
„ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ სისტემა ჩამოშლილია, ან, ყოველ შემთხვევაში, მისი რყევაა დაწყებული. „ქართული ოცნების" წევრების მიმართ სანქციები ამ მომენტში გადამწყვეტი არაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: მე ადრე ვთქვი, რომ ურთულესი პერიოდი გვექნებოდა და გამართლდა კიდეც. ამის თქმის უფლება მომცა იმ პროცესებმა, რაც ხდებოდა. სანქციების საკითხი არაა მარტივი, რადგან თქვენ მოგეხსენებათ, ამერიკამ ცალკეული პირებისა და რუსეთის მიმართ დააწესა სანქციები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გამოიღებს აბსოლუტურ შედეგს. რაც შეეხება ამ სანქციებს, ეს უფრო პიროვნულია. იმ პროცესებმა, რაც საქართველოში წავიდა და რაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროპასთან დაკავშირებით, ეს სპონტანურად ალბათ არ გაკეთებულა. ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა ჰყავს თავისი მრჩევლები, რომელთა პოლიტიკური ცოდნის დონე ჩემთვის მაინც და მაინც გასათვალისწინებელი არაა.
რა თქმა უნდა, სანქციები შედეგს გამოიღებს, მაგრამ ამას დრო უნდა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, თუმცა ბუნებრივია, ეს საზოგადოებრივი აზრისა და საქართველოსთვის კარგი არაა, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ სიტუაციაში არ აქვს, რადგან ეს არის შორი პერსპექტივის გათვალისწინებით. შესაძლოა სანქციები ტრამპის მოსვლის შემდეგაც გაგრძელდეს. ტრამპის პოლიტიკა საქართველოსა და კავკასიის მიმართ უკვე გარკვეულია, თუმცა მას არც აქვს ჯერ გადაწყვიტელებების მიღების უფლება, მაგრამ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს. საინტერესოა ის, რომ ტრამპი თანამდებობებზე ნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც მაინც და მაინც „ქართული ოცნების" პოლიტიკა და ხელმძღვანელობა გულზე არ ეხატებათ. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ სისტემა ჩამოშლილია, ან, ყოველ შემთხვევაში, მისი რყევაა დაწყებული. ბიძინა ივანიშვილის სისტემა ძირმომპალია, რომელსაც ხელს თუ ჰკრავენ, წაიქცევა. მე არ მგონია, რომ ეს ვინმეს ნახელავი იყოს, მათ შორის არც რუსეთის. ეს მისი გადაწყვეტილებების შედეგადაა. ბიძინა ივანიშვილი წმინდა რუსული პროექტია და მისი გუნდის წევრებიც ამ პრინციპითაა შერჩეული. ბუნებრივია, იქნება კიდევ შეზღუდვები და ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა ეს ამ ვითრებაში გადამწყვეტი არაა. გადამწყვეტი არის ეს სიტუაცია, რომელშიც იანვრის შემდეგ სამწუხაროდ, ჩავარდება საქართველო.
საქმე იმაშია, რომ დაპირებები ყოველთვის არსებობს, მაგრამ დაპირებები, რომელსაც გაძლევს ნებისმიერი ძალა, აბსოლუტურად არ სრულდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს, ძალიან ბევრი რამე არ გაკეთდა.
დღეს რაც ხდება, არასდროს ყოფილა, მათ შორის არც შევარდნაძის დროს. მე პატივს ვცემ ბევრს, მაგრამ მიუღებლად მიმაჩნია, განსაკუთრებით ის, რომ კულტურის სამინისტროში იყოს სამართლის სპეციალისტი. ყველა სფეროს თავისი შესაფერისი სპეციალისტი სჭირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი გამოცდილებით.
მე მინდა ბიძინა ივანიშვილს ვთხოვო, რომ მომცეს იმის საშუალება, ისტორიაში პატარა აბზაცი მაინც დავუთმო მის დადებით მოღვაწეობას. ახლა მე ერთ აბზაცსაც ვერ ვუთმობ.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამეტში?
ი.კ: სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ ქართულ სიტუაციაში ლიდერია. აუცილებელი არაა ეს ვინმემ თქვას, ან თუნდაც თვითონ, ეს თავისთავად მოხდა. ამ ვითარებაში სრულიად მოულოდნელად წარმოიშვა პოლიტიკური ლიდერი. ოპოზიციურ პარტიებს კი ჰყავთ ლიდერების, მაგრამ ის არის ყველა ოპოზიციური პარტიის გამერთიანებელი ლიდერი. მითუმეტეს მას აქვს ძალა და შესაძლებლობა, რადგან ევროპა მას ცალსახად მხარს უჭერს. მას მიესვლ-მოესვლება, ანუ მას დიალოგის გამართვა შეუძლია დიდ სახელმწიფოებთან. მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რას იძახის „ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელი, არამედ ქართველი ხალხი. ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება ზურაბიშვილზე დადებითს ამბობს. მისი გამოსვლა ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



