თამთა ჩაჩანიძე
(23.12.2024)

ბოლო დღეებია და განსაკუთრებით პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, გააქტიურდა საუბრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე ვადის ამოწურვის შემდეგ. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ "თუ დანაშაული იქნება, პასუხისმგებლობაც მოჰყვება", რაც ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილში მუქარადაა აღქმული, იყო საგარეო გამოხმაურებები დასავლელი პოლიტიკოსებისგანაც.

"ქართული ოცნება" საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას 29 დეკემბერს გეგმავს. ქვეყანაში კი პროტესტი 25 დღეა მიდის და გაჩერებას არ აპირებს, ვიდრე განმეორებითი არჩევნები არ ჩაინიშნება, ანალიტიკოსები კი ამ დღით დაძაბულობას არ გამორიცხავენ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" განცახდებები პრევენციულია, რათა "ზურაბიშვილი გონზე მოიყვანონ. ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილის დაპატიმრების სცენარიც ვიხილოთ.

რას ნიშნავს "ოცნების" განცხადებები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" დასძენს, რომ 72 წლის ქალი პრეზიდენტის დაპატიმრება ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს, ამიტომაც ხელისუფლების განცხადებები პრევენციულია.

"ეს განცხადებები მიმართულია იქითკენ, რომ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი გონზე მოიყვანონ, რომ მან არ გადაკვეთის ის წითელი ხაზი, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მოსვლა ჰქვია. ეს ერთგვარი პრევენციული ზომაა, რომ ან თვითონ შეცვალოს რადიკალური გეგმები, ან გარემოცვაში ვინმემ მას ურჩიოს(შესაძლოა გარედან), რომ მან არ გააკეთოს ის, რასაც შესაძლოა გეგმავს. ვგულისხმობ იმას, რომ საკუთარ რეზიდენციაში გამაგრდეს, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები მოიხმოს და ხმაური შექმნას, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ მედიაში.

"საქმე ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ევროპელის საქციელს არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, შენ თავს იმის უფლებას აძლევ, რომ სახელმწიფო შენობა თვითნებურად დაიკავო, არ გამოხვიდე და კანონს არ დაემორჩილო, ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამეტური ღირებულება კანონმორჩილებაა, რომელიც რელიგიის რანგშია აყვანილი.

როგორც სალომე ზურაბიშვილი იქცევა, ჯერ კონსტიტუციის დარღვევები და შემდეგ კანონის ზღვარზე სიარული, ეს თავად ევროპელების თვალში მაინცდამაინც დადებითად არ წარმოაჩენს, თუ არ ჩავთვლით იმ ევროპელებს რომლებსაც უნდათ რომ აქ სიტუაცია ააყირაონ და ხელისუგფლება შეცვალონ.

"ესაა პრევენციული განცხადებები, ამით სალომე ზურაბიშვილს მესიჯი გაუგზავნონ, რომ მან არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ხელისუფლებას აიძულებს, რომ მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, რაც რა რქმა უნდა არ იქნება ქვეყნის იმიჯისთვის კარგი. როგორც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, არავის არ სურს 72 წლის ქალბატონის დაპატიმრება და შემდეგ საპატიმროში გამოკეტვა.

"თუ შეამჩნიეთ, ბოლო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილი და ცნობილი ოპოზიციური ოთხეული, რომელსაც პარლამენტში შესვლა არ უნდა, ძირითადად მაინც დასავლეთზე - უცხო ძალებზე აპელირებენ, მათი დახმარების იმედი აქვთ და არა საკუთარი ელექტორატის, რომლის საკმარისი რაოდენობა ვერა და ვერ გამოიყვანეს ქუჩაში. ძირითადად იმედი აქვთ ევროკავშირის, შეერთებული შტატების, სანამ ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციაა.

"ნებისმიერი განცხადებაა ასეთი, რომ დაგვეხმარეთ, ჩვენ თქვენიანები ვართ და თუ მოგვეხმარებით იმაში, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაგდოთ, ყველაფერს გაგიკეთებთ. როგორც ჩანს, იმის იმედი აქვთ, რომ სანამ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობას დაიწყებს, მანამდე ევროკავშირიც და აშშ-ც საქართველოს ხელისუფლებაზე მაქსიმალურ ზეწოლას მოახდენს, რომ მასიმალურ დათმობებზე წამოიყვანონ, ამიტომ 20 იანვრამდე დარჩენილი თითქმის ერთი თვე - ესაა გაძლების პერიოდი.

"ხელისუფლების და ოპოზიციის ბრძოლის პერიპეტიებს რომ ვუყურებთ, ვისაც პირველი უმტყუნებს ნერვები, ის აღმონდება დაზარალებული. 29 დეკემბერთან დაკავშირებით საზოგადოებაში მოლოდინები არსებობს, "ოცნება" კი ამბობს, რომ ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროაო, მაგრამ მეორეს მხრივ, რთულ მდგომარეობაშია, რადგან თუ სალომე ზურაბიშვილთან რაღაც თუნდაც დათმობის მსგავსი დაუშვა, მყისიერად არ გამოიყვანა საკუთარი რეზიდენციიდან და არჩეული პრეზიდენტი რეზიდენციაში ვერ შევიდა, ეს, ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" ამომჩეველში უკმაყოფილებას და პროტესტს გამოიწვევს, რომ ოპოზიციის მიმართ ზედმეტად დამთმობია.

"ამ კუთხით ხელისუფლებაც გარკვეულწილად რთულ მდგომარეობაშია და არ ვიცი ხელისუფლებაში რა პოზიცია გაიმარჯვებს - უფრო ხისტი მიდგომა, თუ როგორც მათ სჩვევიათ, სიტუაციიდან რბილად გამოსვლა",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" ახლა გამოსავლის ძიების პროცესშია და ერთადერთი გამოსავალი ზაქარეიშვილის თქმით, ხალხის წყობიდან გამოყვანა და პროტესტის რევოლუციურ რელსებზე გადაყვანაა, ამიტომ კონფლიქტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილის დაპატიმრებაზეც კი მივიდეს საქმე.

"ქართულ ოცნებას" მართლა უჭირს, მათ არ იციან გამოსავალი სად იპოვონ. ერთადერთი გამოსავალია, რომ ქართველი ხალხი წყობიდან გამოიყვანონ და როგორმე რევოლუციის გზაზე გადაიყვანონ. ამას კი ყველა გამორიცხავს. რევოლუცია არავის არ უნდა, ლოზუნგებიც კი არარევოლუციურია, მაგალითად შევარდნაძის დროს იყო - "საქართველო შევარდნაძის გარეშე", ახლა ამ ტიპის არაფერი არაა.

ახლა საუბარია ევროპაზე, ხმის დაბრუნებაზე, არჩევნებზე, "ქართული ოცნებაც" ჩართულია პროცესებში და ყველაზე ხმამაღალი რაც მომისმენია, ესაა საყოველთაო გაფიცვა. გაფიცვაში იგულისხმება, რომ აიძულო ხელისუფლება კონსიტუციის შესაბამისად იმუშაოს.

"სიტუაცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ არაა, ხალხი ქუჩაშია, არსად წასვლას არ აპირებს და რაღაც ახალი უნდა მოხდეს, რაღაცით საზოგადოება უნდა გააღიზიანონ და წყობიდან გამოიყვანონ, გადაიყვანონ რევოლუციის გზაზე, რათა იარაღი გამოიყენონ, სისხლი დაღვარონ და ეს ყველაფერი გაამართლონ, რომ აბა სხვა გზა არ გვქონდაო.

თუ მე მართალი ვარ, მაშინ ამ კონტექტში ძალიან კარგად ჯდება სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრების როგორც მუქარა, ისე მუქარის შესრულება, რომ ციხეში აღმოჩნდეს ქვეყნის უკვე მეორე პრეზიდენტი და საზოგადოებას არაფერი შანსი არ დაუტოვოს გარდა იმისა, რომ ნამგალს და უროს მოჰკიდონ ხელი, რაც ძალიან რთული იქნება.

"მგონია, რომ ეს "ოცნებაში" მორიგი კრიზისის ნიშანია, ამიტომ ქართული საზოგადოება ძალიან მტკიცედ და პრინციპულად უნდა ვიყოთ ადგილზე, არანაირი ძალადობა, მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით. თუ სალომე ზურაბიშვილს დააპატიმრებენ, რაც მოსალოდნელია, ეს უნდა მოხდეს ღირსეულად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მათ უნდათ, რომ საზოგადოებაში მღელვარება შემოიტანონ, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ და როგორც მაჰათმა განდიმ თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით გაიმარჯვა, ასე უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმაც.

"ქართველი ხალხი აშკარად სწორ გზაზე დგას, ვისაც ევროპა უნდა და შესაბამისად, თუ მშვიდობიან გზას არ გადავუხვევთ და ძალადობის ფორმებს არ დავუშვებთ, წარმატებას მივაღწევთ. მათ უნდათ, რომ ჩვენ ეს დავუშვათ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს დასავლეთიდან, თუ ზურაბიშვილი დააპატიმრეს, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

"ზუსტად ისეთი რეაქციები მოჰყვება, რაც სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ არ გვინდა ევროპა და დემოკრატია, რაც არუნდა გარედან იყოს მხარდაჭერა, ეს არ გვიშველის. ახლა ყველა ჩვენ გვიყურებს - როგორც ევროკავშირისთვის ქართველი ხალხი იბრძვის, ასე დიდხანს და მონდომებით არცერთ ხალხს არ უბრძოლია, ვინც ახლა ევროკავშირის წევრია. ევროპაში ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდ სიმპატიებს ვიმსახურებთ, მაგრამ თუ დავიღალეთ, არავინ არ შეგვეხვეწება არ დაიღალოთო.

"თუ სალომე ზურაბიშვილს დააპატიმრებენ, რაღაცა რეაქცია აუცილებლად იქნება, მაგრამ იმაზე მეტი არა, რაც სააკაშვილის შემთხვევაშია. ჩვენ ეს გავიარეთ, ამიტომ ამან არ უნდა დაგვაყოვნოს, მით უმეტეს, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი ამითვის მზადაა, ყველა მზადაა, რადგან ციხეზე უარესი რუსეთია", - განაცხადა პატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".

პოლიტიკური შეფასებები

"ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული მუხლები არ შემოერღვეთ - აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! არ დაგვავიწყდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო!" - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი მუქარა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„თუ ვინმე მოიპარავს, იქნება ქურდი, პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს და ქურდობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. იგივეა სხეულის განზრახ დაზიანებაზე, ადამიანის მკვლელობაზე და ასე შემდეგ. კარგად წაიკითხონ კანონი, რომელსაც „სისხლის სამართლის კოდექსი" ჰქვია.

"ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და არ არსებობს არავითარი ინდულგენცია - არავის დაავიწყდეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტებს, პრემიერებს დანაშაული აქვთ ჩადენილი დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ ერთპარასკევდარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ექვსი წლის განმავლობაში კანონის შესაბამისად იმოქმედოს", - განაცხადა გორდულაძემ.

22 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას თქვა, რომ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია „ფანჩატურად აქცია" და რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს. მისივე განცხადებით, თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

„72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის ყველა იმ ადამიანს გაწირავს, ვინც მასთან ერთად იქნება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"სტრატეგია - აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ "ოცნებას"ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს მათ სისუსტეზე მიუთითებს.

„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს. ყოველი შემდგომი დღე უფრო და უფრო მძიმეა თვითმარქვია რეჟიმისთვის, ამიტომ არის აუცილებელი პროტესტი და წნეხი. ახლა აუცილებელია და ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის, რომ შეტევით რეჟიმზე გადავიდეთ.

რაც მალე დანებდება ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას, მით ნაკლები იქნება ქართველი ხალხის რისხვა. რაც უფრო გააჭიანურებს ივანიშვილი ამ პროცესს, მით უფრო მძიმე შედეგებით დაასრულებს ის და მისი გარემოცვა. ვურჩევ ივანიშვილს, რომ ამ კვირაშივე მოხდეს ყველაფერზე შეთანხმება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე