
მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე 2 დღეა დარჩენილი, თუმცა სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის თანამდებობას არ დატოვებს და მუშაობას გააგრძელებს. როგორც ის აღნიშნავს, დეტალები, თუ რის გაკეთებას აპირებს კვირას, უშუალოდ ინაუგურაციის დღეს გახდება ცნობილი. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს და მუშაობას სხვანაირად გააგრძელებს.
„მე არ მეგონა პარიზში დაბადებული და გაზრდილი ქალბატონი, შემდეგ დიპლომატიაში გარკვეული წლების მანძილზე ნამოღვაწევი ამ დონემდე თუ დაეშვებოდა. მასზე სერიოზული მოსაზრება როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს?" - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის თქმით, ზურაბიშვილს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს:
„ფაქტია, ის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული იქნება და მისთვის მთავარ ფაქტორად დარჩება ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებული იქნება საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად. მას ამის იმედი აქვს."
ზურაბიშვილს კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.
„ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე : „თუკი კვირას, ვთქვათ, დაგაპატიმრებენ და პუტინის მომხრე ფეხბურთელი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, თუკი ამას დაუშვებს ევროპა, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის, პუტინის გამარჯვებას?" - პრეზიდენტმა უპასუხა : „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ეს არ ნიშნავს დასასრულს, რადგან ქუჩებში დგას ქართველი ხალხი. საქართველოში არსებობს საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურ ელიტაზე უფრო დემოკრატიულია. თაობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიბადა, ძალიან განსხვავებული თაობაა და ის არ მიიღებს იმას, რომ ევროპული მომავალი წაართვან".
ასევე, კითხვაზე : „იქნებით თუ არა პრეზიდენტი მომავალი კვირის ამ დროს?" - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა. „მომავალი კვირის ამ დროს უსათუოდ ვიქნები პრეზიდენტი ქართველი ხალხისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი".
ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს დატოვებს.
„პრინციპში, სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ყოფნას რაღაც სიმბოლური ხასიათი ექნება, თუმცა შესაძლებელია დატოვოს. ფაქტია, ის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული იქნება და მისთვის მთავარ ფაქტორად დარჩება ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებული იქნება საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად. ისინი საქმეს მასთან დაიჭერენ. სწორედ ამის იმედი აქვს ზურაბიშვილს. რომ არ გამოვიდეს პრეზიდენტის სასახლიდან, დაფინანსებას შეუწყვეტენ, შეიძლება ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტონ და ა.შ.", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, არჩევნები აღიარა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მეზობელმა სახელმწიფოებმა და ახლა ზურაბიშვილის პოზიცია უადგილოა.
„მე არ მეგონა პარიზში დაბადებული და გაზრდილი ქალბატონი, შემდეგ დიპლომატიაში გარკვეული წლების მანძილზე ნამოღვაწევი ამ დონემდე თუ დაეშვებოდა. მაზე სერიოზული მოსაზრება როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს? როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, თან ის საქართველოში ჩამოვიდა და სცნო არჩევნები. ასევე, სამივე სახელმწიფომ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იმყოფება - თურქეთმა, სომხეთმა აზერბაიჯანმა ჩვენი არჩევნები ლეგიტიმურად სცნეს და ახლა ეს ლაპარაკობს მე არ გამოვალ, ასე ვიზამ და ა.შ. ეს ყველაფერი რამდენიმე სიტყვით შეიძლება ვთქვათ: „გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა", მეტი რა შეიძლება ვთქვა? გაურკვეველ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი და გამოსავალს ვერ პოულობენ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



