
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში გაიმართება, ღონისძიება 11:00 საათიდან დაიწყება. ის დაახლოებით 40 წუთს გასტანს და მას არ დაესწრებიან ელჩები. ამის ერთ-ერთ მიზეზად „ქართული ოცნება" პარლამენტის დარბაზში ადგილების სიმცირეს ასახელებს. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიწვევა არც იგეგმებოდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, 29 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა კი, სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად პარლამენტს უნდა მიმართონ - ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ყაველაშვილის ინაუგურაციას „ქართული ოცნება" მოკრძალებულად აღნიშნავს და რატომაც არ დაესწრებიან ელჩები. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოებაა, მეორე კი ის, რომ ყაველაშვილი თავად პარლამენტში აირჩიეს და „უპრიანი და ლოგიკურია თუ პარლამენტში შედგებოდა მისი ინაუგურაცია".
„ვფიქრობ ეს რამდენიმე გარემოებით არის გამოწვეული, პირველი ეს არის გარკვეულწილად უსაფრთხოების მოსაზრებები, რადგან პარლამენტის შენობა შედარებით დაცულია და ამ მხრივ. როგორც ჩანს, გადაწყდა, რომ პარლამენტი ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციამ შეიძლება საპროტესტო აქცია მოაწყოს და რამე პროვოკაცია იყოს.
„მეორეც, პრეზიდენტი პირველად პარლამენგის მიერ იქნა არჩეული და სავარაუდოდ უფრო უპრიანი და ლოგიკურია, რომ პარლამენტში შედგეს მისი ინაუგურაცია და ჩვენ არაერთი ქვეყნის მაგალითები ვიცით, სადაც პარლამენტს აურჩევია პრეზიდენტი და ინაუგურაცია სწორედ პარლამენტის მთავარ დარბაზში გამართულა - აქ რაღაც განსაკუთრებული არ არის, რომ ინაუგურაცია პარლამენტში იმართება.
„ეს (გამსახურდიას ინაუგურაციის) ისტორიაც შეიძლება გავიხსენოთ (რომელიც პარლამენტის შენობაში შედგა), მაგრამ მაშინ გასაგებია სხვა სიტუაცია იყო და ისეთი მოცემულობა არ იყო, როგორიც ამჯერად გვაქვს, განსხვავება აშკარად თვალშისაცემია.
„ჩემი აზრით, ელჩები იმიტომ არ არიან დაპატიჟებულები, რომ როგორც ჩანს, თავად ელჩებმა განაცხადეს უარი ღონისძიებაში მონაწილეობაზე. მეორე მიზეზი კი შეიძლება იყოს ის, რომ რაკი ის ქვეყნები, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ, ჯერჯერობით ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ - მათ მოლოცვები არ გამოუგზავნიათ, როგორც ამას დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლი ითხოვს, შესაბამისად მათი მოპატიჟებაც არ ჩათვალეს საჭიროდ. ჩემი აზრით, ეს გარკვეულ ლოგიკაში ჯდება, რადგან შენ თუ პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებ და ამას საჯაროდ აცხადებ, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყნის ელჩი და მათი ოფიციალური წარმომადგენლები, მაშინ ინაუგურაციაზე რა გესაქმება? ამიტომაც ეს მიზეზ-გარემოებებია რატომაც არ ესწრებიან და არ არიან მოპატიჯებულები ალჩები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, როგორი იქნება ინაუგურაცია და როდის დაიწყება.
„29 დეკემბერს, კვირას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" კანონის შესაბამისად ცერემონია პარლამენტის სასახლეში იმართება. კერძოდ, სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით, 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
„რაც შეეხება ინაუგურაციის პროცესს, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენთვის პირველი და ისტორიული მომენტი, ვინაიდან საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხდება. როგორც საპარლამენტო რესპუბლიკების ტრადიციაა, ინაუგურაციის პროცესი პარლამენტის შენობაში იმართება. ჩვენ სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის საინუგურაციო კონსტიტუცია დავბეჭდეთ, რომელიც პირველად იქნება გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას, ზუსტად ეს იქნება გამოყენებული, ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე სახელმწიფო არქივს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მოწვევა განსაზღვრული არც ჰქონდა.
„ელჩები დაპატიჟებულები არ არიან... მე არც მქონდა განსაზღვრული, რომ მოგვეწვია უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ამ ინაუგურაციაზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს არის მთავარი განმაპირობებელი. მთავარი არის ის, რომ ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრონ და ასევე კონსტიტუციური ორგანოები სრულად იყვნენ წარმოდგენილი," - განაცხადა პაპუაშვილმა.
ინაუგურაციის პროტოკოლი
ინაუგურაციას საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ ბრძანების 23-ე მუხლი არეგულირებს, სადაც ვკითხულობთ, რომ:
თანამდებობის დაკავების წინ ახალარჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის".
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს.
ფიცის დადებამდე შემოაქვთ სახელმწიფო დროშა. ახალარჩეული პრეზიდენტი მარჯვენა ხელს ადებს კონსტიტუციას და წარმოთქვამს ფიცს. ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება სახელმწიფო დროშა. ცერემონიალში მონაწილეობენ შეიარაღებული ძალები.
ცერემონიალს ესწრებიან წინა პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, ახალარჩეული პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები. ცერემონიალს შეიძლება ესწრებოდნენ საქართველოდან და უცხოეთიდან მოწვეული სხვა პირები.
რომელმა პრეზიდენტმა სად დადო ფიცი
საქართველოში ინაუგურაციის ცერემონია პირველად თბილისში, პარლამენტის შენობაში 1991 წლის 14 ივნისს შედგა, როდესაც პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. ფიცის დადების შემდეგ გამსახურდია პარლამენტის გარეთ გამოვიდა, სადაც მხარდამჭერები ელოდნენ.
მეორე ინაუგურაცია 1995 წლის 26 ნოემბერს შედგა, როდესაც საქართველომ მეორე პრეზიდენტად ამავე წლის 5 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე აირჩია. ინაუგურაციის ცერემონია, შევარდნაძისვე ინიციატივით, მთაწმინდის პანთეონიდან, ილია ჭავჭავაძის საფლავის მონახულებით დაიწყო. შემდეგ პარლამენტის წინ ფიცი დადო. ინაუგურაციის მეორე ნაწილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საზეიმო საღმრთო ლიტურღია აღავლინა.
მესამე ინაუგურაცია 2000 წელს გაიმართა, როდესაც ედუარდ შევარდნაძე მეორე ვადით მოვიდა პრეზიდენტად. ფიცი იგივენაირად დადო, როგორც პირველ ჯერზე.
2001 წლის 27 სექტემბერს შევარდნაძემ №386-ე ბრძანებულებით საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესი დაამტკიცა. ბრძანებულებაში ოფიციალურად გაიწერა პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტი თაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გვირგვინით ამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს. შემდეგ პრეზიდენტი და თანმხლები პირები შემოივლიან პანთეონს.
მეოთხე ინაუგურაცია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2004 წლის 25 იანვარს შედგა. ამ დროისთვის უკვე არსებობდა პრეზიდენტის ბრძანებულება საპროტოკოლო ღონისძიებათა გამართვის შესახებ, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ 2001 წლის 27 სექტემბერს მოაწერა ხელი. სააკაშვილმა შევარდნაძის პროტოკოლი დაიცვა, თუმცა გარკვეული დეტალები თავად შეიტანა, პირველი ნაწილი გელათში გაიმართა, ხოლო მეორე თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები და საზღვარგარეთის ოფიციალური დელეგაციები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი.
მეხუთე ინაუგურაცია შედგა პარლამენტის შენობასთან 2008 წლის 20 იანვარს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მეორე ვადით აირჩიეს.
მეექვსე ინაუგურაცია შედგა 2013 წლის 17 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს პრეზიდენტად. ცერემონია ისტორიაში პირველად პარლამენტის შენობის შიდა ეზოში გაიმართა.
მეშვიდე ინაუგურაციის ცერემონია საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართა. წინა დღეს, 15 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მივიდა. პანთეონსა და გმირთა მოედანზე ვიზიტი წინა პრეზიდენტების ინაუგურაციისას საპროტოკოლო ღონისძიებათა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ეს პროტოკოლი შეიცვალა, საინაუგურაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის პანთეონსა და გმირთა მემორიალთან მისვლა არჩეული პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილებით მოხდა.
სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, შემდეგ მოილოცა ილია ჭავჭავაძის საფლავი მთაწმინდის პანთეონში და აგრეთვე მოინახულა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საფლავები.
16 დეკემბერს კი, თელავში, ერეკლე II-ის სასახლის ეზოში მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ინაუგურაციაზე დამსწრეთა შორის იყვნენ გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, სრულიად საქართველოს საკოთიკოს-პატრიარქი ილია II, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვა დელეგაციების წარმომადგენლები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



