თამთა ჩაჩანიძე
(18.12.2024)

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ დასავლეთთან "ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის" მზადა, თუმცა "მთავარია ეს ორმხრივი იყოს". ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადებები ნიშნავს, რომ "ოცნება" ერთის მხრივ აშშ-ში ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ელოდება, მეორეს მხრივ კი მოსალოდნელი სანქციების თავიდან არიდებას ცდილობს.

"ვარაუდობენ, რომ როცა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია შეიცვლება ტენდენციურობაც აღარ იქნება მათ შორის ევროპაშიც, ანუ გაჯანსაღება შეიძლება 20 იანვრიდან დაიწყოს და ამიტომაა ლაპარაკი ორმხრივზე, რომ იმათ მხრიდანაა გაჯანსაღების მოლოდინი, თორე ჩვენ ჯანსაღად ვართ",- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

"ამ განცხადებებით ჩანს, რომ ისინი დასავლეთის გადაწყვეტილებებით ძალიან შეშფოთებულები არიან, თუმცა არ აღიარებენ და იძახიან, რომ სანქციები არ გვაღელვებსო. სწორედაც რომ აღელვებთ",- განაცხადა "რეზონანსთან" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.

რას აცხადებს ხელისუფლება

"სასიამოვნო არაა ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის - არაერთხელ განგვიმარტავს, რომ მზად ვართ, ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, მთავარია ეს ორმხრივი იყოს",- აცხადებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც „თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის".

„საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორც ბევრჯერ გაგვიცხადებია, ახლაც ვიტყვი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ, რათა პროცესები დაჩქარდეს. თუ კი ამ გზაზე რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამსახურება.

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ყველა წინსვლა და გადაიდგა ის ნაბიჯები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა. მაგრამ შანტაჟი, მუდმივი მუქარა, შეურაცხყოფების მიყენება, მეორე ფრონტის მოთხოვნა, სანქციებზე მიერთება - ეს ის თემებია, რაც პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის.

"არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება ამით სხვა ქვეყნებმა ისარგებლონ და სათავისოდ გამოიყენონ. არ გვინდა, ვინმეს მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავება გვინდა.

"რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის. საქართველოს ხელისუფლებაა არაერთხელ განუმარტავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, გადაიტვირთოს არსებული ურთიერთობები. ეს არავისთვის არაა მისასალმებელი. მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, მთავარია ეს ორმხრივი იყოს",- განაცხადა კახა კალაძემ.

რა პერსპექტივა აქვს "ურთიერთობების გაჯანსაღებას"

როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, ხელისუფლების განცხადებები ურთიერთობების გაჯანსაღებაზე ნიშნავს, რომ "ოცნება" შეშფოთებულია სანქციებით, თუმცა ამას ღიად არ ამბობენ.

"ოცნება" შეშფოთა იმ ამბავმა, რომ ევროკავშირი სავიზო რეჟიმს აამოქმედებს, კალაძე კი იძახის, რომ ჩვეულებრივი პასპორტით წავალ, მივალ საკონსულოში და რა პრობლემააო, მაგრამ დიდი პრობლემა ისაა, რომ საკონსულოში რომ შეეკითხებიან რისთვის ჩამოართვეს დიპ პასპორტი, ან მისცემენ ვიზას და ან არა.

"ამ განცხადებებით ჩანს, რომ ისინი დასავლეთის გადაწყვეტილებებით ძალიან შეშფოთებულები არიან, თუმცა არ აღიარებენ და იძახიან, რომ სანქციები არ გვაღელვებსო. სწორედაც რომ აღელვებთ. მათ გამონათქვამებს არ უნდა ვენდოთ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს მათ იტალიამ და რუმინეთმა დაუჭირეს მხარი და კალაძის თქმით, აქციებზე ადამიანები სხვადასხვა ტანსაცმელს იცვლიან.

"კალაძე რაღაც მინიშნებებს აკეთებს, რომ რაღაც დათმობაზე წამოვალთო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა მათი რესურსები იფიტება, ჯერ ეს იმ პირობებში, როცა დამატებითი ამერიკული სანქციებია დაანონსებული.

"ოცნება" ცდილობს გარიგება შესთავაზოს, რომ კი ბატონო პროდასავლურ კურსს გავყვებით, ოღონდ გვაღიარეთ, როგორც ხელისუფლებაო და სანქციები არ დაგვადოთო. ახლა ზეწოლა თუ გაძლიერდა შეიძლება ის კანონებიც კი გაიტანონ, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ. თუმცა ხალხი ახალ არჩევნებს ითხოვს, ეს მოწოდებაა დასავლელი ლიდერებისგან და თუნდაც ამ კანონების გატანა საკმარისი არ იქნება.

"ოცნებისთვის" მთავარი ხელისუფლებაში დარჩენაა, ამისთვის შეუძლიათ დათმობაზე წავიდნენ. რუსული კანონი არჩევნებისთვის უნდოდათ და ახლა მაინცდამაინც არ სჭირდებათ და არაა გამორიცხული სავაჭროდაც ჰქონოდათ შემოღებული",- განაცხადა ჩიტაძე.

კითხვაზე, რანდენად სწორია "ოცნების" მხრიდან 20 იანვრის მოლოდინი, ჩიტაძემ გვითხრა:

"ეს დაახლოებით "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა"-ს ვარიანტია. ახლა უკვე იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაციაც მათ სასარგებლოდ არ იმოქმედებს. მანამდე იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპი უფრო ლოიალური იქნებოდა "ოცნებისა" და რუსეთის მიმართ.

"ახლა ყველანაირად დროს წელავენ და ფიქრობენ, რომ ახალი წლის დღესასწაულებზე ხალხი დაიშლება და ამ დროს 20 იანვარიც მოახლოვდება, მაგრამ ვხედავთ, რომ პროტესტი უფრო ძლიერდება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ გაჯანსაღება 20 იანვრიოდან დაიწყება, მაშინ როცა ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტობას ოფიციალურად შეუდგება. ანალიტიკოსს მოლოდინი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს გააუქმებს.

"კითხვაზე პასუხი ჯერ გახარიამ გვიკარნახა და მერე სააკაშვილმა, მთავარია 20 იანვრამდე მოვასწროთო. ამაში ის იგულისხმება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოზე შეტევა ძალიან ჯიუტად დაიწყო, ამერიკას ევროპა აჰყვა და ახლა ყოველ დღე და დღეში რამოდენიმეჯერ გვიტევენ და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ჩვენს კრიტიკაში არიან.

"ყოველგვარი არგუმენტის გარეშე იძახიან იმას, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირი ასე არ თვლის. იძახიან იმას, რომ გეზი რუსეთისკენ გვაქვს აღებული, რისი არგუმენტიც არაა, მით უმეტეს ჩვენს სიტუაციას მსოფლიოს სხვა ქვეყებში არსებულ მდგომარეობას თუ შევადარებთ, რომლებსაც რუსეთთან ინტენსიური ვაჭრობა აქვთ, ჩვენ კი დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს. ამ ფონზე, ეს დაუმსახურებელი განცხადებები აშკარად ტენდენციურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

"ამ ტენდენციის მიზეზები შეიძლება გამოიძებნოს, მაგრამ ასეთი ტენდენციურობა რადგან ბაიდენის ადმინისტრაციასთანაა დაკავშირებული, ვარაუდობენ, რომ როცა ეს ადმინისტრაცია შეიცვლება ტენდენციურობაც აღარ იქნება აშშ-შიც და შესაბამისად ევროპაშიც, ანუ გაჯანსაღება, რასაც კალაძე გულისხმობს, შეიძლება 20 იანვრიდან დაიწყოს და ამიტომაა ლაპარაკი ორმხრივზე, რომ იმათ მხრიდანაა გაჯანსაღების მოლოდინი, თორე ჩვენ ჯანსაღად ვართ",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, დასავლეთის მხრიდან რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს "ოცნებას", საყვარელიძემ გვითხრა:

"მთელი ეს ნაბიჯები, რაც ბოლო ხანებში გადაიდგა საქართველოს მიმართ კრიტიკული, უარყოფითი, ამ ნაბიჯებზე თქვან უარი და ამ მხრივ ურთიერთობა გაჯანსაღდეს და ის პოზიტიური დაინახონ, რაც საქართველოშია გაკეთებული. პირველ რიგში ალბათ არჩევნები უნ და აღიარონ. არჩევნები აღიარონ, ეს არაა მარტივი საკითხი, ეს ნიშნავს იმასაც, რომ აღიარონ ქართველი ხალხის უფლება აირჩიონ თავისი ხელისუფლება. ეს ძალიან ბევრ საკითხს წითელ ხაზად გასდევს, მათ შორის ამ დღეებში ევროპულ სტრუქტურებშიც გაიჟღერა ფრაგმენტულად მაგრამ მაინც, რომ პატივი ვცეთ ქართველი ხალხის არჩევანსო და მერე დავიწყოთ სხვა რამეზე ლაპარაკიო, ეს შინაარსი იგულისხმება, რომ აღიარება იყოს არა ,ხოლოდ ფორმალური, არამედ ის, რომ ხალხის არჩევანს პატივის სცენ",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე