ნატალია ჯვარიძე
(17.12.2024)

მწვავე შიდა კრიზისისა და დაძაბულობის ფონზე, საქართველოს პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური სპექტრი 20 იანვრისა და აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მოლოდინშია. ოპოზიციაში ღიად ამბობენ, რომ უნდა „მოასწრონ" საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა 20 იანვრამდე უნდა აიძულონ. ხელისუფლებაში კი ასევე არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ვითარება მათთვის ასარგებლოდ შეიცვლება.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ მოლოდინს აქვს გარკვეული საფუძველი და ლოგიკა.

„ამ შემთხვევაში ჩვენ გამეორებასთან გვაქვს საქმე, რადგან გიორგი გახარიამაც იგივე თქვა ცოტა ხნის წინ. ნუ, როცა ორი ადამიანი ერთდაიგივეს ამბობს, თან ორივეს აქვს პროცესების ლიდერობის პრეტენზია, ალბათ მათ ნათქვამში ჭეშმარიტება დევს და უნდა დავფიქრდეთ", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

პრემიერ ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება „შანტაჟის ეს პრაქტიკა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან და დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების მცდელობა." პრემიერის თქმით, ეს მცდელობა და შანტაჟი უკვე სამი წელია გრძელდება.

„ევროპა, ევროკავშირი კონკრეტულად დღეს დგას ძალიან რთული გამოწვევების წინაშე. ხედავთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, არის პოლიტიკური კრიზისი არაერთ ქვეყანაში ევროკავშირის მასშტაბით. კრიზისია ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაში - საფრანგეთსა და გერმანიაში. ჯერ მაკრონის, შემდეგ შოლცის მთავრობებს გამოუცხადეს უნდობლობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებმა. არის ქვეყნები, სადაც ძალიან მყიფე კოალიციებია შექმნილი, სადაც გამარჯვებული პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას.

„არის უმძიმესი მდგომარეობა უკრაინაში და სირიაში, რაც არის ევროკავშირის პრობლემაც და არის ეკონომიკური სტაგნაცია მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ შემთხვევაში რეცესიასთან, ანუ ეკონომიკურ შემცირებასთანაც კი გვაქვს საქმე.

„ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი „მაიდნის" მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის გაუგებარი. თუმცა გამოჩნდა, რომ ამ შანტაჟს არავითარი ძალა არ აქვს, რასაც ჩვენ მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების მცდელობა. ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი სამშაბათს სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციური ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა იჩქაროს.

„ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ ვიყოთ ძალიან ფხიზლად. 20 იანვრამდე ისინი შეეცდებიან, ყველაფერი თავისთვის მოაგვარონ. ჩვენ ახლა ვართ უპატრონოდ დარჩენილი, ძალიან დიდ საფრთხეში ვართ ჩავარდნილი, სრულიად დაუცველები ვართ. თუკი რაიმესთან გინდათ შედარება, 7 ნოემბერს კი ნუ ადარებთ, „ვარდების რევოლუციას" შეადარეთ. ახლა, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ მთლიანად ორიენტირებული მომავალზე.

„უნდა დავჩქარდეთ, უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის 20 იანვრისთვის. უნდა გვესმოდეს რამხელა გამოწვევასთან გვაქვს საქმე და რაზეა ეს ხალხი წამსვლელი. მინდა გითხრათ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, კარგად ვხედავ საქართველოს, ქართული საზოგადოება დღეს არის ლიდერი, ქართული საზოგადოების თავისუფალი ნაწილი. მეც პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ქართული საზოგადოების გათავისუფალებაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რამაზ საყვარელიძის აზრით, ოპოზიცია ცდილობს ტრამპის ინაუგურაციამდე ისეთი რაღაცის მოსწრებას, რაც, სავარუდოდ, ტრამპს არ მოეწონება.

„ამ შემთხვევაში ჩვენ გამეორებასთან გვაქვს საქმე, რადგან, გიორგი გახარიამაც იგივე თქვა ცოტა ხნის წინ. ნუ, როცა ორი ადამიანი ერთ და იგივეს ამბობს, თან ორივეს აქვს პროცესების ლიდერობის პრეტენზია, ალბათ მათ ნათქვამში ჭეშმარიტება დევს და უნდა დავფიქრდეთ. კერძოდ, თუკი ტრამპის ინაუგურაციამდე ჩქარობენ, ესე იგი რაღაცას ისეთს აკეთებენ, რაც მერე ტრამპს აღარ მოეწონება.

„ტრამპს არ მოეწონება ბაიდენის პოლიტიკა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რაც საქართველოში ხდება, ბაიდენის პოლიტიკითაა განპირობებული და არა საკუთრივ ქართული პოლიტიკით, საქართველოს ინტერესით. ეს ამერიკის კი არა, კონკრეტულად ულტრალიბერალიზმის ინტერესებით წარმოებული პროცესია. ანუ მსოფლიოში ლიბერალიზმის და კონსტერვატიზმის დაპირისპირებაში ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის მხარეს დგება, რომელმაც, შეგახსენებთ, ამერიკაშიც კი წააგო არჩევნები. მოქმედი ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, კონსერვატიზმის მხარეს დგას, რომელმაც ამერიკაშიც მოიგო არჩევნები. მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ეს ბრძოლა არის გადმოსული საქართველოშიც. ქართველებს გვეხერხება სხვის ომში ბრძოლა, მითუმეტეს, თუ ქართველები სხვისი ომის წარმოებისთვის კიდე ერთმანეთს დავეტაკებით.

„გამოდის, რომ ოპოზიცია იძახის - 20 იანვარმდე ხელისუფლება უნდა გადავაგდოთო, ხოლო ხელისუფლება - იქამდე გავძლოთო. მე ძალიან მეეჭვება ტრამპმა იცოდეს აქ რა ხდება და როგორ იკლავს ორი პოლიტიკური ძალა მისი გულისთვის თავს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას პირველ რიგში ახალი არჩევნების დანიშვნის მოსწრება სურს, „ოცნება" კი დროს წელავს.

„პირველ რიგში, ოპოზიცია ახალი არჩევნების მისაღწევად იბრძვის. მე ასე მგონია, რომ ხელისუფლება დროს წელავს, რადგან მათი სურვილია როგორმე, თუნდაც წლის ბოლომდე გაუძლონ. მერე ახალი წელი იქნება, შობა, მერე ვიღაცას დასვენების სურვილი ექნება, შემდეგ სტუდენტური არდადეგები დაიწყება და ნაწილი გავა ქალაქიდან და ა.შ.

„ისინი ტრამპის ინაუგურაციას ელოდებიან, რადგან ფიქრობენ, ის შედარებით ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს „ქართული ოცნების" მიმართ და სანქციები არ ამოქმედდება. თუმცა მგონია, რომ „დე ფაქტო ხელისუფლებას" ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან უილსონი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირია, სანქციებს მხარს უჭერს. გარდა ამისა, თვითონ ტრამპი ინფორმირებულია, რომ კობახიძე ირანში ჩადიოდა და „ჰამასთან" და „ჰეზბოლასთან" ერთად ერთ დარბაზში იმყოფებოდა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც ვთქვი, მას ხელახალი არჩევნების დანიშნვა სურს. ნუ, კი - 20 იანვარმდე უნდათ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ნელ-ნელა დე ფაქტო ხელისუფლება მოტყდება. მიაღწევენ თუ არა მიზანს ტრამპის ინაუგურაციამდე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ევროკავშირი რამდენად აამოქმედებს სანქციებს ბოლომდე „ქართული ოცნების" მიმართ, რაც ძალიან მტკივნეულია მათთვის იმის მიუხედავად, რომ ისინი ამას უარყოფენ.

„თუ ფინანსური ზეწოლა გაძლიერდება, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე, მაშინ დათმობაზე წავლენ, ამას ბიძინა ეტყვის. ოღონდ ეს მოხდება შელამაზებულად. მაგალითად, საპატრიარქოს ეტყვიან და ის გაკეთებს რაღაც განცხადებას. ამის წინაპირობა უკვე არსებობს, რადგან საპატრიარქომ „ოცნების" სახელით დიალოგის შესახებ თქვა უკვე რაღაც. მთავარი ისაა, რომ სანქციები გაიზარდოს და საპროტესტო აქციები არ მინელდეს. არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მეორე დღეს ხელისუფლება ჩამოიშლება, მაგრამ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე