"გაფიცვა პირდაპირ სოციალური საბოტაჟია სახელმწიფოს და მოსახლეობის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, ეს იდეა ჩავარდა"
ქეთო გოგოხია
(23.12.2024)

ბიზნესის გაფიცვაზე "წამოკიდების" მცდელობა ჩავარდა. რადიკალურ ოპოზიციას მოლოდინმა არ გაუმართლა, ბიზნესის დიდმა ნაწილმა, თუნდაც 2 საათით გაფიცვა არ ისურვა და შეიძლება ითქვას, ვერც გარისკა. ოპოზიციას იმედი გაუწბილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს პოზიციამაც, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. როგორც ცნობილია, მან მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაც უფრო თავდაჯერებულია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეკემბრიდან  ელოდებიან ბიზნეს გარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას.

მთავრობის მეთაურმა უკვე შეხვდა 100-ზე მეტი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს.

,,ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევა და ეს შეეხო გაცვლიტ კურსსაც, თუმცა ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას, ეკონომიკური აქტივობაც განახლდა. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენთვის მთავარია ყველა თემაზე გვქონდეს კონსულტაციები ბიზნესთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დადებითი მოლოდინი აქვთ ეკონომიკურ ექსპერტებს, რომელთა შეფასებითაც, ბიზნესის დიდი ნაწილი ბულინგს არ დაექვემდებარა. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ანალიტიკოსმა გიორგი აბაშიშვილმა.

„ბულინგის ყველაზე უბადრუკი მცდელობა იყო გაფიცვისკენ მოწოდება. გამოდიოდნენ და გამოდიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ან იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ბიზნესზე სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვაგვარად. ვიცით, რომ ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია და გამოთქვამს თავისუფლად საკუთარ აზრს. წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ახლა რომ იყოს 12 წლის წინანდელი პერიოდი, ერთი საღამო დასჭირდებოდა იმ ადამიანების ჭკუაზე მოყვანას, რომლებიც ახლა ბიზნესს გაფიცვისკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება კერძო სექტორის პოზიციას. ბიზნესმენთა ნაწილი ამბობს, რომ ყველამ თავისი გასაკეთებელი უნდა აკეთოს. ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელმა, ირაკლი იაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უერთდება გაფიცვის მოთხოვნებს, რადგან მას ამ თემაზე თავისი მოსაზრება გააჩნია.

„არჩევნებზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე. 30 წელია ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვცხოვრობთ და ახლა მაინტერესებს მომავალში რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას.

ლარის კურსზე რომ შეტევა მიმდინარეობს, სწორად მიგაჩნიათ? ეს ხომ ნალოლიავებია. 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეკონომიკა და ლარი. მესმის მოთხოვნები, რომ ჩამოვაქციოთ ლარი და არ ვუერთდები ამ მოთხოვნებს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს. პეტიციას არ ვუერთდები, რადგან მე ჩემი მოსაზრებები მაქვს“, - განაცხადა იაშვილმა.

ანალოგიური მოსაზრებისაა ბიზნესმენი, "ვიარ ჰოლდინგის" დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე. მისი შეფასებით, 12 წელია დაისვენა ქვეყანამ და  არავითარი ხელახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს.

„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები! არავინ არავის სახლში არ უვარდება, არავინ არავის აწიოკებს, არავინ არავის არ ხვრეტს. ახლა ზოგიერთების აღქმის საფუძველზე, რომ თურმე, ჩვენ შევდივართ რუსეთში თუ სადღაც. ყოფილი ნაცი ხომ არ არსებობს და ამ ბიზნესმენების აღქმების საფუძველზე, თურმე შევდივართ რუსეთში. მათ შიში აქვთ, რომ რამე შეიცვალოს, რადგან მათ პასუხს მოსთხოვენ“, - განაცხადა ნამორაძემ.

რადიკალური ოპოზციის მოწოდებას, რომ ბიზნესი გაიფიცულიყო, ექსპერტების ნაწილი იმთავითვე გაემიჯნა. ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის შეფასებით, ბიზნესის მხრიდან რადიკალური ზომები ეკონომიკაზე უმძიმესად იმოქმედებს, ამიტომ კარგია, რომ ეს გეგმა ჩავარდა და ბიზნესს წნეხი მოეხსნა, რაც თავისთავად რისკებს შეამსუბუქებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სალუქვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განაცხადა, ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალი იქნებოდა.

,,ბიზნესის გაფიცვა არის წარმოუდგენელი რამ, რაც უმძიმეს შედეგს მოიტანდა ეკონომიკისა და მოსახლეობის ყველა ფენისათვის. კარგია, რომ ამ ჩანაფიქრმა ფრთები ვერ შეისხა, როგორც ეს ოპოზიციას ჰქონდა წარმოდგენილი. ნებისმიერი ასეთი ფაქტი იწვევს პანიკურ განცდებს და მძიმე მოლოდინს, რაც აწვება ლარის კურსს, ფასებს, ინვესტიციებს და ბიზნესგარემოს ქვეყანაში. 

წლებია, პერმანენტული რყევის პირობებში ვიმყოფებით და არ უნდა დავუშვათ, რომ ბიზნესგარემო კიდევ ერთხელ დაზარალდეს. უკვე ისედაც იგრძნობა ამ პროცესების უარყოფითი გავლენა და უფრო შორს არ უნდა წავიდეს პროცესი. კიდევ ერთი წნეხი კრიზისს გამოიწვევდა და კარგია, რომ ასე არ მოხდა. ყველამ ვნახეთ, რომ გაფიცვის მმოწოდებამ მყისიერად იმოქმედა ლარის კურსზე და გაუფასურდა. მოგვიანებით,  ცოტა რომ შემსუბუქდა მდგომარეობა, სტაბილურობის ნიშნებიც გაჩნდა. ეს რომ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, პირდაპირ აისახებოდა ფასებზე. 

ბიზნესის გაფიცვა პირდაპირ სოციალური საბოტაჟია სახელმწიფოს და მოსახლეობის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, ეს გეგმა ჩავარდა", - განაცხადა ამირან სალუქვაძემ ჩვენთან საუბრისას.

გაფიცვას მოწოდებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი, რომელიც ,,ბიზნეს-რეზონანსთან" პრემიერისა და ბიზნესმენების  შეხვედრას გამოეხმაურა. მისი აზრით, მხარეებმა ყველა ღონე უნდა გამოიყენონ დიალოგისთვის, რომ დაძაბულობა დროულად მოიხსნას და ვითარება თანდათან დასტაბილურდეს.

,,ყველამ ვნახეთ, რომ ბიზნესი მოწოდებებს არ აჰყვა და არ გაიფიცა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  სწორედ ბიზნესი ამოძრავებს ეკონომიკას, რაზეც დაშენებულია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ახლა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს  პროცესები, მაგრამ თავის მხრივ ხელისუფლებაც უნდა მიხვდეს, რომ  ძალადობა, ხალხისადმი ასეთი დამოკიდებულება ასევე ქვეყნის დამაზარალებელია. 

მივესალმები, რომ ბიზნესი არ აჰყვა მოწოდებას და გაფიცვას გაემჯინა. ახლა ყველასთვის უკეთესია, რაც მალე მოიხსნება დაძაბულობა, ბიზნესმა თავისი საქმე გააგრძელოს და ეკონომიკამ განვითარების დადებითი დინამიკა შეინარჩუნოს, ნებისმიერი ასეთი პროტესტი მძიმე გავლენას ახდენს და მერე შეიძლება ვითარების გამოსწორებას წლები დასჭირდეს", - დასძინა პაატა ბაირახტარმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე