თამთა ჩაჩანიძე
(20.12.2024)

ოპოზიცია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს 18-20 დეკემბრის ვიზიტის შეფასებისას ამბობს, რომ „შარლ მიშელი 2" არ იქნება. ოთხმა ოპოზიციურმა პლატფორმამ საერთო განცხადებაშიც დააფიქსირა საკუთარი პოზიციები ბერსეს პრესკონფერენციაზე. მათი თქმით, „ეს არ ემსახურებდა კრიზისის განმუხტვას".

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიშელის მსგავსი შეთანხმების პერსპექტივა ბევრი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს.

„ახლა ასეთი შეთანხმება ფიზიკურად ვერ მოხდება, რადგან ჯერ ერთი ეს ევრსაბჭოს წარმომადგენელია და არა ევროპული საბჭოსი - ეს ორი სხვადასხვა ორგანოა აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციებით. ევროსაბჭო უფრო მეტად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს და ევროკავშირს არ წარმოადგენს. პრინციპში თვითონ ამ ბატონმა აიღო თავის თავზე რაღაც პოლიტიკური ფუნქციები, თორემ საერთოდ ევროსაბჭოს ფუნქცია არაა პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმოება.

„რაც შეეხება შარლ მიშელის მსგავსს დოკუმენტს, შეთანხმება რომც შედგეს, ამას რაღაც საფუძველი და ორმხრივი ნება სჭირდება. ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნება იქნებოდა დაპატიმრებულების გამოშვება და მზაობა იმისთვის, რომ არჩევნების გზით კრიზისი განიმუხტოს. სხვა მოსალაპარაკებელი რა უნდა იყოს, მე არ ვიცი. გარდა არჩევნებისა და გამოშვებისა, სალაპარაკო არც არაფერი არაა. „დიფ სთეითზე" ხომ არ დაუწყებ ხელისუფლებას მოლაპარაკებას? ამიტომ, ის რაც იყო, არ განმეორდება, ობიექტური მოცემულობა ასეთია", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეც "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არავითარი "შარლ მიშელი ორი, სამი და შვიდი" არ მოხდება.

„არავითარი შარლ მიშელი ორი, სამი და შვიდი არაა საჭირო, ეს არჩევნები მოიგო იმ ძალამ, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება". მეორე ადგილზე გასულ გვარამიას პარტიას გაასწრო 800 ათასი ხმით, ამიტომ რომელ და რა შეთანხმებაზეა ლაპარაკი? ცალსახაა, რომ მმართველი ძალა „ქართული ოცნებაა". ეს არის გვარამიას და ოპოზიციის კოჯრის ტყის სიზმრები - მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. ისინი ასეთ სიტუაციაში არიან მოქცეულები - წინ წყალი, უკან მეწყერი აქვთ და რაღაცაზე ხომ უნდა ილაპარაკონ, ჰოდა ლაპარაკობენ ამაზე. როგორც 2020 წელს, ახლაც ცოტა ხანი ვაცადოთ და გაზაფხულზე ისინი პარლამენტში ერთმანეთს შეასწრებენ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

„ყველას მინდა შევახსენო - „შარლ მიშელი 2" არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები - ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს",- წერს „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ფეისბუქზე. მისივე თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ტყვეებით ვაჭრობა არ შეიძლება.

„ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ, კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება", - წერს გვარამია.

ამასთან, გვარამია იმ ძირითად საკითხებს ასახელებს, რაც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკომენტაროდ დებს ალან ბერსეს ბრიფინგს „განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე მისი კოალიცია".

„ოპოზიციას ყველაფერი კონსტრუქციული, პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული აღიზიანებს - მისი დღის წესრიგი, რეალურად სავსეა დესტრუქციით, ძალადობით", - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, რითაც დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენმდივან ალენ ბერსეს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ოპოზიციას მსჯელობის დონეზეც კი არ სურთ იმის დაშვება, რომ შესაძლებელია, ევროპული მხარის ინიციატივით კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ საკუთარი ქმედებები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე