თამთა ჩაჩანიძე
(25.12.2024)

"ქართულმა ოცნებამ" 20 იანვართან დაკავშირებით როტორიკა შეცვალა და განცხადებებში იკითხება, რომ მმართველი პარტია აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ძველებურად დიდ იმედებს აღარ ამყარებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ტრამპი რეალურად არაფერს არ შეცვლის "ოცნების" სასიკეთოდ. თავად "ოცნების" განცხადებებში ახალი ტერმინი "დიფ სთეითი" გაჩნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ თუ აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი "დიფ სთეითისგან" გათავისუფლდება", ეს საქართველოზეც დადებითად აისახება.

"ნათქვამის შინაარს იძლევა ის სიტუაცია, რომელშიდაც ითქმება, ანუ ადრე უფრო მძიმე სიტუაცია იყო და იმ მოვლენების ჩვენება, რამაც შეიძლება ადამიანს ოპტიმიზმი გაუღვიძოს და შეუნარჩუნოს. ახლა სიტუაცია შერბილდა, ასეთი მკვეთრი განცხადებების აუცილებლობა აღარაა და დაიწყო უკვე ზრუნვა იმაზე, რომ არ აღმოჩნდეს მოსახლეობა უფრო დიდ მოლოდინში, ვიდრე რეალობას შეესაბამება. რა თქმა უნდა, ისედაც ცხადი იყო, რომ 20 იანვარი არარეალური თარიღია - როგორ წარმოგვედინა ახლა, ტრამპი ფიცს დადებდა, მერე შეტრიალდებოდა და იტყოდა საქართველოში რა ხდებაო?"- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ.

"ეს იდეა თავიდავნე გამიზნული იყო არა იმისთვის, რომ მართლა რაღაცას დაალაგებდნენ, არამედ პროპაგანდისტული იდეა იყო, რომ როგორმე დრო გაეწელათ. განცხადებების შერბილება დაიწყეს, რადგან იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალური ნამდვილად არ იქნება",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

რას აცხადებდა და აცხადებს "ქართული ოცნება"

24 დეკემბერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჩვენს გასაკეთებელს არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული სახელწიფოს წარმომადგენელი.

„დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ერთნაირ პლატფორმაზე ვართ. იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ ტრამპის გუნდის წევრებისგან, მაგალითად, ის რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა და ა.შ, ეს კონსერვატიული მიდგომები და დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.

"ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, რაზეც კანონი მივიღეთ. ბევრი მიმართულებაა, რაზეც თანხვედრაა. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ განცხადებებით, რაც ტრამპის მხრიდან მოვისმინეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ „დიფსთეითი" დაამარცხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ბოლოო თვეების განმავლობაში ღიად ვსაუბრობდით და საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს „დიფსთეითი", „გლობალური ომის პარტია", რა გავლენები აქვს მას, როგორ იმართება, როგორ მუშაობენ. თუ ის შეძლებას ამის დამარცხებას, ეს ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინსვლას, ეს ყველაფერი ჩვენზე, ხალხზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა მხარი ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი გავატაროთ. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესს გაატარებს. ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა",- განაცხადა კალაძემ.

15 დეკემბერს კი კახა კალაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ყველაფერი 20 იანვრის მერე დასრულდება.

„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში. კარგად ვხედავთ თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება. 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

"სანქციები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა. ისეთი ევროპა, როგორც ჩვენ ქართველებს წარმოგვიდგენია და ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის, ისეთი ევროპა დაბრუნდება, რაც გვინდა, რომ დაბრუნდეს.

"დღეს, რაც ხდება ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს არის უსამართლობის სრული პიკი, უსამართლობის კადრების სრული პიკი, თეთრზე გვიმტკიცებენ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი დასრულდება და დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის",- განაცხადა კალაძემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვარზე.

"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს ერთი - ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე - "დიფ სტეიტის" დამარცხება.

„ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები, ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს" და რას გულისხმობენ ამაში - როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი.

"თურმე, აღმოჩნდა, რომ მაგალითად, „The Hill", ძალიან გავლენიანი გამოცემა, თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა [აშშ-ის] მოქმედი ადმინისტრაცია. „ომის პარტიას" ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია ვინ იყო, ხალხს გაერჩია - „ნაცმოძრაობა" და მისი კლასტერი, აგენტურა და გლობალური ომის პარტია - გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები. როდესაც არის „დიფ სტეიტზე" საუბარი, რაზეც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები საუბრობენ, ეს ნიშნავს, თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს - ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ავტორები, ვის გავლენებზეა საუბარი, ჩვენ შეგვიძლია პირობითად თუ არაპირობითად მოვიხსენიოთ „გლობალური ომის პარტიად" ან გლობალური ომის ძალებად და ა.შ.

"შესაბამისად, ეს არაფორმალური გავლენები, არაფორმალური მმართველობა, ჩვენ რომ თურმე გაღმა გვედავებოდნენ, მ დროს, თურმე, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე, 1-ელ დეკემბერს ასევე მამუკა მდინარაძე ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებს ბაიდენის ადმინისტრაცია.

"პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით: 1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. 2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. 3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე. 5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. 6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში. რა ნაცების ტოპტვინები...", წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს განაცხადა, იმედოვნებს, რომ "დიფ სთეითის პრობლემა "სრულიად დაიძლევა".

"რეალურად, დღის შუქზე გამოვიდა ის პრობლემები, რაც ჰქონდა აშშ-ში ოფიციალურ სტრუქტურებს, იგივე პრობლემები აქვს ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებს. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში შექმნილი, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ოფიციალურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ორივე მიმართულებით „დიფ სთეითის" პრობლემა სრულად დაიძლევა. ამაზე არის დამოკიდებული საქართველო აშშ-ის ურთიერთობების სრულად გაჯანსაღება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაჯანსაღება", - განაცხადა პრემიერმა.

9 დეკემბერს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას 20 იანვრის ეშინია და "ოცნება" ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ერთ-ერთ მათ(ოპოზიციის) ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ. თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ესენი უფრო მალე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - განაცხადა კობახიძემ.

რატომ შეცვალა რიტორიკა "ქართულმა ოცნებამ" 20 იანვარზე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 20 იანვარზე ოპტიმისტური მოლოდინი და განცხადებები პროპაგანდის ნაწილი იყო და თავად კარგად იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "ოცნების" მიმართ ლოიალური არ იქნება.

"ეს იდეა თავიდავნე გამიზნული იყო არა იმისთვის, რომ მართლა რაღაცას დაალაგებდნენ, არამედ პროპაგანდისტული იდეა იყო, რომ როგორმე დრო გაეწელათ. 28 ნოემბრიდან 20 იანვრამდე ფაქტიურად ორი თვე იყო დარჩენილი და ხელისუფლებას პროპაგანდისთვის ნამდვილად აწყობდა. მშვენივრად იცოდნენ და ჩვენც ვიცოდით, რომ ასეთი იმედები ფუჭი იყო.

"ახლა უკვე 20 იანვარი მოდის და ხელის გულზეა და იქამდე რომ ეს ელაპარაკათ, ტრამპისა და მისი პოზიციისადმი აღვირახსნილი პროპაგანდა გაეწიათ და იანვრის შემდეგ უცებ გამოჩნდებოდა, რომ თურმე ასე არაა, ეს უფრო ცუდად იმოქმედებდა, ახლა პროპაგანდას ნელ-ნელა დაბლა უშვებენ და თან ცდილობენ შეცვალონ ამ განცხადების და პროპაგანდის შინაარსი.

"ახლა ამბობენ,რომ თუ გაამართლებს ტრამპი ჩვენს იმედებს ხომ კარგი, თუ არა და ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთო - უკვე დაიწყეს არა მარტო შერბილება, არამედ იმ პროპაგანდისტული თეორიის უარყოფა, რაც მათ ჰქინდათ, თორემ თვითონაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ არანაირი ტრამპის მოსვლა ჩვენთან ურთიერთიბაში არაფერს არ შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრატეგიულ მეგობარ აშშ-ს სტრატეგიული მეგობარ ჩინეთით ანაცვლებ და ამაზე იმედები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კეთილგანწყობილი იქნება, ეს ხომ გამორიცხულია? ამისთვის პოლიტოლოგობაც არაა საჭირო. განცხადებების შერბილება დაიწყეს, რადგან იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალური ნამდვილად არ იქნება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნათქვამის შინაარსს იძლევა ის სიტუაცია, რომელშიც ითქმება. ანალიტიკოსის ტქმით, ადრე უფრო მძიმე სიტუაცია იყო და ოპტიმისტური განცხადებები უფრო საჭირო იყო.

"საინტერესო ხალხია პოლიტიკაში ვინც მოდიან და ოპოზიციაში განსაკუთრებით, ადამიანი ყოველთვის ერთსა და იმავეს უნდა ლაპარაკობდეს? ნათქვამის შინაარს იძლევა ის სიტუაცია, რომელშიდაც ითქმება, ანუ ადრე უფრო მძიმე სიტუაცია იყო და იმ მოვლენების ჩვენება, რამაც შეიძლება ადამიანს ოპტიმიზმი გაუღვიძოს და შეუნარჩუნოს, უფრო საჭირო იყო და ამიტომ ყველა განცხადება უფრო ცალსახა იყო.

"ახლა სიტუაცია შერბილდა, ასეთი მკვეთრი განცხადებების აუცილებლობა აღარაა და დაიწყო უკვე ზრუნვა იმაზე, რომ არ აღმოჩნდეს მოსახლეობა უფრო დიდ მოლოდინში, ვიდრე რეალობას შეესაბამება. რა თქმა უნდა, ისედაც ცხადი იყო, რომ 20 იანვარი არარეალური თარიღია - როგორ წარმოგვედინა ახლა, ტრამპი ფიცს დადებდა, მერე შეტრიალდებოდა და იტყოდა საქართველოში რა ხდებაო?

"შეიძლება თვითონ შეაშფოთა თავიანთმა ნათქვამმა, შეიძლება აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი მოლოდინი გაჩნდა, ვიდრე საჭირო იყო. ალბათ მართლაც ბევრმა იფირა, რომ ტრამპი როგორც კი ფიცს დადებს, გონება პირდაპირ საქართველოსკენ გაექცეოდა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და ეგ არც იგულისხმებოდა. უბრალოდ 20 იანვრის მერე ტრამპი სრულფასოვანი პრეზიდენტი გახდებოდა და ეს ფაქტი შეცვლის მსოფლიოში ბევრ რამეს.

"ადამიანი ჯერ პრეზიდენტი არაა და უკვე ვხედავთ, რომ ბევრი რამ იცვლება - ეს იგულისხმებოდა და ამა თუ იმ მოვლენაზე ჩვენ ზედმეტი მოლოდინების აგება გვჩვევია და ამის დაზღვევისთვის შეიძლება დამატებით განცხადებები ითქვა, მაგრამ დავაკვირდეთ რისი მოლოდინი გვიჩნდება - თუ გვიჩნდება იმის მოლოდინი, რომ ტრამპი ფიცის დადების მერე ჩაალაგებს ჩემოდანს და საქართველოში გამოვარდება, ალბათ ეს რეალური არაა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

რას ამბობს ოპოზიცია

"უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები - წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება",- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას" ეს მირაჟიც უქრება".

„რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს ამშვიდებდნენ. ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს.

„თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება", - ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები. წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება",- წერს ნიკა მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე