ნატალია ჯვარიძე
(24.12.2024)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც საბჭოს შექმნას გულისხმობს და რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ეს არ იქნება ე.წ. ალტერნატიული პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლები შევლენ. ანალიტიკოსთა აზრით კი, ეს იქნება ერთგვარი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს და ახალ არჩევნებს მოამზადებს.

„სავარაუდოდ, ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია შევა ამ საბჭოში და კიდევ სამოქალაქო საზოგადოება. თან სალომე ზურაბიშვილთნ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის ვინც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი იმაზე მიუთითებს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და შესაბამისად, ოპოზიცია ეცდება საბჭოს ფრომირება და მისი მიზნებისა და ფუნქციების დეტალურად განსაზღვრა ამ რამდენიმე დღეში მოასწროს.

თავად სალომე ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად".

„შეიქმნება საბჭო იმისათვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი - ეს იქნება ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ ხვალ უკვე მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობას, რომელიც არის მინიმალური იმისათვის, რომ ჩატარდეს ძალიან მალე არჩევნები. შემდეგ იქნება მუშაობა იმისათვის, რომ ყველა კუთხით და შესაძლო მიმართულებით მოვემზადოთ. ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები და ალბათ, გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ უკვე დაწერილია საბჭოს დებულებაც.

„ეს არის ოთხი ბარიერგადალახული პარტიის საერთო ფორმატი, სადაც ვმუშაობთ იმაზე, თუ არჩევნები როგორ უნდა ჩავატაროთ. არჩევნები წესიერად როგორ უნდა ჩატარდეს, უნდა მოამზადოს საბჭომ. საბჭომ უნდა მოამზადოს წინაპირობები და უფრო სოლიდურად უნდა ვჩანდეთ უცხოელის თვალში. ისედაც ძირითადად გაერთიანებულები ვხვდებით ხოლმე უცხოელებს და საერთო პოზიცია გვაქვს ოთხ კოალიციასა და ბარიერგადალახულ პარტიას. ეს საბჭო სალომე ზურაბიშვილსაც გააძლიერებს და პროცესსაც.

„საბჭოს დებულება დაწერილი გვაქვს. თავს პარლამენტად კი არ ვიცხადებთ, მაგრამ, სინამდვილეში, ლეგიტიმური პარლამენტი ჩვენ ვართ, ისინი არიან არალეგიტიმურები. ჩვენ გველაპარაკება ყველა უცხოელი, რომელიც ჩამოდის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის და ამბობს, რომ პაპუაშვილს და კობახიძეს შევხვდიო. არადა მათიანია ის კაცი, ბიძინას „მესიჯები" გაახმოვანა, მაგრამ მაგ კაცმაც ვერ თქვა, რომ პრემიერს შევხვდი და პარლამენტის თავმჯდომარესო. ასე რომ, ეს საბჭო არ არის პარლამენტი, ეს მოამზადებს წინაპირობებს, რომ მშვიდად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნიკა ჩიტაძის აზრით, საბჭო არჩევნებთან დაკავშირებით შეიმუშავებს გარკვეულ რეკომენდაციებს და ასევე, მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს რეკომენდაციებს მისცემენ.

„სავარაუდოდ, ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია შევა ამ საბჭოში და კიდევ სამოქალაქო საზოგადოება. თან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის ისინი, ვინც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. დიდი ალბათობით, ამ ადმიანებს საბჭოში ვიხილავთ. ასევე, შესაძლოა წრე გაფართოვდეს და ვინმე სხვა ცნობადი სახეებიც იყვნენ.

„ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ რაღაც ტექნიკური მთავრობა იქნება, ვინაიდან მას რესურსი არ ეყოფა, რომ ქვეყანა მართოს. ამიტომ შესაძლებელია უფრო ის, რომ რაღაც საკონსულტაციო ორგანო იყო. არჩევნებთან დაკავშირებით შეიმუშავენ გარკვეულ რეკომენდაციებს. ასევე, პრეზიდენტს რეკომენდაციებს მისცემენ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ამ საბჭოს მთავარი დანიშნულება, სავარაუდოდ, ოპოზიციის საერთო გეგმის განსაზღვრა და ჩამოყალიბება იქნება.

„საბჭოში სავარაუდოდ, ბარიერგადალახული პარტიები იქნებიან. თუმცაღა ასეთი საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში შესაძლებელია უფრო ფართეთ გაიხსნას კარი. შესაძლოა იქ აღმოჩნდნენ ასევე იურისტები, კერძოდ, ისინი, რომლებიც თავისი პოზიციით იმავე მხარეს დგანან, რა მხარესაც ქალბატონი სალომეა. ვიცით, რომ არიან ასეთი კონსტიტუციონალისტები, რომლების მონაწილეობაც ალბათ საჭირო იქნება.

„ჩემი აზრით, მათ მინიმუმ ახალი არჩევნებისთვის სამუშაო აქვთ, რადგან პრაქტიკულად, დამუშავებული არ არის ის, თუ როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას. თანხმდება „ქართული ოცნება" ჩატარებას თუ არა, ის ხომ მაინც უნდა იყოს ცხადი, თუ რას აპირებს მეორე მხარე. ეს კი ჯერჯერობით ცხადი არაა.

„რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ეს ერთგვარი ტექნიკური მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ თუ დავითვლით რა დროა დარჩენილი და რაზეა ლაპარაკი, რადგან 29 დეკემბრის მერე ქალბატონი სალომეც აღარ იქნება პრეზიდენტი, ტექნიკური მთავრობა ცოტა რთულია. შემდეგი ნაბიჯების გადადგმა ადამიანის მიერ, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება, რამდენად ჯდება ლოგიკაში და რამდენად დამაჯერებელია, ძნელი სათქმელია. თან მითუმეტეს, რომ ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ არის ისეთი ცალსახა, როგორც თავის დროზე შეჩვეული ვიყავით იმ ადამიანებისგან, რომელთა სიტყვას წონა ჰქონდა. ასეთი ხალხი საქართველოში იყო. ასეთ ადამიანთა რიცხვს არავინ მიეკუთვნება, მათ შორის არც ზურაბიშვილი, რადგან ოპოზიციასაც ხშირად აქვს მისი სახელი გათელილი და მმართველ წრეებსაც. მისი რეიტინგი არ არის საიმისო, რომ მისმა ავტორიტეტმა შეაძლებინოს ის, რომ ხალხმა მიიღოს მის მიერ შედგენილი დოკუმენტი მას მერე, რაც ის პრეზიდენტი არ იქნება. ამიტომ რამდენიმე დღეში უნდა გაკეთდეს, რაც გასაკეთებელი იქნება, რომ მას რამე ეთქმოდეს, როგორც პრეზიდენტს.

„ასე რომ, მეეჭვება ეს მთავრობის დაკომპლექტება სერიოზული გეგმა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ალბათ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთავრობის დაკომპლექტების ამბიცია ექნება და ამათი ორ-სამ დღეში შეთანხმები არ მგონია რეალური იყოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე