ნატალია ჯვარიძე
(19.12.2024)

ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს, რათა დეტალურად შეისწავლოს ჩატარებული არჩევნების პროცესი. „ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს მიანიშნებს, თუ ვინ წარმოადგენს რეალურად რუსეთის ინტერესების გამტარებელს. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.

„ამ დრომდე ეს ხალხი ლაპარაკობდა, რომ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება არაფერიაო, ახლა კი მიმართავენ კომისიები გამოგვიგზავნეთო?" - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ეუთო/ოდირმა მართლაც გამოაგზავნოს სადამკვირებლო მისია: „ფაქტობრივად, ოპოზიცია ითხოვს არსებული რეალობის ანალიზსს და მის საფუძველზე დასკვნის გამოტანას. რამდენად მიიღებს ამას ეუთო/ოდირი, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მათ მართლაც გამოაგზავნონ საკუთარი დამკვირვებლები".

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, ერთობლივ წერილში ასევე დართულია საია-ს ანგარიში, სადაც „ახსნილია ის ძალადობდა და ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მოუწყო".

„ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, ამისთვის მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციები უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში.

„ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება, სადაც ვითხოვთ, რომ ამუშავდეს „მოსკოვის მექანიზმი", რომელიც პირველად გამოყენებული იყო 1991 წელს, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევებსა და მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ახორციელებს.

„წერილს თან ახალავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" „რეპორტი", სადაც ახსნილია ის ძალადობდა და ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მოუწყო, თუ როგორ გამოუცხადა ომი ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, როგორც სძულდა სტალინს.

„ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილიყო, რომელიც სულ მალე ეუთო/ოდირის მეილებზე იქნება გაგზავნილი, ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშობას და ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს სანქციები უწესდება", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

„ქართული ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციური პარტიების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება. მისი თქმით, ეუთო/ოდირი არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას აღიარებს.

„ძალიან მოუხდა რადიკალურ ოპოზიციას სახელი - „მოსკოვის მექანიზმი". ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში სწორედ მოსკოვის და რუსეთის მექანიზმს წარმოადგენენ. რუსეთის და მოსკოვის ინტერესების გამტარებლები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. გადაუფორმეს სტრატეგიული ობიექტები, ეკონომიკა, ტერიტორიები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხმა მისცეს, ომის შემდეგ შეწყვიტეს სავიზო რეჟიმი, არ უჩივლეს რუსეთს არცერთ სასამართლოში. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოვუგეთ. ისინი ახლა „მოსკოვის მექანიზმით" რომ ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეუთო/ოდირზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას, იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან კარგად იციან, როგორი იქნება საბოლოო ჯამში ეუთოს დასკვნა, რომელიც, რა თქმა უნდა, აღიარებს არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას. რა თქმა უნდა, იქნება რეკომენდაციები და შენიშვნები, როცა 2 მილიონ 100 ათასი ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას ახალი ტექნოლოგიებით. ჩვენ მზად ვართ ამ რეკომენდაციების და შენიშვნების გასაზიარებლად, მათ შორის სამუშაო ფორმატში. მაგრამ ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის" გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუ ეუდო/ოდირი ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეისწავლის, იძულებული გახდება აღიაროს, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დაღვევას.

„ქართული ოცნება" მუდამ აპელირებს ეუთო/ოდირზე. რამდენად სწორი და რეალურია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ პირველად დასკვნას პროპაგანდისთვის ძალიან კარგად იყენებენ. ამიტომ ქართული ოპოზიციის მიმართვაა იმისთვის, რომ მთლიანი მასალა იყოს შესწავლილი და შემდეგ დადოს დასკვნა. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციისთვის მომგებიანია, ვინაიდან უამრავი ფაქტი დაგროვდა. ამ ფაქტებში არის არა მარტო არჩევნები და მისი შედეგები, არამედ ადამიანთა უფლებების დარღვევები. ფაქტობრივად, ოპოზიცია ითხოვს არსებული რეალობის ანალიზსს და მის საფუძველზე დასკვნის გამოტანას. რამდენად მიიღებს ამას ეუთო/ოდირი არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მათ მართლაც გამოაგზავნონ საკუთარი დამკვირვებლები.

„ამას ის შედეგი ექნება, რომ თუ მთლიანობაში შეისწავლიან და გაანალზიებენ არსებულ ვითარებას ქვეყანაში, ეუთო/ოდირი იძულებული იქნება აღიაროს, ქვეყანაში ადგილი აქვს ადამიანების უფლებების დარღვევას ხელისუფლების მხრიდან, არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული არჩევნების შემდეგაც, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან წამგებიანია, სამაგიეროდ მომგებიანი არის ოპოზიციისთვის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამის მოთხოვნა საკუთარი თავის გადარჩენას ნიშნავს, რომელიც ფიქრობს, რომ არ გამოვა.

„ცალსახა არის ერთადერთი რაღაც, ეს ოპოზიცია კი არაა, არამედ საქართველოში მეხუთე კოლონა, რომელსაც დავალება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში. მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში გლობალური ომის პარტია დამარცხდა, რომლის უკანაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დგას და რომელმაც ცეცხლის ალში გაახვია უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი, თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიან.

„ამ დრომდე ეს ხალხი ლაპარაკობდა, რომ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება არაფერიაო, ახლა კი მიმართავენ, კომისიები გამოგვიგზავნეთო. ეუთო/ოდირმა წინასწარი დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი უნიკალური იყო. ასევე, მათ მიხედვით, ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ოპოზიციაში ეს რომ მოისმინეს, მაშინვე განაცხადეს, დღევანდელ ეუთო/ოდირს ვინ რას ეკითხებაო. ახლა, როცა დასრულდა მათი პარპაში მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში, წყალწაღებულები ხავსს ეკიდებიან. ჩემი გადასახედიდან, დღევანდელი ოპოზიცია კოლექტიური ყორღანაშილები არიან, რომლებიც საქართველოს ღალატობენ და რომელთაც ქართველმა ხალხმა მიუჩინა ის ადგილი, რომელიც ეკუთვნით. ქართული ხალხური გადმოცემის მიხედვით, როდესაც ყორღანაშვილს საჩინო ბარათაშვილმა ხელი ჰკრა და კლდიდან გადააგდო, მისი ლეში იმდენად ყარდა, რომ მგლებიც კი არ მიეკარნენ შესაჭმელად. ანალოგიურ სიტუაციაში არის ახლა ეს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურად ყარს. ამიტომ მათი გაგზავნ-გამოგზავნა მხოლოდ და მხოლოდ თავის გადარჩენაა, რომელიც არც ერთ ვარიანტში არ მოხდება, რადგან უდიდესი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი.

„ბოლო 1 კვირაა გიორგი გახარია და სააკაშვილი ერთ ხმაში ალაპარაკდნენ. გახარიაც ამბობს ირიბად, მსხვერპლი გვჭირდებაო და მაკკეინის ინსტიტუტიც იგივეს ლაპარაკობს. აგერ, სააკაშვილმა მათ პირდაპირ ციხიდან კვერი დაუკრა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არის ყორღანაშვილების ერთიანი კრებული, რომელიც 26 ოქტომბერს დასრულდა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე