
ოპოზიციასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები კვლავ აქტიურ ფაზაშია და ამის პარალელურად ისმის ოპოზიციონერების კრიტიკული შეფასებები პრეზიდენტის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოპოზიცია პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნას და ახალი არჩევნების ჩანიშვნას სთხოვს. რისი მაჩვენებელია ასეთი განსხვავება პრეზიდენტისა და ბარიერგადალახული პარტიების მიდგომებში და რეალურად შეუძლია თუ არა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის დათხოვნა?
კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დათხოვნის არა უფლება, არამედ ვალდებულება, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში. მაგალითად, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი მთავრობას ვერ ქმნის; ან, როდესაც მთავრობა ითხოვს პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას, პარლამენტი კი არ უცხადებს ნდობას და ვერც თავად ქმნის ახალ მთავრობას. ამჟამად მსგავსი არაფერი გვაქვს. სხვა შემთხვევა კი, როდესაც პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტი დაითხოვოს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, კონსტიტიციონალისტ ვახტანგ ხმალაძის თქმით, უბრალოდ არ არის გაწერილი კონსტიტუციაში.
პრეზიდენტთან კონსულტაციების პროცესშია ჩართული ყოფილი პარლამენტარი და იურისტი თამარ ჩუგოშვილიც, რომელსაც პარლამენტის დათხოვნა და ახალი საარჩევნო თარიღის გამოცხადება არ მიაჩნია სწორად, რადგან „ახალ არჩევნებამდე ბევრი რამაა გასაკეთებელი".
მედიაციის პრიცესში ჩართული „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ „ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია" და მისი პირადი პოზიციაა „პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები!" გვარამია ამბობს, რომ „სხვა გამოსავალს ვერ ხედავს".
რისთვის აკრიტიკებენ ზურაბიშვილს
ოპოზიციის წარმომადგენელთა კრიტიკის მთავარი მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ის განცხადება გახდა, როდესაც მან „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვედრა და მოლაპარაკება შესთავაზა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეცდომაა. შესაბამისი განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა „ვივამედიდან" ჩართვისას:
„მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ - ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა. ეს არ არის შეგონების ენა, ეს არ არის შელოცვები, ეს არ არის მოთხოვნები, თხოვნები, მოწოდებები - სასაცილოდ არ ჰყოფნის. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა.
„მეგობრებო, ჩვენ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ - ნუ გეშინიათო, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამ სანამ ხალხის წინაშე არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები, შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამისკენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
დაახლოებით იგივე გაიმეორა ენმ-ის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
„სიტუაცია იქამდე უნდა მიიყვანო, რომ ბიძინა ივანიშვილს შენ კი არ ეხვეწებოდე - მოდი მელაპარაკეო, ის აქეთ შეგეხვეწოს, რომ რა გავაკეთო იმისათვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეთო. ნელ-ნელა აგურ-აგურ იშლება სისტემა და შენ გინდა გადაარჩინო ბიძინა ივანიშვილის სისტემა?" - განაცხადა ცისკარიშვილმა „ტვ პირველთან".
ჟურნალისტ ეკა მიშველაძის კითხვაზე, თუ როგორ უნდა მივიდეს სისტემა აქამდე, ცისკარიშვილმა უთხრა:
„მუდმივი წნეხით საზღვარგარეთიდან, სანქციებით, უცხოელ პარტნიორებთან მუშაობით, აქ ქუჩაში აქტიურობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ უნდა იყოს მოწოდება უკვე იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც სისტემიდან არ გამოსულან და ქუჩაში პროტესტში მონაწილეობა არ მიუღიათ. შემდეგ უკვე ბიზნესებზე გადადიხარ, ვინც არ მონაწილეობენ თავის სხვა ბიზნესმენ კოლეგებთან ერთად და არ უდგანან თავის ხალხს გვერდში, ასე ნელ-ნელა ფართოვდება ის წრე, ვინც რეჟიმის საწინააღმდეგო აქტიურობაშია ჩართული და ჩემი ვარაუდით, ბოლო აგური და ბოლო ბლოკი, რომელიც ამ შენობას უნდა გამოეცალოს, არის პოლიცია. მერე, თუ ბიძინა ივანიშვილის სისტემა რაზეც დგას, ეს ფუნდამენტი ჩამოიშალა, კი ბატონო, მერე დალაგდი, გინდა დროებითი მთავრობით, გინდა ოპოზიციით და მარტო ოთხი პარტიით კი არა, დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც მოიწვიე. მადლობა ღმერთს ლეგიტიმური ინსტიტუცია არსებობს პრეზიდენტი და გააკეთე ახალი ცესკო სუსი და ა.შ.
„ივანიშვილი უნდა გეხვეწოს, რომ „მოვიდე ჩემი ტყავი გადავარჩინო, ჯანდაბას ეს დანარჩენები"... აქეთ უნდა გელაპარაკოს. მთავარ შულერს, „კარტოჟნიკს" მამაძაღლს, რომელიც ყველაფერს გაგიყალბებს, ეუბნები, რომ მოდი კიდევ ერთი ტური ჩამიტარეო - ასეთი რაღაც გაგიგიათ?", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
პრეზიდენტის მოქმედებებით გაკრვეული უკმაყოფილება ჩანს „ახალის" ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებაშიც, რომელიც მან აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
„ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია - სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე.
„მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს. არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა.
„ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არაა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების. ბრძოლის დროა და არა პროცესით ტკბობის. რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო", - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე".
რა შეუძლია პრეზიდენტს და რა - არა
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, დღევანდელი მოცემულობა არ აძლევს პრეზიდენტს იმის საშუალებას, რომ პარლამენტი დაითხოვოს და არჩევნები ჩანიშნოს.
„ახლა რაიმე სამართლებრივ საფუველზე ლაპარაკი ძალიან რთულია, ვინაიდან ფაქტორბივი ხელისუფლების მთავარი რგოლი - პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან თავისივე უფლებამოსილების ცნობა კანონის დარღვევით მოახდინა. შესაბამისად, არალეგიტიმურია მისივე შექმნილი მთავრობა და არალეგიტიმურია, როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის გადაწყვეტილებები. ფაქტობრივი ხელისუფლება დღეს რასაც ეყრდნობა, ესაა პოლიციური ძალები.
„ფორმალიური, იურიდოული თვალსაზრისით, დღეს ლეგიტიმურია წინა პარლამენტი, წინა მთავრობა და პრეზიდენტი და თუ 29 დეკემბრიდან არაკონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა, მაშინ გვეყოლება, როგორც ლეგიტიმური ისე არალეგიტიმური პრეზიდენტი.
„რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, კონსტიტუცია არაფერს ამბობს და არც უნდა ამბობდეს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ქვეყანა გაცდენილია კონსტიტუციით დადგენილ რეჟიმს.
კონსტიტუციაში წერია მხოლოდ ის, თუ ვის რისი უფლებამისილება და ვალდებულება აქვს, როცა ხელისუფლება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში მოქმედებს. კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კი პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დათხოვნის არა უფლება, არამედ ვალდებულება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი მთავრობას ვერ ქმნის - ჩვენ ამჟამად ეს ვითარება არ გვაქვს; მეორე, როდესაც მთავრობა ითხოვს პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას, პარლამენტი არ უცხადებს ნდობას და ვერც თავად ქმნის ახალ მთავრობას - არც ეს ვითარება გვაქვს. მეტი სხვა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტი დაითხოვოს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, უბრალოდ არ გვაქვს.
„სიმართლე გითხრათ გამიკვირდა ეს განცხადება, რომელიც ზოგოერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა - რომ პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტიო... და რომელი პარლამენტი უნდა დაითხოვოს, რომელიც არჩეული არაა? ამიტო აქ ასეთი ტიპის კრიზისიდან ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს კრიზისით გამოწვეული ზიანი, არის რიგგარეშე არჩევნები.
„თუ გვინდა, რომ ზიანი მინიმალური იყოს, შეთანხმება უნდა მოხდეს ფაქტობრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ საქმეში მედიატორის ფუნქციის შესრულება პრეზიდენტს შეუძლია. არჩევნები კი შეთანხმების საფუძველზე უნდა დაინიშნოს და ცხადია, ეს კონსტიტუციური რეჟიმი არ იქნება, მაგრამ ჩვენი ამოცანა პირველ რიგში ის უნდა იყოს, თუ როგორ დავაბრუნით ქვეყანა კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და ამ დროს შეიძლება ვერც იმოქმედო კონსტიტუციის შესაბამისად.
„მთავარია, რომ შეთანხმება იყოს და ამის საფუძველზე არჩევნები დაინიშნოს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ გაფორმდეს პრეზიდენტის აქტით, თუმცა, ისევ იმის გამო, რომ არჩევნების დანიშვნის ამგვარ უფლებამოსილებას პრეზიდენტს კონსტიტუცია არ ანიჭებს, ეს შეიძლება გაკეთდეს პრეზიდენტის აქტის გარეშეც იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელს მოაწერენ მმართველი პარტიის პირველი პირები და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტი.
„თუ ფაქტობრივი ხელისუფლება ახალი არჩევნების გამართვას არ თანხმდება, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი რომც დანიშნოს, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები? ცხადია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია - ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და მაშინ როგორ უნდა გაიმართოს არჩევნები? მეორე, ვთქვათ და დაემორჩილნენ, არსებული საარჩევნი ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების გამართვის შემთხვევაში, რა გარანტია გვაქვს, რომ ამჯერად ეს ადმინისტრაცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს? ამის გარანტია არ არსებობს.
„თუ ახალი არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ, ამის ნაწილი უნდა იყოს, თუ ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები და როგორი უნდა იყოს ცესკოს საოლქო და საუბნო კომისიის შემადგენლობები, ეს შეიძლება იყოს ამჟამად კანონით დადგენილი წესისგან განსხვავებნული წესი, რადგან, რა წესითაც ახლა კომისიები იქმნება, „ქართულ ოცნებას" ექსკლუზიურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ყველა კომისიაში თავისი უმრავლეობა ჰყავდეს. ეს უნდა შეიცვალოს.
„ასევე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება უნდა მოხდეს და მესამე - ესაა საარჩევნო დავების გადაწყვეტის დროებითი წესი, რადგან ამჟამად მოქმედი სასამართლოები პოლიტიკური ხელისუდფლების გადაწყვეტილებებს ასრულებენ და მოიქცევიან ისე, როგორც „ოცნება" ავალებს. ამ სამ საკითხზე უნდა შეთანხმდნენ და მერე უკვე აღარ შეიქმნება პრობლემა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი და შესაძლო შედეგები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არის, თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საბოლოოდ ერთიანობას შეინარჩუნებენ.
„აზრთა სხვადასხვაობა რა თქმა უნდა იქნება ივანიშვილთან შეხვედრის თემაზე, რომ აი, ბურთი ჩვენს მოედანზეა და თვითონ უნდა გამოხატოს შეხვედრის სურვილი და თავად უნდა ჰქონეს სახვეწი ივანიშვილს და რომ ამით ესე იგი „ქართულ ოცნებას" მხარედ აღიარებ, რომელთანაც მოლაპარაკება გსურს.
„თუმცაღა ასე მგონია, რომ ზურაბიშვილმა ეს (ივანიშვილთან შეხვედრაზე) განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ შესაძლოა დასავლეთში რეკომენდაცია მისცეს ბოლომდე გაჰყვეს ამ მიმართულებას და დიალოგი შესთავაზოს ივანიშვილს. თავად დასავლეთშიც ხვდებიან, რომ ივანიშვილი ამ ეტაპზე დიალოგზე წამსვლელი არაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ შენი სცადეო - ასე გამოდის.
„ალბათ ოპიზიციაში ფიქრობენ, რომ როცა ივანიშვილს თავად სთხოვენ დიალოგს, ეს გამოდის, რომ ოპოზიციას უფრო სჭირდება მოლაპარაკება, ვიდრე ივანიშვილს. კი, სასოამოვნოა ხალხი რომ გამოდის და იკრიბება, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს პროცესი.
„შესაძლოა ოპოზიციაში მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ მათ ახლა ერთობა სჭირდებათ და მგონია, რომ ერთიანობას შეინარჩუნებენ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



