
ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი ორ კვირაზე მეტია შეწყვეტილია. შეზღუდულია წყალმომარაგება. ელექტროენერგია მოსახლეობისთვის დღეში რამდენიმე საათი არის ხელმისაწვდომი. ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მართავენ, თუმცა მედია ამას არ აშუქებს და მათი ხმა დე ფაქტო ხელისუფლებას არ წვდება. ამის შესახებ „რეზონანსს“ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქე ესაუბრა.
ჩვენი თანამოსაუბრე ეროვნებით აფხაზი ქალბატონია, რომელიც ტყვარჩელის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ქართველ ჟურნალისტთან საუბარს იგი მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით დათანხმდა.
„21-ე საუკუნის მეოთხედი მთავრდება და ჩვენი ხალხი ოცნებობს ელექტროენერგიაზე. მინდა მივმართოთ ყველას და განსაკუთრებით ჩინოვნიკებს - გონს მოვიდნენ იფიქრონ ხალხზე, თუ აქვთ თავიანთი ხალხის პატივისცემა, ცოტა პატრიოტიზმიც გამოიჩინონ.
„დღეს ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. საბავშვო ბაღები დაკეტილია. დილით იღვიძებ და არ არის დენი, წყალი. როგორ ვიცხოვროთ ასე?! ვინაიდან სახელმწიფომ დაუფიქრებლად დაუშვა ეს ყველაფერი, პასუხი უნდა აგოს თავის გადაწყვეტილებაზე“, - ამბობს ჩვენი რესპოდენტი.
მისივე ინფორმაციით, ტყვარჩელში ამჟამად მოსახლეობას დენი საშუალოდ დღეში 2 საათით მიეწოდება. ხალხი ამას კი აპროტესტებს, თუმცა უშედეგოდ:
„ჩვენ ვაპროტესტებთ. მიტინგიც იყო გუშინ, მაგრამ ჩვენ ვერაფერსაც ვერ გამოვხატავთ, გვეშინია. განწყობა უიმედოა. გვეუბნებიან, რომ ელექტროენერია უფრო რთული გრაფიკით იქნებაო. მთლიანად ჩვენი საბიუჯეტო სფერო რუსეთზეა დამოკიდებული, მასწავლებელი ვარ და ჯერ ნოემბრის ხელფასიც არ ამიღია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პირდაპირ გვითხრა - რუსეთმა დაფინანსება შეგვიჩერა და ხელფასებს ვერ გადაგიხდითო. არიან უფრო რთულ მდგომარეობაშიც. გვეუბნებიან, რომ მოგვარდება პრობლემაო, მაგრამ სანამდე გავუძლებთ, არ ვიცი, ვერ გეტყვი, ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა.“
ტყვარჩელელი პედაგოგი „რეზონანსთან“ ასევე ამბობს, რომ აფხაზეთის მოსახლეობაზე განსაკუთრებით დამთრგუნავად მოქმედებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ აფხაზებმა „საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ“. დე ფაქტო ხელისუფლება კი, მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებისა, პრობლემების გადაჭრის გზას ჯერჯერობით ვერ სთავაზობენ:
„მინდა დავაზუსტო სასწავლო პროცესზე - ყველგან არ არის შეჩერებული. იმ სკოლებს, რომლებსაც აქვთ შეშის ღუმელი, შეუძლიათ ფუნქციონირება გააგრძელონ, მაგრამ ბევრ სკოლას ეს პრობლემაც აქვს“.
ჩვენი რესპოდენტი ასევე გვეუბნება, რომ კონკრეტული გეგმა არც რუსეთს და არც დე ფაქტო ხელისუფლებას მათთვის არ შეუთავაზებია, თუმცა განიხილება მზის პანელების დაყენების საკითხი, თუმცა ჯერ არსებითი გეგმა არ არსებობს:
„ვერ იზამენ ვერაფერს თვითონ (აფხაზი პოლიტიკოსები), ყველა ასპექტში დამოკიდებულები ვართ რუსეთზე, ან უნდა შეთანხმდნენ რუსეთთან რამეზე, ან ასე ვიქნებით უშუქობაში“.
15 დეკემბერს აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში გაიმართა შეხვედრა. განიხილავდნენ ენეგეტიკული კრიზისსა და დარგის განვითარების პერსპექტივებს. გაჟღერდა კითხვა ენერგეტიკის დე ფაქტო მინისტრის მიმართ, თუ როგორ აპირებენ ელექტროენერგიის დეფიციტით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას.
„ჩვენ გვაქვს სამი უმოქმედო ჰიდროელექტროსადგური, რომელთა აღდგენით ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. რაღაცებზე ვთანხმდებით, რაღაცებზე - ვერა. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ მზის პანელების დაყენების საკითხს, რაც, თავისთვად, შესაძლებელს გახდის დღისით ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას. ვგეგმავთ მზის პანელების იმპორტის გათავისუფლებას საბაჟო გადასახადებისგანაც“, - განაცხადა ჯანსუღ ნანბამ, დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა.
საიდან დაიწყო კრიზისი
კრემლმა 1-ლი სექტემბრიდან შეწყვიტა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სუბსიდირება და აღარ გადაურიცხა დაპირებული 1.8 მილიარდი რუბლი, რამაც საბიუჯეტო კრიზისი შექმნა. ზამთარში კი ამას ელექტროენერგიის პრობლემაც დაერთო, როდესაც, სეზონური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ენგურჰესის მიერ ეკექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად შემცირდა.
ასეთ პერიოდში რუსეთი აფხაზეთს შეღავათაინ ფასში აწვდიდა ხოლმე ელექტროენერგიას, თუმცა ამჯერად ასე აღარ ხდება და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსულ დენში კომერციული ფასის გადახდა უწევს. კომპანიის „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის, ტიმურ ჯინჯოლიას თქმით, აფხაზეთს რუსული დენის ექსპორტი დღე-ღამეში 8.8 მლნ რუბლი უჯდება.
მისი თქმით, სახსრები, რომელიც ბიუჯეტში აკუმულირდა რუსული დენის შესაძენად, მოხმარდა ხელფასებსა და სხვა სოციალურ ხარჯებს, რამაც გამოიწვია ფულადი სახსრების დეფიციტი. შედეგად კი დე ფაქტო ხელისუფლებას დღეს სახსრები არ ყოფნის არც ხელფასებისა და პენსიების დასარიგებლად და არც საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიის შესაძენად.
შექმნილ კრიზისს უფრო გაუსაძლის ხდის მოსახლეობიდან დენის საფასურის ამოღების დაბალი მაჩვენებლი და კრიპტოვალუტის არალეგალური მაინინგი, რომელსაც არაეფექტიანად ებრძვიან.
დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს აფხაზეთი დამონტაჟდა 22,3 ათასამდე დენის მრიცხველი, რამაც მოხმარებული დენის საფასურიც გაზარდა, თუმცა აღსანიშნავია რომ მოსახლეობამ არ გადაიხადა 1.3 მლრდ რუბლის დენის საფასური.
რაც შეეხება მაინინგს, საინტერესოა, რომ აფხაზეთში ამ პრობლემის წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე დამოუკიდებლად დაიწყო ბრძოლა. მაგალითად, 16 დეკემბერს სოფელ აძიუჟბას მოსახლეობამ სოფელში ნაპოვნი კრიპტოვალურის მაინინგის მოწყობილობები დაწვა. ისინი ამბობენ, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“.
მარიამ ვეკუა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



