
აშშ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების პაკეტს ამზადებს. ეს სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმაც დაადასტურა. გარდა ამისა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში რეპრესიების ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებაზე, მათ შორის „გლობალური მაგნიტსკის სანციების დაწესებით".
ანალიტიკოსთა შეფასებით, რადგან ახალი სანქციების კონტექსტში „მაგნიტსკი სიაა" ნახსენები, ალბათ იქნება ეკონომიკური და ფინანსური სანქციები მაღალჩინოსნებზე. თუმცა, საწყის ეტაპზე, უშუალოდ „ქართული ოცნების" საპატრიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეს, სავარაუდოდ, არ შეეხება, სანამ საერთოდ „ხელს არ ჩაიქნევენ მოლაპარაკების გზით რაღაცის მიღწევაზე".
ოპოზიციის ინფორმაციით, აშშ ამზადებს სანქციებს, რომელიც ფინანსურ საკითხებს მოიცავს და რომელიც შეეხება როგორც ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, ასევე მთავრობის წევრებსა და ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს.
„ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრების, საჯარო მოხელეების, რომლებიც დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობენ, სანქცირება მოხდეს. ასევე აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს - ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში", - განაცხადა ენმ-ს ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან სანქციების თვალსაზრისით აქტივობა 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ვიცით, რომ ეს ადამიანები 20 იანვრამდე აქტიურობენ, რადგან ფიქრობენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებების მეტი რესურსი იქნება 20 იანვრამდე. რეალურად ეს ასეც არის. სამყაროში რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა, მით უფრო გაძლიერდება სამართლიანობაც და ამ თვალსაზრისით გარდამტეხი 20 იანვარი იქნება, როცა ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა დაიწყო. გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტერიალის დახურულ შეხვედრაზე მიიღეს. ინიციატივას წევრი ქვეყნების 55%-მა დაუჭირა მხარი.
ახალი გზავნილები ვაშინგტონიდან
სახდეპის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სანქციები მზადების პროცესშია.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ" განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. პარასკევს თქვენ ნახეთ, რომ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.
„ჩვენ სხვა ქმედებები გვექნება, რომლებიც მზად ვართ, რომ უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. როგორც განცხადებაში ვთქვით, გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით, მათ შორის მდივანი ბლინკენის განცხადება ერთი კვირის წინ და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ ჩვენ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება, უნდა დარწმუნდე, რომ ამას კანონის შესაბამისად აკეთებ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, საუბრის მომენტშიც კი", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ამის პარალელურად კი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სენატორ ბენ კარდინის განცხადება გაავრცელა.
„ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ხასიათი თავის მედროშედ ცნობილი ანტიამერიკელი პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის (პრეზიდენტად) ნიშანდობლივი შერჩევით. ბატონი ყაველაშვილი იყო ცენტრალური ფიგურა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის თანაავტორობით. როდესაც ქართველი ხალხი მასობრივად შეიკრიბა შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ.
„ქართულმა ოცნებამ" დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც მათ ციხეში იმყოფებიან. პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ყველას, ვინც რეპრესიების ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის, „გლობალური მაგნიტსკის სანქციების" დაწესებით. ახლა დროა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მათი სწრაფვისას", - ნათქვამია განცხადებაში.
რა ტიპის დამატებითი სანქციებია მოსალოდნელი აშშ-სგან
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, სანქციები ფინანსური იქნება და პირველ ეტაპზე ამ სიაში ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს არ შეიყვანენ.
„რადგან „მაგნიტსკი სიაა" ნახსენები, ალბათ იქნება სანქციები მაღალჩინოსნებზე. შეიძლება იყოს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, თუმცა მგონია, რომ საწყს ეტაპზე, ჯერჯერობით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირებას მოერიდებიან. უფრო მგონია, რომ დაახლოებით ისეთივე სანქციები გატარდება, როგორიც ბალტიის ქვეყნებმა მიიღეს მარალჩინოსნებზე, მაგრამ არა ივანიშვილზე.
„ივანიშვილთან ურთიერთობა მათ ჯერჯერობით სჭირდებათ, სანამ იმედი არ გადაუწურავთ და საერთოდ ხელი არ ჩაუქნევიათ მოლაპარაკების გზით რაღაცის მიღწევაზე. ამ ეტაპზე მგონია, რომ ხიდებს ბოლომდე არ დაწვავენ და რაღაც დიალოგის ფორმატს თუ სალაპარაკო გზებს დაიტოვებენ, თუმცა, ჩემი აზრით, სანქციები ძალიან მკაცრი იქნება", - განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, რამდენად რეალობასთან ახლოსაა ის სცენარი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწსებულ სანქციებს 20 იანვრის მერე ტრამპი გააუქმებს, ძაბირაძემ გვითხრა:
„რა თქმა უნდა არა, ეს მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" იმ მოთხოვნებს გაითვალისწინებს, რასაც საზოგადოება (და არა ოპოზიცია) უყენებს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სანქციები მოსალოდნელია, თუმცა 20 იანვრის მერე მოიხსნება.
„რადგან ახალი სანქციები დააანონსეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, მაგრამ ამას ნამდვილად დროებითი ხასიათი ექნება. ცდილობენ 20 იანვრამდე მოასწრონ, რადგან მას შემდეგ უკვე ასეთი თავხედური შნო აღარ ექნებათ იმისა, რომ საქართველო უსინდისოდ დაამუნათონ.
„გუშინ ტრამპის ცნობილმა თანამოაზრემ, ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ინტერვიუ ჩამოართვა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს ჯერფი საქსს, სადაც ის ხაზგასმით ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს საბოტაჟი გაუწიოს მომდევნო პრეზიდენტის ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ცხელი წერტილები გააჩინოს როგორც სამრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართვველოში, ისე რუმინეთში და კიდევ სხვაგან, სადაც აშკარად ეტყობა, რომ ამერიკის სპეცსამსახურების შავბნელი ხელი ურევია.
„მას (ბაიდენს) აქვს რამდენიმე კვირიანი საშუალება და სანქციები იქნება ივანიშვილის ოჯახზე თუ სხვებზე, შეზღუდვები უწინარესად შეიძლება იყოს სავიზო, ფინანსურ გადარიცხვებზე და ა.შ.
„ასევე ნახეთ, მაგალითად, ლიეტუვამ და სხვებმა როგორ უსინდისოდ დაასანქცირეს გიორგი კობახიძე მხოლოდ იმიტომ, რომ ის პრემიერის მამაა. ეს ხომ წარმოუდგენელი თავხედობაა... ამას ჰქვია დემოკრატია და უფლებების დაცვა?! ესაა ფაშისტური გამოხტომა, რომ პოლიტიკოსების გამო მათი ოჯახის წევრები ისჯებოდნენ. ასეთი რამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ოთხ მოსამართლესა და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო სანქციები დააწესეს", - განაცხადა აბაშიძემ.
რა შედეგი ექნება სანქციებს
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ის ფინანსური სანქციებს გავლენა ექნება როგორც ქვეყნის შიდა პროტესტის ხარიხზე, ისე დასავლეთის ქვეყნების შემგომ ნაბიჯებზე.
„ხელისუფლებას უნდა თუ არა, პროტესტი თანდათან ფართოვდება. რა თქმა უნდა, სანქციებს პროტესტის ხარისხზე გავლენა ექნება, აშშ-ს მერე ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც უფრო თამამები გახდებიან და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზომები უკვე მიიღეს, კიდევ აპირებენ და ამას ღიად აცხადებენ.
„პროტესტი უფრო გაძლიერდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის წამგებიანია, რადგან დანაკარგები (არა ადამიანური) იზრდება და ჭაობში ვიფლობით. ამიტომ, თუ „ქართული ოცნება" იმასვე ფიქრობს, რასაც ლაპარაკობს ეროვნულობაზე, პატრიოტიზმსა და ა.შ., დროზე უნდა გადადგას ნაბიჯები. ვგულისხმობ არჩევნების ჩანიშვნას და დაპატიმრებულების გათავისუფლებას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დიდ კრიზისში არ ჩავარდეს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი სანქციები „კუდის მოქნევის ბოლო ფაზა" იქნება.
„დასავლელი აქტორები ასეთი დესტრუქციული შედეგებით საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. ეს დაიწყეს „ნაცლობისტმა" ევროპარლამენტარებმა და შემდეგ ამას უზნეო ე.წ. სანქციები მოჰყვა. ამით ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დასავლეთის მიმართ უფრო დადებითად ვერ განეწყობა. ნუ ჰგონიათ, რომ მარგინალი „ნაცრადიკალების" წახალისებით პროდასავლურ განწყობებს აღვივებენ, ეს ასე არაა.
„რადიკალური ოპოზიციური პარტიები საქართველოს სახეს არ წარმოადგენენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ წლების განმავლობაში აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა მილიარდობით ფული დახარჯეს „ნაცენჯეოებზე", „ნაცრადიკალ" პარტიებზე და ახლა ამის დაკარგვას ვერ ეგუებიან.
„ეს უკვე დაკარგულია, რადგან ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში ახალი დეპარტამენტი იქმნება სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობაზე, რომელსაც ილონ მასკი ჩაუდგება სათავეში. მან და მისმა თანამოაზრეებმა უკვე განაცხადეს, რომ უცხოეთში სხვადასხვა არასამთავრობოებზე ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფული ძალიან უყაირათოდ იხარჯება და ეს 20 იანვრს მერე აღიკვეთება.
„ეს კუდის ბოლო მოქნევის ფაზაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დასრულდება და ვერაფრით ვერ გატეხენ სუვრენული საქართველოს ხალხის ნებას, რომელსაც უნდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მის თანასწორ პარტნიორად აღიარება და არანაირად ასკინკილით, ქედის მოხრით და ენის მოჩლექვით არცერთ დასავლელ ლიდერთან არასოდეს არ ილაპარაკებს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



