
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვრცელ გამოსვლას პოლიტიკური მყისიერი შეფასებები მოყვა ბრიუსელსა და თილისში. "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადებების "გულწრფელობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა". ოპოზიცია კი გამოსვლას დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გზავნილები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებამდე მიაღწევს.
„ჩვენ ველით ევროპის შემოსვლას ამ პროცესებში, რომ დავიცვათ საქართველო და ევროპული ღირებულებები ერთად",- განახადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროტესტზე, 26 ოქტომბრისა და ახალ არჩევნებზე, საგარეო მხარდაჭერის მნიშვნელობასა და რუსულ გავლენებზე.
პრეზიდენტის გამოსვლას ტაშით შეხვდნენ ევროპარლამენტარები, სიტყვის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგნენ, ევროპარლამენტარების ნაწილს ხელში საქართველოს დროშები ეჭირა.
"სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამ არა მხოლოდ ის ხალხი გააძლიერა, რომელიც ისედაც საქართველოს მხარეს იდგა, არამედ ინფორმაცია მიაწოდა იმ ხალხს, ვინც რაღაცეებს ეჭვით უყურებს"- ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან".
"ზურაბიშვილმა იმ ევროდემოკრატიას მოუწოდა, რომელიც მასზე მეტად უარეს დღეშია. გასაკეთებელი და სამამაძაღლო გაგვიკეთა და მეტს არაფერს ველოდები",- განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
რა თქვა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში
ზურაბიშვილის თქმით, ახლა გადაწყვეტი დროა საქართველოსთვის.
„მადლობა, რომ საქართველოსთვის ასეთ გადამწყვეტ დროს მომეცით უფლება, აქ ვყოფილიყავი და მესაუბრა იმის შესახებ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლის წევრებიც რამდენიმე დღის წინ იყვნენ საქართველოში. მათი საქართველოში ყოფნა ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ეს გადამწყვეტი დროა, რადგან ზოგიერთ მომენტში ჩვენ ვგრძნობთ თავს 1921 წელში. ეს სცენები მეორდება და სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და შემართება, რომლითაც რეაგირებს დღეს ქართველი ხალხი, რასაც ისინი აღიქვამენ თავისუფლების, მომავლის და რაღაც კუთხით დამოუკიდებლობის უფლების ჩამორთმევად", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში პროტესტი ჯერ კიდევ არჩევნების შემდეგ დაიწყო.
„ხალხი 21 დღეა, ქუჩაშია. ეს ძალიან საინტერესო მოძრაობაა, რომელიც ჯერ ღამით დაიწყო და შემდეგ დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ მოძრაობაში მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი მონაწილეობდა და ახლა ის პრაქტიკულად მოიცავს მთელ საზოგადოებას. სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ ამ 21 დღეს არ მოიცავს, ეს პროტესტი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
"პროტესტი იყო წელს გაზაფხულზეც, როცა რუსული კანონი ხელახლა წარადგინეს. ეს პროტესტი იყო შარშან გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი პირველად წარადგინეს. ეს პროტესტი იყო სპეციფიკური და დამახასიათებელი საქართველოსთვის ყოველთვის, როდესაც ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მათ თავისუფლებას, ევროპელობას და დამოუკიდებლობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, "ეს საპროტესტო მოძრაობა არის ძალიან მშვიდობიანი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მისი მონაწილეები მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ, დამიბრუნეთ ხმა, რადგან არჩევნები მოიპარეს. დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი და ეს არის ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნა"
„ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, რადგან არ არის მოთხოვნა, რომ ვინმე უნდა გადააგდონ ან რომელიმე ძალა. ეს ეხება არჩევნებთან დაბრუნებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მოდით, ვნახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება დღეს, რომლის ჩვენებას დღეს ქუჩებში ცდილობენ, მაგრამ, მოდი ვნახოთ დემოკრატიული გზით არჩევნებზე.
"არ არის ორი მხარე საქართველოში. არის მცდელობა იმაში დარწმუნების, რომ ჩვენ შესაძლოა, მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არ არის ორი მხარე. ერთ მხარეს არის საქართველოს მოსახლეობა და მეორე მხრივ არის ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი.
"ამის სადემონსტრაციოდ, მმართველ პარტიას აქვს გარკვეული რუსული გზა. ამ დროს ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, რომ როგორმე დაუბრუნდება ევროპას და რატომ, იმიტომ რომ ხალხს სურს ეს ევროპული გზა, 80-90 პროცენტს სურს ეს და ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ასე რომ, „ქართული ოცნების" ლიდერებს თუ სურთ, ჰქონდეთ „ოცნების" გარკვეული ნაწილი, უნდა შეინარჩუნონ ეს იმედი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ.
„2024 წელს იყო მეორე რუსული კანონი და რუსული რიტორიკა ახალ სიმაღლეებზე ადის საქართველოს ერთპიროვნული მმართველის, ბატონი ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით, რომელიც საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე, ადანაშაულებს ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან თითქმის ყველაფერზე პასუხისმგებლები.
ეტაპობრივად, ამ რუსული თუ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ლგბტ თემაზე ბრალდებებით, რომ ევროპა და ამერიკა წაგვართმევენ ჩვენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, რაც ბევრ თქვენგანს მოგისმენიათ სხვა ქვეყანაში, რომელიც საქართველოდან ჩრდილოეთით მდებარეობს, რუსული სახელმწიფოს შენება მიმდინარეობს ეტაპობრივად, თუმცა მტკიცედ.
"ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ. პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ახალი როლით, ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული ბიურო, რეფორმირებული საპენსიო ფონდიც კი, მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც სრულად და მთლიანად კონტროლის ქვეშ არის ქვედა ინსტანციიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, "მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში დამკვიდრება, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?".
ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა - უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა და "ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი, დემოკრატიული, პოლიტიკური გამოსავალია".
"ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია, ბევრად მეტი შეიძლება და ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს - როცა ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს",- დასძენს ზურაბიშვილი.
რა მნიშვნელობისაა ზურაბიშვილის გამოსვლა
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა პრეზოდენტობის ვადის მიწურულს აუცილებელი იყო, რომ რათა ქართველი ხალხის ნება დაეფიქსირებინა და ევროპელ სკეპტიკოსებისთვის კიდევ ერთხელ მიეწვდინა გზავნილი არსებულ რეალობაზე.
"ვინაიდან ზურაბიშვილს მალე პრეზიდენტობოს ვადა ამოეწურება და უკვე საკამათო ვითარებაში გადავა, სადაც საზოგადოების ნაწილი მას პრეზიდენტად არ ცნობს და ნაწილი ცნობს, ამ ფონზე, ეს იყო ბოლო აუცილებელი ჩასვლა ევროპაში, რათა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ევროპამ ტრიბუნა დაუთმო, მიეცა საშუალება, რომ სათქმლი კიდევ ერთხელ ეთქვა.
"ის ამის მერე კიდევ ჩავა, რადგან ევროპა და ამერიკა ოპოზიციაში მყოფ წარმატებულ, ქარიზმატულ და ავტორიტეტულ ადამიანებს აღიარებენ ხოლმე, როგორც ლიდერებს და მათთან თანამშრომლობენ. დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილი დასავლეთთან თანამშრომლობას განაგრძობს. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, როცა მას უფლება აქვს სახელმწიფოს სახელით ჯერ კიდევ ილაპარაკოს, თუმცა, მერე უკვე ხალხის სახელით ლაპარაკი მოუწევს.
"რაც გააჟღერა ეს არის ის, რაც ევროპამ უნდა იცოდეს. ევროპას მეტი არგუმენტი სჭირდება თავის სახელმწიფოების მიმართ, სადაც ჯერ კიდევ ეჭვები აქვთ, ეს უნგრეთი იქნება თუ სლოვაკეთი.
აქ მხოლოდ ფიცო და ორბანი ხომ არ არიან? იქ სხვა პოლიტიკოსებიც არიან, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების გასაგონადაა, თორემ ვინც საქართველოს მომხრეები არიან, მათ კარგად იციან აქ რაც ხდება და რომ სიმართლე "ქართული ოცნების" მხარეს არაა. "ოცნებას" რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ეს იცის ყველამ, ვინც საქართველოსთან თანამშრომლობს და იცნობს.
"რუსული პროპაგანდა მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოში ვიღაც ექსტრემისტები და რადიკალები არიან და ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, ამიტომ ზურაბიშვილის გამოსვლა საჭიროა, რათა ამ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა დამატებითი არგუმენტები მიიღონ, რომ საქართველოში ისე არაა საქმე, როგორც რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს.
"ამას ყაველაშვილი ვეღარ გააკეთებს, მას არც საუბარი შეუძლია და ამიტომაც არ აირჩიეს, რომ სადმე იაროს და განცხადებები აკეთოს, ამით პრეზიდენტობის ინსტიტუტს მოკლავენ, მაგრამ მადლობა ღმერთს გვყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცარიელ ადგილს შეავსებს, როგორც უკვე დამსახურებული ლიდერი და უკვე მერე სახალხო პრეზიდენტი",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რა არის მოსალოდნელი ევროკავშირისგან ზურაბიშვილის ამ გამოსვლის მერე ზაქარეიშვილმა განაცხადა:
"ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დააწესეს, რუსეთის ბოროტება მსოფლიოში სულ სხვა დონეზეა, ვიდრე "ოცნების" ბოროტება, თუმცა, არა მგონია, რომ დიპლომატიური პასპორტების წინააღმდეგ სანქციები ერთადერთი იყოს და ეს მხოლოდ დაწყება და შეტყობინებაა, რომ გემუქრებათ სანქციები, მერე გაღრმავდება და გაღრმავდება.
დააკვირდება როგორ მუშაობს სანქციები, სად მუშაობს, სად არა.
წამალივითაა, ექიმი რომ აკვირდება - თუ სუსტად მუშაობს, დოზას გაიზრდის. ახლა დააკვირდება შეიგნო თუ არა "ოცნებამ" თუ რასთან აქვს საქმე, ამის მიხედვით დოზაც გაეზრება.
"სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამ არა მხოლოდ ის ხალხი გააძლიერა, რომელიც ისედაც საქართველოს მხარეს იდგა, არამედ ინფორმაცია მიაწოდა იმ ხალხს, ვინც რაღაცეებს ეჭვით უყურებს, რომ მათ გამოაცალოს არგუმენტები თუ რატომ უჭერენ მხარს რუსეთის გავლენებს საქართველოში, როცა პოლიტიკოსი რაღაცას აკეთებს, მას არგუმენტი სჭირდება, ამ არგუმენტების გამოცლაზე მუშაობს ზურაბიშვილი და მეორეს მხრივ, საქართველოს დემიკრატიის სასარგებლო არგუმენტებს აწვდის",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიერ გვემეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა გავლენას ვერ მოახდენს ვერც შიდა და ვერც გარე ფატქორებზე.
"ეს იყო პოლიტიკურად გადამღვრძალი გედის სიმღერა, მას დარჩა ჩვენთან პოლიტიკაში ყოფნის ორი პარასკევი და ერთი დღე. რისი მერეც წკაპუნები ჩაიცვას და ჩაწკაპუნდეს პარიზში და აქეთ აღარასოდეს გამიუხედოს, ვინაიდან მას აქ ჩამოსასვლელი პირი აღარ აქვს. სალომე ზურაბიშვილმა იმ ევროდემოკრატიას მოუწოდა, რომელიც მასზე მეტად უარეს დღეშია. გასაკეთებელი და სამამაძაღლო გაგვიკეთა და მეტს არაფერს ველოდები",- განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება ეგულისხმა ზურაბიშვილს განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ "კონკრეტული ჯგუფები" ჰპირდებიან "ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ". გვენეტაძემ გვითხრა:
"ვის რაში სჭირდება? თვითონ მას უნდა, რომ მის წინააღმდეგ მართლაც რაიმე მოხდეს, რაც მისთვის ბაირამობა იქნება - დაიჭირონ, ან ვინმემ რაღაცა უთხრას, მაგრამ ვის რაში სჭირდება სალომე ზურაბიშვილი? რა უნდა ელოდებოდეს, ან საერთოდ რა პოლიტიკური წონა აქვს? თუ მას ვინმე რამეს გაუკეთებს, ეს ჩემი აზრით იქნება მისივე დაკვეთით მიცემული, ან იმავე გვარამიებისა და მელიების მიერ გაკეთებული, რომ რაღაცნაირად სიტუაცია ვითომ შეაცბუნონ საქართველოში, სალომეს ყოფნით, ან არ ყოფნით რა უნდა მოემატოს ქვეყანას, ან მოაკლდეს მითხარით?!"- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები თბილისში
"საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის შეფასებები უაღრესად მნიშვნელოვანია.
„დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა. დარწმუნებული ვარ, მისი ხმა გაგებული იქნება წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებების დრო აღარ არის. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 21 დღეა იცავენ ევროპულ ფასეულობებს, რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები.
მათ არ სჭირდებათ მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება, მათ სჭირდებათ კონკრეტული, ინდივიდუალური სანქციები, ადამიანებზე, ვინც დღეს ანგრევენ ევროპულ პერსპექტივას, არჩევნებს, ძალადობენ მოქალაქეებზე, უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული 500-ზე მეტი ადამიანი.
აქ შეშფოთებების დრო არ არის, ქმედითი მხარდაჭერა გვჭირდება ყოველდღიურად, რათა თავი დავიცვათ, გადავარჩინოთ ევროპული ფასეულობები, ეს მათ ინტერესებშიც უნდა იყოს",- აღნიშნა გახარიამ.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ როდესაც პრეზიდენტად იწოდები, ნებისმიერი ტრიბუნიდან ხალხზე, შენი ქვეყნის ინტერესებზე უნდა ილაპარაკო და არ უნდა ხელმძღვანელობდე გვარამიას, მელიას თუ ხაბეიშვილის ინტერესებით, მისი თქმით, გაყალბებული არჩევნების თემა არის "აბსოლუტურად უსაფუძვლო, სიცრუე, რომელსაც შეიძლება, ამავე დროს, თაღლითობა დავარქვათ".
„საქმე იმაშია, რომ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ადამიანისთვის არც ერთ იმ პოლიტიკურ ჯგუფს და იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს არ მიუციათ ხმა თავის დროზე, არჩევნების დროს.
იგი გამოდის და გამოხატავს ისეთი ადამიანების პოზიციას, რომლებსაც მისთვის არასდროს არ მიუციათ ხმა და უშვერი სიტყვებით ლანძღეს რომელ პლატფორმაზეც იყო ეს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ეს სტანდარტი, მისი განცხადების თვითონ გულწრფელობა არის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. ხალხი ჰქონია მხოლოდ ისინი, ვინც მას აგინებდა, ლანძღავდა და სულ ცოტა მხარს არ უჭერდა, თუ ხალხი მისთვის არიან ისინი, ვინც მას არათუ მხარი დაუჭირა, არამედ გვერდით დაუდგა არჩევნების დროსაც და შემდგომ სანამ ის თავად არ შეიცვლიდა პოზიციას.
"იქნებ ჯობდა ორივე ნაწილზე - ოპოზიციაზეც და უმრავლესობის მხარდამჭერებზეც ერთნაირად ესაუბრა და ხალხი არ დაერქმია მხოლოდ იმ ნაწილისთვის, რომელიც მას დღეს მიაჩნია გადამწყვეტ მასად, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო. ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ის საზოგადოება, რომელმაც უფრო მცირე რაოდენობით მიიღო ხმა. გაყალბებული არჩევნების თემა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სიცრუე, რომელსაც შეიძლება, ამავე დროს, თაღლითობა დავარქვათ.
ანუ, როდესაც გამოდიხარ და პრეზიდენტად იწოდები ნებისმიერი ტრიბუნიდან, რასაკვირველია, ხალხზე უნდა ილაპარაკო ზოგადად, ამ ხალხის განწყობებზე და შენი ქვეყნის ინტერესებზე და არა გვარამიას, მელიას თუ ხაბეიშვილის ინტერესებით საუბრობდე და ხელმძღვანელობდე", - განაცხადა ვოლსკიმ.
გარდა ამისა, მან სალომე ზურაბიშვილისთვის ევროპარლამენტარების მხრიდან ტაშის დაკვრაზე და საქართველოს დროშების ჩვენებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, „პერფორმანსი ყველაზე ცუდი და დამამცირებელი რამ არის, რაც შეიძლება ასეთ რთულ ვითარებაში მოაწყო ამხელა ტრიბუნასთან მდგომმა ადამიანმა".
„ყველაზე რაღაც იაფფასიანი, რაც შეიძლება ყოფილიყო ეს ე.წ. კარწინკა, როგორც თვითონ იძახიან, დამამცირებელი მთელი ქართული საზოგადოებისათვის. ვითომ მასზე შეიძლება გავლენა იქონიოს რამდენიმე ადამიანის მიერ საქართველოს დროშის აფრიალებამ, იმ დროშის, რომელსაც არც პატივს სცემენ და საქართველო ემეტებათ დასანგრევად, ეკონომიკური იქნება თუ ფიზიკური ნგრევა. ეს ორივე თემა არის მათ პოლიტიკაში წინა პლანზე წამოწეული და დღეს რაღაც დროშები აწიეს. ის დროშები, რომელსაც არც პატივს სცემენ და არც საქართველოს მომავალი ენაღვლება ვინმეს", - აღნიშნა ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



