
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს არ დატოვებს და 31 დეკემბერს „ახალი წლის საპროტეტსო ღამეს" აანონსებს, თუმცა მანამდე ანალიტიკოსები დაძაბულ 29 დეკემბერს პროგნოზირებენ, მაშინ, როცა 300-კაციანი კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია უნდა გაიმართოს.
„ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი. შევხვდეთ ერთად!" - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ახალი წლის საპროტესტო ღამის" ფეისბუქ ღონისძიების გვერდზე. პარლამენტის წინ დაანონსებულია შეკრება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან.
მანამდე, ზურაბიშვილს სტრასბურგში ვიზიტისას პოლონურ მედიასთან ჰქონდა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ საქართველოში დარჩენას აპირებს და არ სურს იმ პოლიტიკური ლიდერების ბედი გაიზიაროს, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დატოვეს.
„ამჯერად განცხადებაში არ უთქვამს, არ გამოვალ ორბელიანების სასახლიდანო, ისე შენობაში ყოფნა არც ადრე არ დაუჩემებია. იძახის, ნამდვილი პრეზიდენტი ვარო და აუცილებელია იმ შენობაში იყოს ნამდვილი პრეზიდენტი? ამიტომ, მე მგონი, თვითონ ქალბატონი სალომეც ეცდება, რომ არ შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც მას წამგებიანად წარმოაჩენს. კივილი და თმების გაშლა იქნება მისთვის წამგებიანი", - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს პოლონურ გამოცემასთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას.
„მე არ დავტოვებ საქართველოს, ქვეყნის დატოვებაზე კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. ეს არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას?! მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა „არალეგიტიმური პარლამენტის" მიერ არჩეული პრეზიდენტი არ უნდა აღიაროს.
„ის, რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, არის, რომ მინიმუმ არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა პარლამენტმა მოპარული არჩევნების შემდეგ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.
„თითქმის ყველა პარტნიორისგან, ერთი-ორის გარდა, ჩვენ მოვისმინეთ მორალური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა. მათ შორის ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ასე რომ, ამ მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირიდან რეაგირება ადეკვატური იყო", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, დემოკრატიულ უკუსვლაზე უარესია.
„თქვენ ახსენეთ დემოკრატიული უკუსვლა, ეს არ არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს ამაზე ბევრად მეტია. ეს არის რუსული მოდელის დაწესება საქართველოში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი დემოკრატიული მოდელი იყო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ ნიადაგს სინჯავს, რომელიც არ არის სამხედრო ინტერვენცია, რამაც მათ არ მისცა ის შედეგები, რასაც ელოდნენ - იქნება ეს უკრაინაში თუ სირიაში. ისინი რაღაც ახალს ცდიან, რაც ითვალისწინებს არჩევნების ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც მათ თავიანთი მარიონეტების კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს, რათა ამ გზით მიიტაცონ ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიისკენ, ევროპისკენ ისწრაფვიან. ეს არის ის, რამაც ევროპა უნდა შეაშფოთოს, რადგან ეს არის საარჩევნო ომის ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გამოიყენეს და გამოსცადეს, არამედ ამის შემდეგ ვიხილეთ რუმინეთშიც", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე, 18 დეკემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგუფები „ძალიან ცუდ რამეს" ჰპირდებიან.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სიძულვილის და ბრალდებების კამპანია მცირე ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მპირდებიან ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ. პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, მრავალ ლიდერს იჭერენ, უშვებენ ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ მთავარი საფრთხე გახლავთ ის, რაც მანამდე გამოცხადდა, არჩევნებამდე, ბატონი ივანიშვილის და მთავრობის მხრიდან, რომ ისინი გააუქმებენ ზოგიერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თბილისში პრეზიდენტს „ხელისუფლების მხრიდან არაფერი ემუქრება" და შესაძლოა ეს განცხადება პრევენციისთვის გააკეთა.
„პრეზიდენტმა ლუკაშენკოს რეჟიმთან გაავლო პარალელი, ამ დროს სწორედაც იცის, რომ თბილისში მას ხელისუფლების მხრიდან არაფერი ემუქრება და მე მგონი სწორედ თავდაცვის პრევენციის მიზნით გაკეთდა ეს განცხადება. თუმცა, შეიძლება მეორე მოტივიც ჰქონდეს, რომ უცხოელებთან მას უყვარს სიტუაციის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს აქ დიქტატურაა, ტირანიაა, ხალხს ციხეებში ყრიან და ა.შ. ეს ვერსია გააგრძელა ამ განცხადებით. ამ ვერსიის ფონზე, პრეზიდენტი გმირი ქალი გამოდის ხომ?
„ამჯერად განცხადებაში არ უთქვამს, არ გამოვალ ორბელიანების სასახლიდანო. ისე, შენობაში ყოფნა არც ადრე არ დაუჩემებია. იძახის, ნამდვილი პრეზიდენტი ვარო და აუცილებელია იმ ორბელიანების სასახლეში იყოს ნამდვილი პრეზიდენტი? ამიტომ, მე მგონი თვითონ ქალბატონი სალომეც ეცდება, რომ არ შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც მას წამგებიანად წარმოაჩენს. კივილი და თმების გაშლა მისთვის წამგებიანი იქნება.
„თუკი პოლიტიკური მუხტი ახალი წლის ღამეს ძალიან გაიზარდა, ამან შეიძლება შეჯახება გამოიწვიოს. ვიცით, რომ ბევრი ახალგაზრდა გამოდის და ახალ წელს ქუჩაში ხვდება-ხოლმე, მიშას მერე დაკანონდა ახალი წლის ქუჩაში შეხვედრა და ამ ახალგეზრდებს შორის ვინმემ თუ პოლიტიკური მუხტი წინა პლანზე წამოსწია, მათ შორის პრეზიდენტმაც, ამან შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოს თითოეულ ამ ახალგაზრდას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას.
„მინდა, რომ ახალ წელს აქცია მშვიდობიანი იყოს, იმედი მაქვს, რომ ქართველებს ქართველობა არ უღალატებს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



