
ქვეყანაში უკვე ერთი თვეა უწყვეტი პროტესტია და მომიტინგეები გაჩერებას არ აპირებენ - 28 დეკემბერს საქართველოს ქალაქებში "ერთობის ჯაჭვი" გაიმართება, აქცია უკვე დიდი ხანია დაანონსებულია 29 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის თარიღი გახდა ცნობილი.
რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუქზე" ღონისძიება "ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" შეიქმნა, სადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ახალ წელს რუსთაველზე შეხვდება, იდეა მოიწონეს პროტესტანტებმაც.
25 დეკებერს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაციის თარიღი უცვლელია და 29 დეკემბერს გაიმართება, არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას პარლამენტის აპარატი ამზადებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები - ე.წ. ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
პროტესტის როგორ გაგრძელებას ელოდებიან ანალიტიკოსები
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" ახადებს, რომ 31 დეკემბერს აქცია კი იქნება პარლამენტის წინ, მაგრამ ოპოზიციონერებმა არ უნდა დაივიწყონ "საცივის პოლიტიკა". აბაშიძე ამბობს, რომ დღეს მოცემულობა 2020 წლის სცენარს ძალიან ჰგავს.
"წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებები ძალიან სასაცილო და ტრაგიკომიკურია, ამ ქალბატონმა ვერ გაიგო, თუ რა რეალობაში არსებობს. 31 დეკემბერს აქცია კი იქნება, მაგრამ რას აპროტესტებენ? არჩევნები აღიარა ევროკავშირმა, ეუთომ და უწინარესად ქართველმა ხალხმა.
"ოპოზიციისგან ისევ მეორდება ის მესიჯი, რაც იყო 2020 წელს, როცა ისინი რაღაცას ელოდებიან, თუმცა არ დავივიწყოთ ე.წ. საცივის პოლიტიკა. სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა გვარამიამ, გიორგი გახარიამ თუ სხვებმა რეალობა უნდა შეაფასონ, რეალობა ისაა, რომ ქართველმა ხალხმა ასარჩევი ხელისუფლება უკვე აირჩია, ოდიოზური განხეთქილებები კი თავად ოპოზიციაშია",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროტესტი არც ახალი წლის დღესასწაულებზე შეწყდება, რისი გასვლის შემდეგაც "დიდი ტალღა წამოვა".
"მგონია, რომ პროტესტი ახალი წლის დღეებშიც გაგრძელდება, პირიქით, შეიძლება უფრო მეტი ადამიანიც იყოს დაანონსებულ აქციებზე, თუ ადრე ვინმე ზამთრის კურორტებზე, ან სადმე გასვლას გეგმავდა, ბევრი აღარ წავა და არაა გამორიცხული რუსთაველზე გავდეს. ყოველ შემთხვევაში, საპროტესტო ტალღა არ შეწყდება.
"ახლა აქციებზე ხან 200 ათასი ადამიანი გამოდის, ხან ოცი ათასი, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, რომ ახალი წლის დღესასწაულები რომ გადაივლის, მერე დიდი ტალღა წამოვა.
"გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს თელავში გაიმართა, სააკაშვილის კი ქუთაისში, ბათიუმში და მერე თბილისში. ყაველაშვილის ინაუგურაცია კი გადაწყვიტეს მოკრძალებულად ვითარების გათვალისწინებით.
„იციან, რომ არავინ არ ცნობს, არავინ აღიარებს. ამ დღით პარლამენტის გარეთ ბევრი ადამიანი შეიკრიბება. შესაძლოა ადგილი არ ჰქონდეს ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლიდან ძალით გამოყვანას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ელექტროენერგია შეუწყვიტონ და გათბობა გამოურთან, ამით კი აიძულონ, რომ შენობა დატოვოს. ყოველ შემთხვვაში, დაძაბულობა მოსალოდნელია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას ამბობს "ქართული ოცნება" და ოპოზიცია
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პროტესტის მუხტი მიილია.
„შეიძლება არაერთი ადამიანი გულწრფელიც იდგეს აქციაზე, მაგრამ ჩვენ სასაყვედურო და სამხილებელი გვყავს ის ხალხი, რომლებიც ამას აორგანიზებენ. ცოტა ფული არ ჯდება. ამ პერფორმანსებს პატარა ორგანიზება არ სჭირდება. არ არსებობს, რომ დავწერო პოსტი და არ გამოვარდნენ და შეტევა არ მოაწყონ. რაც უფრო მეტ შეტევას აწყობენ, მით უფრო მოტივირებული ვარ, რომ რაღაც დავწერო.
"დღეს, მაგალითად, შეიძლება რაღაც ციფრი დავწერო - დაახლოებით რამდენი იყვნენ. შეიძლება წინასწარვე ვთქვა, რომ დღეს შეიძლება იყვნენ 1984 და ამაზე ერთი ამბავი ატყდება. პირობითად დაწერ თუ არაპირობითად, რა დღეში არიან. იცით რატომ? - მათი რევოლუციური სცენარის ყველაზე დიდი მტერი დრონია. რევოლუციური სცენარის უფრო დიდი მტერი მგონი „ქართული ოცნება" არ არის ისე, როგორც ერთი უწყინარი მოწყობილობა - დრონი. განსაკუთრებით, „იმედის" დრონს ემტერებიან. ფოტოგრაფი რომ ჰყავთ Ezz Gaber, რაც არ უნდა გაბეროს „ეზ გაბერმა" ვერ გაიბერება [რაოდენობა]", - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, „რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის მათ [ოპოზიციას] სჭირდებათ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ინსტრუმენტად და სხვადასხვა მოწოდებები, მათ შორის დაუმორჩილებლობაზე".
„რეალურად, მართლა არ აქვს მნიშვნელობა 3000 ადამიანი დგას აქციაზე თუ 7000. რეალობა ის არის, რომ ამას დიდი ორგანიზება და ფული სჭირდება. ამ ფულთან დაკავშირებით „გამჭვირვალობის კანონსაც" ებრძოდნენ. ასევე, რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის მათ სჭირდებათ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ინსტრუმენტად და სხვადასხვა მოწოდებები, მათ შორის დაუმორჩილებლობაზე, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან სახელმწიფო დგას ფეხზე!", - განაცხადა მდინარაძემ.
გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ის შედეგი, რასაც ოპოზიცია ელის, მომავალი წლის პირველ კვარტალში მიღწეული იქნება.
„დღეს საზოგადოებაში მთავარი დაკვეთა არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა. იცით, რომ ამ საპროტესტო მუხტს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, აქვს ორი მოთხოვნა: ერთ-ერთი არის უკანონო დაკავებულების გათავისუფლება და მეორე არის ხელახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა შევქმნათ ის მოდელი, წინაპირობები, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებისთვის.
"ჩვენ არ გვსურს ისეთივე არჩევნები, რომლის პირობებშიც ივანიშვილს და „ოცნებას" ექნება საშუალება, რომ მოჰპაროს ქართველ ხალხს, როგორც ეს გააკეთა აქამდე. დღეს „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში. არცერთი განცხადება, რომელიც იქნება გაკეთებული და გაჟღერებული თოჯინების თეატრის წარმომადგენლების მხრიდან, არ იქნება, რა თქმა უნდა, მიმართული იმაზე, რომ მათ გამოაჩინონ ან უკან დახევა, ან კომპრომისი და ა.შ. ჩვენი მთავარი სამიზნე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გაგრძელების არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავად სანამ არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მანამდე ეს თოჯინების თეატრიც ასეთი შემართებით იქნება. საკუთარ თავს დააჯერებენ, რომ არაფერი ხდება და ექნებათ ივანიშვილის მილიარდების იმედი.
"ჯერჯერობით, ივანიშვილის გამხმოვანებლები აჩვენებენ ისეთ პოზიციებს, თითქოს, მათი საქმე არის ძალიან კარგად, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ, რომ უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციები მოდის. საპროტესტო მუხტი ქვეყნის შიგნით კი არ ნელდება, არამედ კიდევ უფრო მეტად მასშტაბური ხდება და კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებული კონკრეტული საკითხების ირგვლივ.
"ამოცანას, რომელიც გადასაჭრელი გვაქვს და არის ამ ე.წ. ხელისუფლების ძალაუფლებიდან გაშვება, არის რამდენიმე ფაზად დაყოფილი. დაახლოებით მომავალი წლის პირველი კვარტლის პერიოდში იქნება შედეგი მიღწეული.
ეს არის დაახლოებით მეორე ფაზა, როცა საერთაშორისო სანქციები, „მაგნიტსკის სია" იქნება თუ სხვა, იქნება გაფართოებული მათ შორის ივანიშვილზეც. ახლა რას გვეუბნებიან, საერთაშორისო სანქცირებულ ადამიანს თუ ფინანსური ზიანი მიადგებაო, სანქცირებულ დამნაშავე ადამიანს, რომელთა ნაბიჯებმაც თვითონ გამოიწვია სანქცირება, ბიუჯეტიდან მოხდება ამის ანაზღაურებაო. ხომ გასაგებია, რომ მთავარი ადრესატი ამ საკითხის არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის შემთხვევაშიც საუბარი შეიძლება იყოს ასობით მილიონ და მილიარდობით ლარზე", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



