თამთა ჩაჩანიძე
(24.12.2024)

ეუთოს წევრი სახელმწიფოების ნაწილმა საქართველოსთან დაკავშრებით ვენის მექანიზმი აამოქმედა და 30 დეკემბრამდე საქართველოს ხელისუფლებისგან ოფიციალურ პასუხს ელის 8 კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის ქუჩის აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება. რას ნიშნავს ეს და რა კონკრეტული გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ პროცედურას?

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუკი ხელისუფლებამ ამ კითხვებს დათქმულ ვადაში არ უპასუხა, ან მისი პასუხები ეუთოსთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, მაშინ თბილისში ეუთოს საგანგებო მისიას უნდა ველოდოთ, რომელიც ვითარებას ადგილზე შეისწავლის და შემდეგ შესაბამის ანგარიშს მოამზადებს.

ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოში 28 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვენის ადამიანური განზომილების მექანიზმი გაააქტიურა. ქვეყნების დელეგაციებმა აღნიშნულის შესახებ ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ალექსანდრე მაისურაძეს აცნობეს. ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და ხაზს უსვამენ, რომ ეუთოს 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტში ეუთოს მონაწილე სახელწიფოები, მათ შორის საქართველოც, შეთანხმდნენ, რომ ადამიანური განზომილების სფეროში არებული ვალდებულებები ყველა მონაწილე სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხია და არ ეკუთვნის მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის შიდა საქმეებს.

19 დეკემბერს ოთხმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პლატფორმამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველოსთვის" და „გახარია საქართველოსთვის" განაცხადეს, რომ ეუთო/ოდირის სახელზე ერთობლივი წერილი მოამზადეს, სადაც ვენის მექანიზმის ამოქმედებას ითხოვენ.

ეუთოს საპასუხო განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ხელმომწერი 38 ქვეყანა მოქმედებს საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, იყენებს ვენის ადამიანური განზომილებების მექანიზმს და ათი დღის ვადაში ითხოვენ კონკრეტულ და არსებით პასუხებს წერილობით კითხვებზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

დღემდე ვენის მექანიზმი სულ ცოტა 15-ჯერაა ამოქმედებული. მათ შორის 2018 წელს, ეუთოს 15-მა ქვეყანამ აამოქმედა ვენის მექანიზმი რუსეთზე, რომელიც სვამდა კითხვებს ჩეჩნეთში ადამიანების დევნის შესახებ. მაშინ რუსეთს ასევე 10 დღის ვადა მიეცა ოთხ კითხვაზე საპასუხოდ და თუ რუსეთი უგულებელყოფდა კითხვებს ან პასუხები არ დააკმაყოფილებდა ეუთოს, ორგანიზაცია ჩამოაყალიბებდა საგანგებო მისიას მონაწილე ქვეყნის მიერ ეუთოს ვალდებულებების დარღვევის გამოსავლენად.

„ამას ჰქვია ადამიანების უფლებების სავარაუდო უხეშ დარღვევებზე მეტი მონიტორინგი, მაგრამ რა მონიტორინგი სჭირდება იმას, რაც არ არსებობს?! აქ უფრო დიდი შეკითხვაა - რატომ არ აქტიურობდნენ იმ დროს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ბრუტალურად, ძალისმიერად უსწორდებოდა თავის ოპონენტებს?" - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

რა კითხვებზე ითხოვს პასუხს ეუთო

ვენის მექანიზმი გაააქტიურეს სახელწიფოებმა - ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა.

ქვეყნებმა აღნიშნეს „საქართველოს არადამაკმაყოფილებელი პასუხი საერთაშორისო მოწოდებებზე". მათი თქმით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ „პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტები".

20 დეკემბრით დათარიღებულ ოფიციალურ წერილში, ისინი 10 დღის ვადაში ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს შემდეგ კითხვებზე:

- რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ იმ ბრალდებების გამოსაძიებლად, რომ ირღვევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება, თვითნებურად აკავებდნენ მათ შორის იმ პირებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და პოლიცია მოქმედებდა იდენტიფიკაციის გარეშე?

- რა ნაბიჯები გადაიდგა წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ბრალდების გამოსაძიებლად? გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიებისთვის?

- რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, მედიის წამომადგენლებისა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობის შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად, ასევე, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების განზრახ უმოქმედობის საპასუხოდ?

- რა ნაბიჯები გადაიდგა სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და მედიააქტორების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, საპროტესტო გამოსვლები თავისუფლად, რეპრესიების ან მათი პირადი ჯანმრთელობის საფრთხის გარეშე გააშუქონ?

- როგორი ჩართულობა არსებობდა ეუთოს ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით ODIHR-თან, ამ ინსტიტუტების მიერ წამოჭრილ შეშფოთებაზე რეაგირებისთვის და ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში დასახმარებლად?

- რა ნაბიჯები გადაიდგა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და დაუდგენელი ჯგუფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად, ასევე, სათანადო პროცედურების უზრუნველსაყოფად ძალადობის ჩამდენებისა და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით?

- რა ნაბიჯები გადაიდგა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება განხორციელდეს რეპრესიების გარეშე, მათ შორის მარგინალიზებული ან სხვაგვარად დაუცველი მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ?

- რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა მუქარისა და ძალადობის გარეშე? რა ზომებია მიღებული პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული პრინციპების დასაცავად?

„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და გამვლელების მიმართ ძალადობის გამო, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოუძიებელი დარჩა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დამნაშავეების დაუსჯელობას ვხვდებით. გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია საკმარისი ზომები მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ან ამგვარი ინციდენტების საფუძვლიანად გამოძიებისა და აღმოფხვრის მიზნით. ეს განგრძობადობა ხაზს უსვამს უფრო ძლიერი მექანიზმების საჭიროებას დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია 38 ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ ალექსანდრე მაისურაძისადმი 20 დეკემბერს მიწერილ წერილში.

რა არის ვენის მექანიზმი და სად გამოიყენეს ის

ვენის მექანიზმი არის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუშაობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებში ადამიანის უფლებების პატივისცემას და რომელიც მოიცავს ორ ნაწილს ვენის 1989 წლის დასკვნით და მოსკოვის 1991 წლის კონფერენციის მექანიზმებს.

ვენის მექანიზმი ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, მათ შორის მონაწილე ქვეყნების მოთხოვნით ასეთი ინფორმაციის მიწოდებას, ადამიანის უფლებების მდგომარეობიუს შესახებ ორმხრივ დისკუსიებს რომელიმე ქვეყნის ინიციატივით.

ვენის მექანიზმის წარმატება დამოკიდებულია მონაწილე კონკრეტული ქვეყნის მზადყოფნაზე, რომელთანაც მიმართულია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით ითანამშრომლოს.

ეუთოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვენის მექანიზმი იძლევა ექსპერტული მისიების გაგზავნის შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს ადამიანურ განზომილებაში დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან პრობლემის გადაჭრაში.

დღემდე მექანიზმი 15-ჯერ იქნა გამოყენებული, მათ შორის:

1992 წელს: ევროპის თანამეგობრობის 12 სახელმწიფოსა და აშშ-ის მიერ - ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამოქალაქო პირებზე სისასტიკისა და თავდასხმების გამოსაძიებლად.

2011 წელს: ეუთოს 14 სახელმწიფოს მიერ - ბელარუსში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად.

2022 წელს: ეუთო-ს 45 ქვეყნის მიერ - ადამიანის უფლებებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ჰუმანიტარული გავლენის საკითხის გადასაჭრელად.

2024 წელს: ეუთოს 45 სახელმწიფოს მიერ - რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების თვითნებური აღკვეთის გამოსაძიებლად.

ამასთან, 2018 წლის 30 აგვისტოს ეუთოში კანადის მუდმივმა წარმოადგენელმა ნატალია კეიერმა რუსეთთან დაკავშირებით ვენის მექანიზმის გააქტიურების შესახებ განაცხადა. განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ ეუთოს ქვეყნები შეშფოთებულები იყვნენ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევითა და უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ცნობებით ბოლო 20 თვის განმავლობაში.

„რუსეთის ფედერაციის უგულებელყოფამ, ან უუნარობამ გადახედოს ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას, ხელი შეუწყო ჩეჩნეთის ხელისუფლებას დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნას. ჩვენმა დელეგაციამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ ეუთოს მუდმივ საბჭოში, არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ დარღვევების შესახებ... რუსეთის ფედერაციის პასუხი არაადეკვატურია", - ნათქვამია 2018 წლის განცხადებაში.

ვენის მექანიზმის ფარგლებში ეუთომ რუსეთს ოთხი შეკითხვა დაუსვა: რა ზომები მიიღო ფედერალურმა ხელისუფლებამ, რითაც უზრუნველყოფდა ჩეჩენი ოფიციალური პირების ეუთოს ვალდებულებების შესრულება? როგორ გამოიძიეს რუსეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების მიმართ განხორციელებული დარღვევებისა და ძალადობის ბრალდებები? რა ზომები მიიღო ფედერალურმა ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიააქტორების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, რა ზომები იქნა მიღებული ჩეჩნეთში უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის უზრუნველსაყოფად? როგორ გამოიძიეს რუსეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ იმ 27 ადამიანის საქმე, რომლებიც ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს და დაექვემდებარა სიკვდილით დასჯას გროზნოში 2017 წლის იანვარს?

დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ვენის მექანიზმის რეგლამენტის მიხედვით, რუსეთს ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა უახლოეს 10 დღეში და თუ რუსეთი უგულებელყოფდა კითხვებს, ან პასუხები არ დააკმაყოფილებდა ეუთოს, ორგანიზაცია ჩამოაყალიბებდა საგანგებო მისიას მონაწილე ქვეყნის მიერ ეუთოს ვალდებულებების დარღვევის გამოსავლენად.

რა მოხდება 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეუთოს ქვეყნების მოწოდება გულისხმობს ადამიანის უფლებების სავარაუდო უხეშ დარღვევებზე მეტ მონიტორინგს.

„საზოგადოებისთვის გასაგებად რომ ავხსნათ, ამას ჰქვია ადამიანების უფლებების სავარაუდო უხეშ დარღვევებზე მეტი მონიტორინგი. რადიკალურ ოპოზიციას სურს ისე წარმოაჩინოს, თითქოს აქ რაღაც ავტოკრატიული რეჟიმი ოპონენტებს ბრუტალურად უსწორდება. სინამდვილეში კი პოლიციასთან აგრესიულად დაპირისპირებულ ადამიანებს ის მართლმსაჯულება ასამართლებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაა აღიარებული და რომელიც, სხვა დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, პატიოსანი და სანდოა.

„აქ უფრო დიდი შეკითხვაა - რატომ არ აქტიურობდნენ იმ დროს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ბრუტალურად, ძალისმიერად უსწორდებოდა როგორც დაკავებულებს, ასევე პატიმრებს? სად იყო მათი ხმა სულხან მოლაშვილზე, კობა დავითაშვილსა და სხვა უთვალავ იმ პატიმრებზე, რომლებიც ნაცრეჟიმის ჯალათურმა სისხლიანმა აქტივობებმა შეიწირეს?

„ქართულ ოცნებას" რომ წარმოაჩენენ, თითქოს ის რეპრესიების მომხრეა, ეს არის სრული სისულელე. რეპრესიები და ქუჩაში პროტესტის უკიდურესად ძალადობრივი ჩახშობა ხდება, მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიის ქუჩებში. ეს უსინდისო დამუნათების ეპოქა 20 იანვრის შემდეგ დასრულდება, როცა ტრამპი მოვა (აშშ-ის) პრეზიდეტად, რომელიც ტოქსიკურ გავლენებთან ბრძოლას იწყებს. რა პოლიტიკური სიოც დაუბერავს თეთრი სახლიდან, იმას ემორჩილებიან", - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ კითხვებს პასუხი არ გაეცა, ან ეს პასუხები არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, რას უნდა ველოდოთ 38 ქვეყნისგან, აბაშიძემ გვითხრა:

„მათგან მოსალოდნელია ისევ ე.წ. დროებითი ფსევდო სანქციები და ტრაგიკომიკური განცხადებები, რომლებსაც ადრე თუ გვიან გაიწვევენ. პარალელი შეიძლება გაავლონ ბელარუსთან, მაგრამ საქართველოსა და ბელარუსის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ასეთი რაღაცეების საქართველოსთვის ხელოვნურად მიკერება თავად ამის ავტორების იმიჯისთვისაა დამაზიანებელი", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე