
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მზადაა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დაიცვას, სხვების აზრით კი პროტესტის დაყვანა პრეზიდენტის შენობიდან გამოყვანა-არგამოყვანაზე და ათონელის რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა „პროტესტს აუფასურებს".
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს დილის საათებშია ჩანიშნული, ცერემონია 11:00 საათზე იწყება და დაახლოებით 12:00 საათამდე გასტანს, რის შემდეგაც სავარაუდოდ დღის წესრიგში დადგება ყაველაშვილის რეზიდენციაში გადაყვანის საკითხი. ანალიტიკოსთა ნაიწლი ამ დღით დაძაბულობას არ გამორიცხავს, ნაწილი კი ამბობს, რომ ზურაბიშვილის გამოყვანის საკითხი „უბრალოდ ტქენიკის ამბავია".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 29 დეკემბერს დაძაბულობას საერთოდ არ ელოდება.
„საერთოდ არანაირ დაძაბულობას არ ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას ერთ რამეში ვადანაშაულებ, რომ ოპოზიციას აკლია მახათები და ნემსები. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გაყვანა-არგაყვანის საკითხს, ისევ ქართულ კლასიკას დავესესხები - როდესაც ბაში-აჩუკმა აბდუშაჰილი ორჯერ დაამარცხა, ირანელები იძახდნენ შაითან-შაითანო, ქართველებმა უთხრეს - გინდა შაიტანე და გინდა გამაიტანე ეგ შენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო.
„რა მნიშვნელობა აქვს ზურაბიშვილი იქ იქნება თუ სხვაგან, ეს უკვე აბსურდის თეატრია. ოპოზიციას ვურჩევდი, ისედაც გამასხარავებულები არიან და მთლად შაპიტოს მსგავს ცირკს ნუ მოაწყობენ. თუ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერები ორბელიანების სასახლიდან არ გამოვიდნენ, ისინი არც მაიკ ტაისონები არიან და არც ის ადგილია მაჟინოს ხაზი. რა უსაშველოა იქიდან სალომე ზურაბიშვილის გამოყვანა? უბრალოდ ტექნიკის ამბავია, რაც არავითარ დაძაბულობას არ გამოიწვევს.
„დარწმუნებული იყავით, რომ 30 დეკემბრიდან თავად ოპოზიცია აიკლებს სალომე ზურაბიშვილს ლანძღვა-გინებით, თორემ აგერ ვნახავთ. მან ოპოზიციას ყველანაირი გეგმები ჩაუშალა, როდესაც ახლახანს მიტინგზე გამოვიდა - რა ილაპარაკა, თავადაც არ იცის, მერე მეორე დღეს ბრიფინგი დანიშნა, ვუსმინე და ვერც მაშინ გავიგე, რა ილაპარაკა. სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ყველას უღალატა და ის თავად ოპოზიციისგან მიიღებს იმას, რაც დამსახურებულად ეკუთვნის", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ 29 დეკემბერს აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა. მისი აზრით, ორბელიანების შენობა საკამათო საკითხი არ უნდა იყოს, როცა სახელმწიფოა გადასარჩენი.
„მიმაჩნია, რომ შენობა მთავარი საკამათო საგანი არ უნდა იყოს, რადგან ადრე თუ გვიან „ქართული ოცნება" მაინც რაღაც ფორმით დაიკავებს - ალყას შემოარტამს, ელექტოენერგიას და გათბობას გაუთიშავს და ა.შ. პრეზიდენტი სულ შიგნით ხომ არ იქნება, ხომ გამოვა, სადღაც წავა, ან უცხოეთში, ან სადმე და შეიძლება უკან აღარ დააბრუნონ და ა.შ.
„შენობა საკამათო არ უნდა იყოს, როცა სახელმწიფოა გადასარჩენი. კარგად უნდა იყოს გააზრებული იმ ხალხის მიერ, ვინც ფიქრობს, რომ შენობაა მთავარი, რა შედეგთან მივლენ და რისი მიღწევა უნდათ, როცა შენობას იცავენ. შენობის დაცვის აზრს ვერ ვხედავ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს დაცული, როგორც პიროვნება და მაქსიმალურად მიეცეს საშუალება, რომ უკვე ახალი რეალობის ლიდერი იყოს, იდეებს უნდა იცავდნენ და არა შენობას. ვეთანხმები მათ აზრს, რომ შენობის გამო დაძაბულობა არ უნდა იყოს.
„ხალხის დიდი ნაწილი მზად არის ქუჩაში დიდხანს იყოს,ჩვენთვის მთავარი ამოცანაა დემოკრატიულმა სამყარომ „ქართულ ოცნებას" მკაფიოდ აგრძნობინოს, რომ მათთვის ის არადემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიკონსტიტუციური მოქმედებები მიუღებელია, მაგრამ დემოკრატიულ სამყაროს ჩვენ მხოლოდ ჩვენი პროტესტით გავაკვირვებთ, ეს ბევრს ესმის და საზოგადოების დიდი ნაწილიც აპირებს ქუჩაში იდგეს. მაგრამ მე მაინც მგონია, საჭიროა დამატებითო მოქმედებები, კვირაში ერთხელ გაფიცვის ფორმა და ა.შ.
დე ფაქტო ინაუგურაცია პარლამენტში იქნება, პარლამენტთან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიკრიბება და ალბათ ბევრი ხალხი იქნება.
„პროტესტს ორგანიზატორები არ ჰყავს და ხალხი გადაწყვეტილებას თვითონ იღებს, სად და როგორ შეიკრიბოს. მთავარი არაა, სად იქნება, მთავარია ეფექტური იყოს და „ქართული ოცნებისთვის" დამაფიქრებელი",- განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
„ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა დოლიძე მზადაა 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩეს სასახლეში და დაიცვას პრეზიდენტი.
„მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი", - განაცხადა ანა დოლიძემ.
„პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს", - წერს „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია.
მისი თქმით, ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს და სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. გახარია აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ კონკრეტული თარიღის დროულად გამოცხადებას მოითხოვს.
„პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს შენობა. ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.
„უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი! დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!" - წერს გახარია.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ ზურაბიშვილი სკამს ჩაებღაუჭება, ქართული საზოგადებისგან ამას დაცინვა მოჰყვება, სხვა არაფერი.
„ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული. არ ვიცი, საზოგადოებას გვექნება თუ არა იმისი შესაძლებლობა, რომ პირველად ვნახოთ ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ „ვიღაც თავის სკამს ჩაებღაუჭა". თუ პირდაპირი გაგებით ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან გარდა დაცინვისა, არაფერი მოჰყვება. მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ან ქალბატონი სალომე და ან მისი მრჩეველი. ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოს წინ რადიკალური ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს.
„ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს [პრეზიდენტის სასახლიდან], ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა. ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ. ასე რომ, მისი ეს განცხადება გასაკვირი არ არის. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თავის სოცქსელში არჩევნების მეორე დღესვე დაწერა, რომ პარლამენტის წევრია და შეიცვალა სტატუსი. მას ეს უნდა - ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი რომ გამოვიდეს, ქალბატონი ანა მაინც იქ დარჩება და დახვდება ახალ პრეზიდენტს.
„რა თქმა უნდა, არასერიოზულია, მგონი თვითონაც აცნობიერებენ, რომ ეს არასერიოზული მიდგომაა. ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს. მეორე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. არ ვურჩევ, რომ ვინმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდეს, რადგან ყველამ, ვინც ეს გააკეთა, წააგო. აქაც ხედავენ, რომ ამ ბრძოლად აგებენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



