
დასავლეთის მხრიდან „ქართულ ოცნებაზე" სანქციების დაწესებამ საკმაოდ დინამიური ხასიათი მიიღო. ეს ჯერ მოსამართლეებით დაიწყო და ბოლოს აკრძალვები ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესდათ. ანალიტიკოსები სანქციების შესაძლო უკიდურეს ფორმებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თუ „ოცნება" პოზიციას არ შეიცვლის, ეს გაგრძელდება.
„თუ ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ სხვადასხვა სცენარები შეიძლება მივიღოთ, როგორც მაგალითად ბელარუსის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო", - განაცხადა „რეზონანსთნ" საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ. თუმცა, მისი თქმით, "ამ ეტაპზე უშუალოდ ქართველ ხალხზე სანქციების დაწესება, მაგალითად უვიზო მიმოსვლის შეჩერება, გამორიცხულია."
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, სანქციები ნაბიჯ-ნაბიჯ ამოქმედდება: „სანქციების ასორტიმენტი სხვადასხვაა, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ასე ერთბაშად ეს არ ამუშავდება, რადგან ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ქვეყანას ხელი ჰკრეს."
გუშინ გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე მირზა კეზევაძეს.
მანამდე, 12 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქართველოს 20-მდე მოქალაქის, მათ შორის - „ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვების ახალი პაკეტი შეეხოთ მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს და ქვეყნის კონსტიტუციით არის დაცული.
ამის შემდეგ, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე იმსჯელეს და დაადგინეს - უვიზო რეჟიმის შეზღუდვა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.
ამასთან, პერსონალური სანქციები უკვე დააწესეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ მაქსიმალურ სანქციებზე საუბარი რთულია, რადგან ყველაფერი „ოცნებაზეა" დამოკიდებული.
„წინასწარ პროგნოზირება რთულია, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა მოვლენები, თუმცა ფაქტია, ეს სანქცირების და ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციის პროცესი უკვე შეუქცევადი ხდება. ფაქტობრივად, დღე არ გადის, რომ რაღაც ახალი სანქციის შესახებ არ ვისაუბროთ. ანუ პროცესი დინამიური გახდა.
"რაც შეეხება იმას, თუ რა მაქსიმალური სანქცია შეიძლება იყოს, არ ვიცი, ვინაიდან აქ სხვადასხვა სცენარია, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება - დათმობს და უარს იტყვის თუ არა მოქალაქეების ძალადობაზე, აირჩევს თუ არა დიალოგის გზას, რამდენად ეყოფა უნარი იურთიერთოს პოლიტიკურ ოპონენტებთან და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამის მერე გადაწყდება ყველაფერი.
"თუ ეს ყველაფერი არ იქნა, მაშინ სხვადასხვა სცენები შეიძლება მივიღოთ, როგორც მაგალითად ბელარუსის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო. ამ ეტაპზე უშუალოდ ქართველ ხალხზე სანქციების დაწესება, მაგალითად უვიზო მიმოსვლის შეჩერება, გამორიცხულია, ვინაიდან ევროკავშირი და სხვა პარტნიორები მაგას აქცევენ ყურადღებას, რომ ქართველები ხელისუფლების ავტორიტარიზმის გამო არ დაიჩაგრონ და ამიტომაც იკავებენ თავს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძის აზეით, შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან შეხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ.
„სანქციების ასორტიმენტი სხვადასხვაა - არის სავიზო და საფინანსო შეზღუდვები, რომელიც ეხება კონკრეტულ პირთა ეკონომიკურ ინტერესებს და არის ქვეყნისთვის გაწეული დახმარების შეჩერებას. ახლა მიჭირს იმის თქმა, რა მასშტაბით და რა სისწრაფით აამოქმედებს ამ სანქციებს კოლექტიური დასავლეთი. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ასე ერთბაშად ეს არ ამუშავდება, რადგან ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ქვეყანას ხელი ჰკრეს. ამიტომაც მე მგონია, რომ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება შემოღებული იქიდან გამომდინარე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ხელისუფლება და, დასავლეთის აზრით, რამდენად ადეკვატური იქნება ამ სანქციების მიმართ. მაგალითად დღეს უკვე ვნახეთ ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნაბიჯი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გადახედვის შესაძლებლობაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი კიდევ სხვა შეემხედრი ნაბიჯებიც იყოს გადადგმული", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



