
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუმცა, ივანიშვილის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ამასთან ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროცესი გადადის "შეტევის სტრატეგიაზე", რისი საფუძველიც "ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა გახდა.
ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ივანიშვილი-ზურაბიშვილის შეხვედრას ფაქტიურად გამორიცხავენ, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს მხარეების პოზიციებში ის შეხების წერტილი, რაზედაც შეიძლება დიალოგი დაიწყოს. ამასთან, მათთვის უცნობია რას გულისხმობს ე.წ. შეტევით სტრატეგიაზე გადასვლა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 21 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური სპექტრი და ენჯეო სექტორი პრეზიდენტის სასახლეში იმისთვის მიიწვია, რომ "ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაენიშნა", როსი "მიზანიც აჟიოტაჟის შექმნა იყო", თუმცა, „ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა". კობახიძე დასძენს, რომ ზურაბიშვილს 29 დეკემბერს თანამდებობის "ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები... თეორიულად წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა მელიას დაკავებისას.
"წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში. მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს, რაც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას",- აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიცია მიესალმება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი "ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს", ‘ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ "გამარჯვებამდე უფრო ნაკლები დრო დარჩა".
„პროტესტის დაწყებიდან უკვე 25-ე დღეს, ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, მოტივირებულები, რეჟიმი არის უფრო სუსტი და გამარჯვებამდე უფრო ნაკლები დრო დარჩა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სადისტური რეჟიმი ქვეყნის ხელისუფლებაში აღარ იქნება. ამ დღეს დააახლოებს ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი სიმრავლე, პრინციპულობა. სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობას და მის ჟინს, რომ დიახაც, ამ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს, მე მივესალმები. რა თქმა უნდა, ასევე, დასავლეთიდან ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა - სანქციები, თუ სხვა ზომების სახით", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
რა თქვა პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარ არის, მითუმეტეს, „ქართული ოცნება" აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს, იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, შიგნიდან თუ გარედან, იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს მისი სისტემა - სანამ მისი სისტემა მთლიანად ჩამოიშლება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს ახალი არჩევნები, ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას არ სჭირდება ბევრი ბჭობა, მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე, მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნებიან მზად, რომ ჩამოვიდნენ და მასზე ზეწოლა განახორციელონ. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით. პროცესი შეტევის სტრატეგიაზე გადადის.
ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს „შეტევის სტრატეგია", სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ, დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს არ არის, რადგან თვითონ „ქართული ოცნება" ძალიან აჩქარებული ტემპით არის გადასული - ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
"ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ მთლიანად არ ჩამოიშალოს მისი სისტემა. სანამ ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას ბევრი ბჭობა არ სჭირდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რას გულისხმობს "შეტევი სტრატეგია"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რას გულისხმობს შეტევითი სტრატეგია მისთვის უცნობია, თუმცა მიაჩნია, რომ პროცესის აჩქარებამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს.
"ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ეს შეტევითი სტრატეგია. რამდენადაც ვხედავ, ჩვენს პარტნიორებთან ფაქტიურად ყველაფერი დალაგებულია, ქუჩაში კი პროტესტი გრძელდება. შეტევითი სტრატეგია რაღაც დამატებითი ელემენტების შემოტანას გულისხმობს თუ რას, უბრალოდ არ მესმის.
"არ ვიცი პრეზიდენტმა რა იგულისხმა, საგარეო მხრიდან ზეწოლა არის და როგორც ჩანს ეს გაგრძელდება, პროტესტიც მიდის და შეიძლება იყოს პიკური მომენტები, როცა ხალხის რაოდენობა უფრო მეტი იქნება, მაგრამ პროცესი როგორც მიდის, ისე უნდა გაგრძელდეს, ეს მანიფესტაცია უფრო რადიკალური არ უნდა გახდეს.
"მე რამდენამად პროცესს და მოსახლეობის განწყობებს ვუყურებ, პროტესტი ნელ-ნელა ძალას იკრებს, უფრო და უფრო სხვადასხვა შრეებში აღწევს - ბიზნესი იქნება ეს, საჯარო სამსახურები თუ სხვა. ამ პროცესის აჩქრებამ, შესაძლოა უფრო უარყოფითი შედეგი მოგვცეს. ამის მაგალითები გაქვს - 2007 წელს ნოემბრის პროცესები, რომ ორში დასრულებულიყო, სხვა ვითარება გვენებოდა, მაგრამ მაშინ ისე წავიდა საქმე, რომ პროტესტმა ყველასთვის მოულოდნელად იფეთქა და ხელისუფლების მხრიდან რეაქციაც მოჰყვა.
"ახლაც იგივე ვითარებაა, გარედაც ზეწოლა ნელ-ნელა უფრო ძლიერდება, პროცესში მეტი სახელმწიფო ერთვება, მაგნიტსკი სიაში შეყვანა, ეს სათამაშო არაა, ასე მარტივად არ ხდება, ძალიან სერიოზული რამაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს უბრალო გადაწყვეტილებაა ცდება. ამის უფრო დაჩქარებამ, შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოგვცეს. ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს და არა შს მინისტრი, ივანიშვილს თუ დაასაქნციერებენ, ეს ბოლო აკორდი იქნება. ყველა ცდილობს პროცესი ისე განვითარდეს, რომ გადაწყვეტილების მიმღებს არჩევანი ჰქონდეს, ამიტომაც პროცესის ხელოვნურად დაჩაქრება არ ღირს, მით უმეტეს ემოციური დაჩქარება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვისაც უცნობია რას ნიშნავს შეტევით სტრატეგიაზე გადასვლა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ზურეაბუშვილი კანონის ჩარჩოებიდან გასვლას არ გულისხმობს.
"არ მესმის რას ნიშნავს შეტევით სტრატეგიაზე გადასვლა, რომელიც ისედაც არის თბილისში, პროტესტი, რომელიც არ ჩერდება. თუ შენობებზე შეტევა იქნება იმისთვის, რომ სახელმწიფო დაწესებულებები აიღონ, მაგალითად პარლამენტი, მთავრობის შენობა და ა.შ. ეს უკვე დანაშაულია და მაგას ზურაბიშვილი არ იგულისხმებდა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მათი მოქმედება დემოკრატიის და კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს.
"ერთადერთი შეტევა ფეიერვერკების საშუალებით იყო და ისიც კიდევ კარგი შეაჩერეს, რადგან ესეც დანაშაულებრივი იყო, რადგან ესროდნენ ადამიანებს და არა ჰაერში. ეს ყველაფერი გამოვცადეთ და უფრო შეტევითი რა არის, ვერ გეტყვით. შესაძლოა მეტი ხალხის გამოყვანაც იგულისხმებოდეს, მაგრამ მაგას რა სტრატეგია უნდა, ხალხს თუ უნდა გამოვა. თუ გამომსვლელებს რამე დამატებითს შესთავაზებენ და დაჰპირდებიან, ეს უკვე შიდა სამზარეულოს თემაა.
"შეიძლება უცხოელების უფრო აქტიური ჩართვა იგულისხმება, რადგან არაერთხელ მიმართა უცხოელებს დაგვეხმარეთო, მაგრამ აქაც ცოტა ბუნდოვანია რას ნიშნავს შემტევითი სტრატეგია მათი მხრიდან, თუ უცხოელების დახმარებას გულისხმობს პრეზიდებტი. ყველაზე რადიკალური შეტევითი სტრატეგია როთმა განახორციელა, მიტინგზე მივიდა და მონაწილე გახდა, მეტი შემტევი რა უნდა ქნას?
"თუკი ეს იგულისხმება, რომ თუ უცხოელი თავის სახელმწიფოდან სანქციების დაწესების საკითხს დააყენებს, არც ესაა პროდუქტიული, რადგან ვიცით სახელმწიფოები, რომლებსაც სანქციები დაწესებული აქვთ და არაფრის დათმობას არ აპირებენ. ასევე შეიძლება ამ შემთხვევაშიც სანქციების ფონზე ხელისუფლებამ არაფერი არ დათმოს. ვხედავთ, რომ გაჟღერებული სანქციები ხელისუფლების რიტორიკაზე დიდ გავლენას არ ახდენენ",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეხვდებიან თუ არა ივანიშვილი და ზურაბიშვილი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივანიშვილი შეხვედრისთვის მზად არაა და ამ ეტაპზე მის განცხადებას დააიგნორებს.
"ზურაბიშვილი შეიძლება ამისთვის მზადაა, მაგრამ ივანიშვილი არის თუ არა, ესაა საკითხავი. როგორც მე პროცესს ვუყურებ, ივანიშვილი ამ ნაბიჯისთვის მზად არაა და გაჭირდება, რომ ზურაბიშვილის ამ ინიციატივას საერთოდ რამე პასუხი გასცეს.მემგონი უბრალოდ იგნორირებას გაუკეთებს მის განცხადებას და ამ ეტაპზე სულ ეს იქნება.
"უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ისეთი ვითარება არაა, რომელიც ბლიცკრიგით დასრულდება. ეს პროცესი ასე მარტივად არ დასრულდება, მით უმეტეს, როდესაც გარკვეულ აჟიოტაჟს ხელისუფლება ახერხებს და ქმნის 20 იანვართან დაკავშირებით.
"ამ პროცესის დაჩქარება უბალოდ არ გამოვა, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით. ქვეყნის გარედან რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ შიდა პროტესტი უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი ფომით და ვნახოთ შემდეგ რა იქნება. არ მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" 20 იანვრამდე რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს. დედლაინივით აქვს ეს თარიღი, როცა ტრამპი პრეზიდენტი გახდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, არა საქართველოსთან, არამედ ზოგადად, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, რაღაცები იცვლება და იცვლება მხოლოდ სერიოზულად.
"შიდა და გარე პროცესები თანხვედრაში უნდა იყოს და უნდა იყოს გათვლილი იმაზე, რომ დრო დაგვჭირდება. ეს მარტივად და ადვილად პროცესი არაა, თუ გვინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაძიანდეს ქვეყანაც, იმიჯიც, საზოგადოებაც და ა.შ. სხვა შემთხვევაში შეიძლება უფრო რთული და უმართავი პროცესები დაიწყოს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ახალი აღცევნების დანიშვნას დამატებითი სამართლებრივი არგუმენტი უნდა, რაც დღეს არაა.
"ერთადერთი სასაუბრო თემა ახალი არჩევნები რჩება, რადგან უცხოელებთან დიალოგშიც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პატიმრები განსაზღვრულ ვადაში გამოვლენ და სავარაუდოა, რომ ეგრეც მოხდება შემთხვევათა დიდ ნაწილში და რჩება ხელმეორე არჩევნები.
"ხელახალ არჩევნების თავის საბაბი უნდა. წარმოვიდგინოთ ის სცენარი, რასაც ალბათ ზურაბიშვილის ინიციატივა გულისხმობს - ელაპარაკა ივანიშვილს, დაარწმუნა, მერე გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ ჩავატაროთ ხელმეორე არჩევნებიო, რა დამოკიდებულება გაუჩნდება ივანიშვიულის მიმართ იმ 53%-ს, ვინც მას ხმა მისცა? ამ ხალხმა ჩათვალეს, რომ მისმა ხმამ გაიმარჯვა და ახლა ამ პარტიამ წააგო, მას იმედგაცრუება არ ექნება, რომ არათუ მისი ხმა ვერ დაიცვა "ოცნებამ", არამედ წააგო და მისთვის გაუგებარია რატომ წააგო.
"თუ ასე ივანიშვილის ინიციატივით არჩევნები ავტომატურად ჩაიშნიშნება, მაშინ "ოცნებაზე" ბევრი გაბრაზებული იქნება. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი "ოცნებას" ხმას მხოლოდ იმიტომ არ აძლევს, რომ "ნაცმოძრაობას" რაღაცეები აპატია და ახლა წარმოიდგინე არჩევნები უმიზეზოდ დათმოს, მარტო იმიტომ რომ მიტინგები კი არა, სეირნობა ეწყობა. ახლა თუ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, ამის იქით ლოგიკა უნდა იყოს, თავად 53%-ს არ მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბებულია.
"სად გვაქვს მკაფიო ფაქტი იმისა, რომ დარღვევები იყო? ეუთო/ოდირის დასკვნას ორივე მხარე სათავისოდ კითხულობს, რაღაცა დამატებითი არგუმენტის საჭირო, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა ლოგიკური გახდეს, დამატებით არგუმენტს ვგულისხმობ სამართლებრივ საფუძველს.
"თუკი რამე დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდა, მერე უკვე ლოგიკური იქნება თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნა, მაგრამ თუ დაინიშნა, იმ ხელახალი არჩევნების შედეგები როგორ უნდა იყოს დაზღვეული გაყალბებისგან? ამის მექანიზმზე იმუშავა ოპოზიციამ?!
"ეს კითხვები ალბათ ივანიშვილსაც აქვს. პირად შეხვედრას რა აზრი აქვს, თუკი გასაჯაროვებულ ვარიანტში ეს იურიდიული საფუძვლები არ ჩანს. ხელახალი არჩევნები დაინიშნოს იმიტომ რომ ვიღაცამ წააგო, ეს პროცესი უსასრულობაში გადაგვიყვანს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



