
აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა. ამასთან, მთავრობა შსს-ს 11 ხელმძღვანელ პირს ღირსების ორდენზე წარადგენს. კობახიძის თქმით, თუ სანქციების გამო, რომელიმე მოხელეს "ფინანსური დანაკლისი შეექმნება, სახელმწიფო აანაზღაურებს".
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მწვავედ აკრიტიკებს, კერძოდ კი "ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "მაგნიტსკის აქტით" დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია თუ არა იმის დემონსტრირება, რომ "ოცნება" კრემლის მიერ მართული ძალაა".
უნდა აღინიშნოს, რომ 19 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე "მაგნიტსკის სასანქციო სიაში" შეიყვანა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დამატებით სავიზო შეზღუდვებს აწესებს.
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, მოსალოდნელია, რომ სანქციები გაგრძელდეს და გამწვავდეს, თუმცა ასევე მოსალოდნელია, რომ პროცესი 20 იანვრის მერე შეჩერდეს.
"ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო არაა და დაპირება, რომ სიტუაცია გამწვავდება, სრულდება. ველოდები, რომ კიდევ გამწვავდება. თუმცაღა, მოსალოდნელია, რომ სადღაც შეჩერდება ეს პროცესი და ამას 20 იანვრის მერე ვნახავთ, რაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მოვა და თავის პოლიტიკას გაატარებს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ სანქციებს კიდევ უნდა ველოდოთ, როგორც აშშ-სგან, ისე ევროკავშირის ქვეყნებისგან ინდივიდუალურად. მისი თქმით, ქვეყანა ღრმა კრიზისში შედის და სანქციებს ჯაჭვური ეფექტი ექნება და თანდათან ეკონომიკაზეც აისახება.
"მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ამ ნაბიჯს გადადგამდა, კიდევ უნდა ველოდოთ და ეს არ არის ბოლო დასანქცირება ამერიკისა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან. წრეებს ისინი თანდათან აფართოვებენ და ზეწოლა მთლიანად სახელისუფლებო სტრუქტურებზეა, ამიტომ არის აქ მუნიციპალიტეტებზე ლაპარაკი სანქციებთან დაკავშირებით.
"გომელაურის დაწინაურება თითქოს გამოძახილია, რომ აი, კი დაასანქცირეს, მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, მაგრამ ხელისუფლება თითქოს იხტიბარს არ იტეხს. ჯერჯერობით ხელისუფლება ცდილობს დასანქცირება არ შეიმჩნიოს. სადამდე გაუძლებს ქვეყანა, არ ვიცი, რადგან ასეთ ვითარებაში ჩავთვალოთ, რომ ტურიზმი ფაქტობრივად განულდება, თუ ტურიზმი განულდა, შეჩერდება რესტორნების ბიზნესი, რადგან შემოტანილი პროდუქტებით მარაგდება. ამ ყველაფერს ჯაჭვური ეფექტი ექნება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკას დაარტყამს.
"ჯერჯერობით ხელისუფლება უძლებს, რადგან ამის ასახვა სოციალური კუთხით მომენტალურად არ ხდება, მაგრამ შემდეგ უკვე დაიწყებს ასახვას და არ ვიცი, ხელისუფლებას რისი იმედი აქვს.
"თუ იქამდე მივიდა საქმე, რომ ივანიშვილს დაასანქცირებენ, მაშინ ვიტყვი, რომ სანქციები დამთავრდა და მეტი აღარ იქნება. ივანიშვილს ყველაზე ბოლოს დაასანქცირებენ. მათ ხომ მშვენივრად იციან საქართველოში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს? ამიტომ შეეცდებიან, რომ ბოლომდე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ივანიშვილისგან უკვე არაფერი სიკეთე არ გამოვა, მანამ არ დაასანქცირებენ და შემდეგ კი ბატონო, თუ გამოსავალი არ ექნებათ, ალბათ გააკეთებენ, ოღონდ ეს იქნება ბოლო აკორდი.
"ქვეყნები ნელ-ნელა იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო ევროკავშირის ეგიდით გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ უკვე 17-მა ქვეყანამ გააკეთა განცხადება და როგორც ჩანს ევროკავშირშიც ინდივიდუალური წესით წავა პროცესი ერთიმეორეს მიყოლებით. სანქციებს პორციებად იმიტომ აკეთებენ, რომ მათთვისაც დიდი სიამოვნება არაა რომ დაასანქცირონ. ასანქცირებენ იმისთვის, რომ გონს მოეგონ, ერთბაშადაც შეიძლება, მაგრამ ასე რომ გააკეთონ, მერე გასაქცევი აღარ იქნება ალბათ და ამიტომ ნელ-ნელა ცდილობენ და ვნახოთ, რა იქნება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
თბილისში აშშ-ს საელჩო აქვეყნებს სახდეპის გადაწყვეტილებას - "სანქციების დაწესება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში".აღნიშნულის შესახებ განცახდება დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერმა გააკეთა 19 დეკემბერს.
"გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში, დღეს შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ დარბევებზე, მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.
სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად.
"დღევანდელი ქმედებით გრძელდება წინა კვირას გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები, ფართოვდება აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სექტემბერში დაწესებული სანქციები, რომელიც თანხვედრაშია დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ და ბოლო დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებთან.
"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ განგრძობით, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მტკიცედ ვართ განწყობილი, დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
"აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანება 13818-ის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულებათა აქტს და მიმართულია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩამდენ პირებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზი. სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვების დაწესების ზომები მიღებულია 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის საფუძველზე, საიმიგრაციო და ეროვნულობის აქტის 212(a)(3)(C) მუხლის შესაბამისად",- ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინო შს-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.11 თანამდებობის პირზეა საუბარი. ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე. ინაუგურაციის შემდეგ 11-ივე წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე იქნება წარდგენილ", - განაცხადა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



