
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, მასთან ერთად პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ორბელიანების სასახლეში იწვევს, რათა "ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმდნენ", პრეზიდენტი ვადას 29 დეკემბრამდე აძლევს. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადება "არასერიოზულია", ოპოზიცია კი ზურაბიშვილის გზავნილებს უერთდება, რასაც სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.
უნდა აღინიშნოს, რომ 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მომიტინგეების წინაშე კვლავ წარსდგა. პირველი სკოლის წინ გამართულ სცენაზე პრეზიდენტის გამოსვლისას მიკროფონი გაითიშა, რის შემდეგაც სიტყვა მეგაფონის საშუალებით გააგრძელა და ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" მიმართა.
"სალომე ზურაბიშვილი, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი აკეთებს შეთავაზებას, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ივანიშვილი თუ ამაზე არ დათანხმდება და ალბათ არ დათანხმდება, ქვეყნის შიგნით არა მგონია ამან რამე ძალიან შეცვალოს, მაგრამ იგივე საერთაშორისო დონეზე ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილია დესტაბილიზაციის წყარო და არა მომიტინგეები და სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა.
"სალომე ზურაბიშვილის ეს ე.წ. ულტიმატუმი პოლიტიკანების საბავშვო ბაღიდანაა. ივანიშვილი არც ერთ ფორმატში არც აპირებდა და არც აპირებს, რომ არაკონსტიტუციურ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს. როგორც ივანიშვილი, ისე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოუთმენლად ელოდება თუ სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან როდის გამოვა და მას თანამდებობაზე ყოფნის კონსტიტუციური ვადა როდის ამოეწურება",- ამბობს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
რა თქვა პრეზიდენტმა
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის მზადაა, დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და მოიფიქრონ, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პრეზიდენტის განცხადებით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული, შესაბამისად, ელოდება პასუხს.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე. 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს. ეს ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ხვალ, საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს. მაგრამ, არაფერი იქნება. შევხვდებით და გელოდებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, სალაპარაკო მხოლოდ ერთია - როდის და როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ამბობს, რომ მოსალაპარაკებლად დრო ცოტაა.
„აქ ყველაფერი მარტივად არის. არჩევნები არ შედგა. არამხოლოდ არ შედგა, არამედ არავისგან არ არის აღიარებული. არ არის აღიარებული თქვენგან და არ არის აღიარებული უცხოელი პარტნიორებისგან. როცა ეს არჩევნები აღიარებული არ არის და არის არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური ხელისუფლება, მაშინ ვართ ღრმა კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფორმულაა მსოფლიოში. ყოველდღე დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიკური გზით უნდა გამოსვლა ღრმა კრიზისიდან ეს არის ახალი არჩევნები.
"ამიტომ, მე, რომელიც აქ ვარ და ვიქნები, ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა. ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ - მოდით ორბელიანების სასახლეში და მოვილაპარაკოთ. ოღონდ სალაპარაკო მხოლოდ ერთია - როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო არის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რა პერსპექტივა აქვს ზურაბიშვილის შეთავაზებას
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის ულტიმატუმი არასერიოზულია, რადგან ივანიშვილი არანაირ ფორმატში არ აპირებს, რომ ზურაბიშვილს შეხვდეს.
"ფაქტია, 22 დეკემბრის შეხვედრამ რუსთაველზე მყოფი ხალხი უფრო მეტად გააწბილა, ვიდრე დანარჩენი საზოგადოება, რომლის უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურ ქმედებებს და განცხადებებს ანეგდოტურ ჟანრში განიხილავს. ძალიან საეჭვო იყო ის, რომ თითქოს მიკროფონის ხმის და რაღაც ტექნიკური მიზეზების გამო შეხვედრა ჩაიშალა.
"მსგავსი ინციდენტი მანამდე რატომ არ მოხდა? ამაში ხელისუფლების დაბრალება ბრიყვობაა, რადგან ნებისმიერი ასეთი მიტინგი ტექნიკური ხარვეზებით ხასიათდება ხოლმე და ყოველთვის არის ალტერნატიული საშუალება, რაც მანამდე ყველა პროტესტზე იყო. ასევე ძალიან დიდი სისულელეა იმის მტკიცება, რომ რაღაც სიგნალებს ახშობდნენ - როდესაც ადამიანები ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე კონცერტრირდებიან, კავშირგაბმულობის გადამცემი ანტენები ამდენ აბონენტს ვერ ერევიან და არანაირ ჩახშობაზე არაა ლაპარაკი, მით უმეტეს 22 დეკემბრის მიტინგი ყველა ოპოზიციურ ტელევიზიაში ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა.
"სალომე ზურაბიშვილის ეს ე.წ. ულტიმატუმი პოლიტიკანების საბავშვო ბაღიდანაა. ივანიშვილი არც ერთ ფორმატში არც აპირებდა და არც აპირებს, რომ არაკონსტიტუციურ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს. როგორც ივანიშვილი, ისე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოუთმენლად ელოდება, თუ სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან როდის გამოვა და მას თანამდებობაზე ყოფნის კონსტიტუციური ვადა როდის ამოეწურება.
"საზოგადოების გარკვეული სეგმენტი ელოდება იმ სეირსაც, რაშიც დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი თავს თავისი ნებით ჩაიგდებს. ესაა რაღაც გაჯიუტება, რომ ვითომ არ გამოვა სასახლიდან, ვითომ რაღაც ალტერნატიულ საპრეზიდენტო ხელისუფლებას შექმნის, ეს ხომ არასერიოზულია? იმ სერიოზული დიპლომატოური ბიოგრაფიის მქონე პირისგან. მორიგჯერ ასეთი სისულელეების ტირაჟირება, მიუთითებს, რომ მას ან არაადეკვატური დამკვეთები ჰყავს, ან უკვევ თვითონაა აბსოლუტურად შეურაცხადი.
"მის სიახლოვეს ფსიქიატრთა ჯგუფი უნდა მორიგეობდეს, რადგან სალომე ზურაბიშვილის არაადაკვატური ქმედებების რაციონალური ახსნა შეუძლებელია. როგორ შეიძლება იმის ახსნა, რომ ორბელიანების მოედანზე ბავშვებისთვის განკუთვნილ საკონცერტო სცენაზე აიჭრა და იქიდან ვითომ თავის მიმდევრებს მიმართა?! ვინ იყვნენ მისი მიმდევრები, ბავშვები?
"ნებისმიერი მისი განცხადება სისულელეა და არ აიხსნება არანაირი ლოგიკით. ეს განცხადება ხანმოკლე პიარული სვლაა, პირველ რიგში მისი გარე პატრონების დასანახად, რომ, აი, თითქოს სიტუაციის განსამუხტად ყველაფერს ცდილობს, მაგრამ მანაც ხომ მშვენივრად იცის, რომ დამთავრებულია - არჩევნები აღიარებულია, ბიუჯეტი და მთავრობა დამტკიცებულია, აქ სხვა ალტერნატივა არ განიხილება",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
როგორც ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილთან შეხვედრის დიდი იმედი არ აქვს, თუმცა, ამ ჟესტით აჩვენებს, რომ ის მზადაა ცივილიზებული ფორმით სიტუაციის განმუხტისთვის და რომ ბიძინა ივანიშვილია დესტაბილიზაციის წყარო და არა მომიტინგეები და ზურაბიშვილი.
"ვფიქრობ ყველაფერი ნათელია, არ მგონია სალომეს დიდი იმედი ჰქონდეს, რომ ივანიშვილი მივა და არჩევნების დანიშვნაზე რაღაც სერიოზულად დაილაპარაებს, უბრალოდ ამით ჟესტს აჩვენებს, რომ ის კრიზისის განმუხტვისთვის მზადაა ცივილიზებული ფორმით, რაც შეიძლება იყოს მხოლოდ არჩევნები.
"სხვანაირად სიტუაციის განმუხტვა არ ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, როდესაც ხელისუფლების ასეთი კრიზისია, როდესაც 25 დღეა ძალიან ხალხმრავალი გამოსვლები არ წყდება, როდესაც ქვეყანა საერთრაშორისო იზოლაციის საფრთხის ქვეშ დგას, ასეთ დროს ყოველთვის ასე ხდება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის არჩევნები როგორი იყო, რეალურად დგება ახალი რიგგარეშე არჩევნების საჭიროება.
"ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი აკეთებს შეთავაზებას, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ივანიშვილი თუ ამაზე არ დათანხმდება და ალბათ არ დათანხმდება, ეს შიგნით არა მგონია ამან რამე ძალიან შეცვალოს, მაგრამ იგივე საერთაშორისო დონეზე ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილია დესტაბილიზაციის წყარო და არა მომიტინგეები და სალომე ზურაბიშვილი",-განაცხადა ანალიტიკოსმა.
დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29 დეკემბერს არაფერს განსაკუთრებულს არ ელოდება.
"მე პირადად 29-ში არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები, საერთოდ არ მგონია ეგ თარიღი რაღაცა საკრალური და რომ ამის მერე არსებითად რამე შეიცვლება. აკურთხებენ თუ არა ყაველაშვილს პრეზიდენტად და სად აკურთხებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ცხადია ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, ვერც ხალხში და საზღვარარეთაც ამას ვერ შეძლებს - შეიძლება ვინმემ გამარჯობა და ნახვამდის უთხრას, ცენტრალური აფრიკის კაციჭამია იმპერატორი ჰყავდათ ბოკასა დასავლეთში იმასთან ურთიერთობდნენ და რაღაც დონეზე შეიძლება.
"მიმაჩნია, რომ კრიზისული სიტუაცია დიდხანს გასტანს, ივანიშვილი მაინც ტრამპის იანუგურაციას დაელოდება და მის ადმინისტრაციის მოსვლას, ამის მერე ვნახოთ კვლავ გაგრძედება იგივე თუ რაღაც ცვლილებების შანსი გაჩნდება, მანამდე არ მგონია რომ ხელისუფლებამ რამე შეცვალოს",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები პრეზიდენტის შეთავაზებაზე
"29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ - 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოს პრეზიდნეტის დღევადელ გამოსვლას საპროტესტო აქციაზე.
„ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს... 29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ - 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი. იცით, თურმე რას უმტკიცებენ? - შენ დანიშნე, გაქვს უფლებაო. ისევ ჩვენი საპატრონო უნდა გახდეს...", - წერს წილოსანი.
„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რუტინული ბრძოლა და წინააღმდეგობას გრძელდება, პრეზიდენტმა კი ამ განცხადებით დაადასტურა, რომ ის ხალხთანაა.
„საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართველ ხალხთან, ორ მთავარ და მნიშვნელოვან მოთხოვნაში: ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
"ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი და ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ახალი არჩევნების დანიშვნის ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა არსებობს, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში გაცოცხლება დემოკრატიისა და თავისუფლების. სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ მხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას და არ აპირებს დათმოს ის ლეგიტიმაცია, რაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს შერჩენილი.
"ჩვენ ვაგრძელებთ რუტინულ ბრძოლას და წინააღმდეგობას როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ეს წინააღმდეგობა იქნება მტკიცე. საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან",- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



