს მოლაპარაკებისთვის და შეიძლება არა, რადგან თუ ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლაა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება" წავიდნენ იმ დათმობაზე, რასაც მათგან დასავლეთი ითხოვს, ამის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა არის მეორე ვარიანტიც - ამ სანქციებმა შეიძლება „ქართული ოცნება" პირიქით, საპირისპირო პოზიციაზე დააყენოს და თქვან - თუკი მაინც გვასანქცირებენ და გვსჯიან, მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროდ ვთვლითო. იმიტომ, რომ „ოცნება" რაკი ერთხელ დათმობს, მაშინ შესაძლოა მისგან კიდევ სხვა დათმობებიც მოითხოვონ. ეს არის საკმაოდ მაცდუნებელი გარემოებები, რომ პოლიტიკურ ძალას გაუჩნდეს დათმობების სურვილი, მაგრამ შეიძლება ამან იქამდე მიიყვანოს, რომ მერე საერთოდ ყველაფერი დაკარგოს. ამიტომაც, ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებაში" ახლა ფიქრობენ რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ ამაზე. მე მაინც მგონია, რომ ის მთავარი დათმობა, რასაც დასავლეთი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ითხოვს, ანუ არჩევნების ხელახალ ჩატარებას, ალბათ არ იქნება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს სანქციები რეპუტაციულად ძალიან დიდი დარტყმაა.
„სანქციების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ საკითხში კომპეტენტურ პირებს ვესაუბრები და ყველა ერთხმად მეუბნება, რომ ეს არის აშშ-ის მხრიდან ყველაზე მძიმე სანქციები, რაც შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის დაეწესებინათ. ფაქტობრივად, მთელი ფულის მოძრაობის საშუალება ეყინება. დიდხანს იფიქრეს, კარგად შეამოწმეს, ივანიშვილის საქმიანობა შეისწავლეს, მოძებნეს სად აქვს თანხები, დაელოდნენ ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს ანგარიშებს არჩევნებზე და ყაველაშვილის ინაუგურაციის წინ მიზანში მოარტყეს. დროში ძალიან კარგად იყო გათვლილი ეს სანქციები.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკელები ზედმიწევნით კარგად იცნობენ საქართველოში სიტუაციას. ბუნებრივია, რაკი ასეთი დარტყმა მიაყენეს ზუსტ დროს, ესე იგი ისინი კიდევ აპირებენ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას, თუ ივანიშვილი და „ოცნება" ვერ მიხვდებიან რასთან და ვისთან აქვთ საქმე. ასე რომ, ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა.
„მას ფულის მოძრაობის საშუალება არ ექნება და თანხები ვეღარ მოემატება იმდენად, რამდენადაც არ წაერთმევა. თუმცა ეს არაა მთავარი, ამაზე მნიშვნელოვანია მისთვის რეპუტაციული დარტყმა. არსებობს მილიარდერების ოჯახები და გარკვეული მოძრაობა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ მილიარდერებში მისი რეპუტაცია ძალიან შეირყევა, რადგან გამოდის, რომ თავისი ხალხის სისხლით აკეთებს ფულს. ამგვარი სანქციები ძირითადად რუსი მილიარდერების წინააღმდეგ გამოიყენეს, როცა უკრაინაში ომი დაიწყო და ამაში ჩაერთო ივანიშვილიც.
„რა თქმა უნდა, ამერიკელებმა რაღაც სივრცეები დატოვეს, თუმცა მე ჭვი მეპარება, რომ ეს ოჯახის წევრებს არ ეხებოდეს, რადგან ფინანსური არხები და მოძრაობები ძალიან კარგად იციან. შეუძლებელია მისი ოჯახის წევრები ამ სანქციებზე დამოკიდებული არ იყვნენ.
„ივანიშვილს ახლა დასაკარგი დრო არ აქვს. წესით გამოსავალს უნდა ეძებდეს და საერთო ენის გამონახვაზე ფიქრობდეს როგორც ოპოზიციასთან, ასევე წინააღმდეგობის იმ ჯგუფებთან, რომლებიც საქართველოში სიტუაციას ეფექტურად მართავენ. ერთადერთი გამოსავალი მას აქვს ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა, სხვა არაფერზეა ლაპარაკი. მის ფულს არავინ ედავება. სხვა გამოსავალი არ აქვთ - ან ამ დათმობაზე უნდა წავიდნენ, ან მათი რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. მესამე გზა არ არსებობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



