თამთა ჩაჩანიძე
(27.12.2024)

„შეიძლება ფიცის დადების ცერემონიის მერეც არ დადგეს დღის წესრიგში ყაველაშვილის შეყვანა ორბელიანების რეზიდენციაში და ხელისუფლებაც მოერიდოს უხერხულ სცენას. ისედაც ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 72 წლის ქალის ციხეში ჩასმა ვის უნდაო, მაგრამ დანარჩენების პასუხისგება იქნებაო. პრეზიდენტისა და სხვა დანარჩენების მიმართ შეიძლება განსხვავებული პოლიტიკა გატარდეს," - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მოსალოდნელი პროცესების პროგნოზირებისას.

„ქართული ოცნების" განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება და დაახლოებით 40 წუთს გასტანს. ელჩები ცერემონიას არ დაესწრებიან. ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდეციაში ინაუგურაციის მერე. ნაწილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს დაიცავს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამით პროტესტი გაუფასურდება.

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი იქს-ზე წერს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა", - წერს უილსონი.

ამის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ სჯერა პარტნიორების სოლიდარობის 29 დეკემბერს და მას შემდეგაც.

„საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მჯერა თქვენი სოლიდარობის! 29-ში [დეკემბერს] და მერეც... ახალ არჩევნებამდე!" - წერს ზურაბიშვილი იქს-ზე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიზე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეიძლება ფიცის დადების ცერემონიის მერეც არ დადგეს დღის წესრიგში ყაველაშვილის შეყვანა ორბელიანების სასახლეში.

„შეიძლება ფიცის დადების ცერემონიის მერეც არ დადგეს დღის წესრიგში ყაველაშვილის შეყვანა ორბელიანების რეზიდენციაში და ხელისუფლებაც მოერიდოს უხერხულ სცენას. ისედაც ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 72 წლის ქალის ციხეში ჩასმა ვის უნდაო, მაგრამ დანარჩენების პასუხისგება იქნებაო. პრეზიდენტისა და სხვა დანარჩენების მიმართ შეიძლება განსხვავებული პოლიტიკა გატარდეს. არა მგონია, რომ პრეზიდენტი, თუკი მარტო დარჩება, ასეთი სცენის მონაწილე გახდეს, რაც პაპუაშვილმა აღწერა - სკამის სახელურს არის ჩაჭიდებული და ეწევიან კარებისკენ. ეს მართლაც დამამცირებელია როგორც პრეზიდენტისთვის, ისე ოპოზიციისთვის, პროტესტისთვის (ამაში გახარიას ვეთანხმები) და საერთოდ ქართველობისთვის დამამცირებელია.

„ოპოზიციონერები, რომელიც იძახიან პრეზიდენტს დავიცავთო, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტი არეულობა შემოიტანონ და ხელისუფლების იძულება იმაზე, რომ იხმაროს ძალა. უცხოელების თვალში, რომლებიც ტელეეკრანებზე ფრაგმენტებს ნახავენ, შეიძლება ამ ტიპის სცენამ პროტესტი არ გააუფასუროს, მაგრამ ქართველი მოსახლეობის და მით უმეტეს თბილისის მოსახლეობის თვალში ამ შენობაზე ასეთი გამწარებული მიწებება თავისთავად დიდი მნიშვნელობის მოვლენად არ აღიქმება, შენობას ხომ მნიშვნელობა არა აქვს?"

საყვარელიძემ შეაფასა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებაც. კითხვაზე, რას უნდა ველდოთ 29-ის მერე აშშ-სგან, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„ძალიან ძნელი სათქმელია. ამერიკაში დემოკრატიული პარტიის წევრები უფრო არიან ჩართულები ამ ანტიქართულ პროცესებში, ვიდრე რესპუბლიკელები, მაგრამ არც რესპუბლიკელები არიან გვერდზე გამდგარი. მათგანაც ბევრი მონაწილეობს ანტიქართულ კამპანიებში და ამიტომ ეგ გამონათქვამი გასაკვირი არაა. რეალურად არც არაფერს არ უნდა ველოდოთ. ჯერ ერთი, თავად ამერიკელებისთვისაა უცნობი, რას გააკეთებს ტრამპი და, მე მგონი, თავად ტრამპისთვისაც არაა გარკვეული, რას იზამს. დავუშვათ საქართველოს გაუბრაზდა, სადამდე გაუბრაზდებიან, ძალიან მაინტერესებს?! ეს პრინციპი, რომ არიქა დასავლეთი რას გვეტყვის, ქართველების ღირსებას აგდებს, ისევე როგორც შენობიდან ზურაბიშვილის ძალით გამოყვანა აგდებს ქართველების ღირსებას. ყველა კონგრესმენის გამონათქვამს ყურს ვუგდებთ და მიგვაჩნია, რომ მთავარია ის, ისინი რას იტყვიან.

„ოცნება" ისედაც რაღაცეებს ანგარიშს უწევს - სააკაშვილი სადაც არის, ეს ციხეა? და პირობები, რომელშიდაც ისაა, ციხის პირობებია? ჰოდა, არ ამწვავებენ ურთიერთობას, რადგან მაინც პრეზიდენტი ჰქვია. ანალიგიურად არც სალომესთან გაამწვავებენ ალბათ ურთიერთობას, თუ მაინცდამაინც, შეიძლება წამოიყვანონ „ვივა მედში" და დაუსვან სააკაშვილს გვერდზე", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე