თამთა ჩაჩანიძე
(17.12.2024)

პრემიერი ირაკლი კობახიძე ხელისუფლების ოპონენტებს კვლავ სთავაზობს საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიას „ნებისმიერ ფორმატში". დეკემბრის დასაწყისში მსგავსი დისკუსიის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და 4 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილი დებატები ჩაიშალა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ახლაც ჯერჯერობით არაფერი გამოვიდეს, თუმცა მიუთითებენ, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლების რამდენიმე გადაწყვეტილება ვითარების განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად დედაქალაქის მერიის მიერ მთავარი საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ზეიმის გაუქმებას მიიჩნევს. მისი შეფასებით, ამას, შესაძლოა, ხელისუფლების მხარდამჭერთა და ოპონენტთა შეჯახება მოჰყოლოდა.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად შეიძლება განხილული იქნას „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილი საქმე. ელისაშვილი 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან" დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. საქმე ეხება 2 დეკემბერს

კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ელისაშვილსა და „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარე ალი ბაბაევს შორის მომხდარ ინციდენტს.

ბრალდების მხარის მოთხოვნის საფუძელზე, სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, 16 დეკემბერს პროკურატურამ პოზიცია შეიცვალა და თავად მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს.

პროკურორმა ანა მეტრეველმა განაცხადა, რომ, ბრალდების მხარის შეფასებით, კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, თუმცა საფრთხეები მაღალი ხარისხის აღარაა და პატიმრობა ნაკლებად საჭიროებს ძალაში დატოვებას. შედეგად ელისაშვილი 4000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის პოზიციის ამ მოულოდნელ ცვლილებს წინ უძღოდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანიელ მაკრონისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძნა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი. ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ საპროტესტო აქციების პერიოდში დაპატიმრებული ხელისუფლების ოპონენტების შესაძლო გათავისუფლება იყო.

ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ელისაშილის გათავისუფლებაც ერთგვარი ჟესტი იყო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ივანიშვილი-მაკრონის საუბარს უკავშირდება.

ზოგადად კი ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" ბოლო დღეებში გარკვეულ დათმობებზე მიდის, თუმცა, მისი თქმით, „ამ დათმობებში შესაძლოა ისე შორს წახვიდე ადამიანი, რომ ძალაუფლება ხელიდან გაგისხლტეს და თავად მხარდამჭერებსაც არ მოეწონოთ ეს".

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დღეს „დანის პირზე გავდივართ" და არაა გამორიცხული, რომ „ოცნება" მდგომარეობის განსამუხტად გარკვეულ გეგმებზეც მუშაობდეს.

კობახიძის შეთავაზება

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დისკუსიასთან დაკავშირებით მორიგი შეთავაზება სამშაბათს დილით გააკეთა.

„ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა და „მაიდანი" ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ჩვენი ეს შეთავაზება რჩება ძალაში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს. პირველ რიგში, მათ შორის, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენ ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელი არის მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია", - აცხადებს კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ შესაძლო დებატების კონტექსტში ირაკლი კობახიძემ წარსულში ცნობილი და პოპულარული ფეხბურთელი შოთა არველაძე ახსენა, რომელიც თავად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და აცხადებს, რომ „ხელისუფლება არ უსმენს ხალხს".

„მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ - აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იქნება თუ არა დებატები ამჯერად მაინც

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამ ინიციატივის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებს, რადგან მიიჩნევს, რომ „თავად ოპოზიციის მხრიდან ასეთი დიალოგისთვის მზაობა ნაკლებადაა".

„პრემიერმა არველაძე იმ კონტექტში ახსენა, რომ ის მიტინგზე იყო და თქვა, რომ თითქოს ხელისუფლება ხალხს არ ესაუბრება. ამ კონტექტში ახსენა, თორემ არ მგონია მაინცდამაინც მასზე ჰქონოდა აქცენტი. თუმცაღა, არველაძესაც და ნებისმიერ ადამიანს - ცნობადს, თუ ნაკლებად ცნობადს - ამ შეთავაზებით მიეცა შესაძლებლობა, რომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღოს და დიალოგის ყინული რაღაცნაირად დაიძრას.

„თუმცა, ის განცხადებები, რასაც ცალკეული ოპოზიციისკენ გადახრილი ექსპერტებისგან ვისმენთ - რომ თითქოს, ხელისუფლების წევრებს და მის მომხრეებს საქართველოში აღარ დაედგომებათ, როგორ გაივლიან ქუჩებს დაცვის გარეშე და ა.შ. - ეს დიალოგის შესაძლებლობას ძირშივე კლავს. როგორ შეიძლება ასეთი პოზიციის ადამიანთან დაჯდე, ან ის რატომ წამოვა დიალოგზე?

„ოპოზიციური ჯგუფები საჯარო სივრცესა და სოცქსელებში ვირუსულად ავრცელებენ განცხადებებსა და ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ ოპოზიციის მხრიდან ასეთი დიალოგისთვის მზაობა ნაკლებადაა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ხიდაშელი და ჯანელიძე ჯერ დათანხმდნენ და მერე უარი თქვეს, რადგან ვიღაცეებმა ეს არასწორ საქციელად ჩაუთვალეს, ეს ხომ გარკვეული ინდიკატორია იმისა, თუ მეორე მხარე დიალოგისთვის რამდენად მზადაა.

„საპროტესტო აქციები მილევად რეჟიმში გადავიდა. თუ ფეიერვერკები არ ისროლეს და მსგავსი მეთოდები არ გამოიყენეს, აქციებზე მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ გამოდის. არანაირად არ მინდა დავაკნინო, ვინც გამოდის და აპროტესტებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საზოგადოების უმრავლესობა არაა. შესაბამისად, მგონია, რომ თუ ისინი ღია სივრცეში დებატებზე დასხდებიან, შესაძლოა წააგონ. გავიხსენოთ ირაკლი კობახიძისა და დავით უსუფაშვილის ადრინდელი დებატები, რომელიც უსუფაშვილმა პირწმინდად წააგო, რადგან საპირისპირო არგუმენტები ვერ წარმოადგინა.

„ოპოზიციას შესაძლოა საფრთხის განცდა აქვს, რომ ის ამ დებატებში დამარცხებული გამოვა და მერე კიდევ უფრო ნაკლები მომხრე ეყოლება. ესეც შეიძლება იყოს თავშეკავების მიზეზი იყოს. ოპოზიცია ჯერ კიდევ ელოდება იმას, რომ დასავლეთი მას ბოლომდე მხარს დაუჭერს და ხელისუფლებაზე მოახდენს ზეწოლას, რომ ახალ არჩევნებზე დაითანხმოს. დეკემბრის ბოლოს ეუთო/ოდირის დასკვნა გამოქვეყნდება, რომელსაც ბევრი ელოდება, მათ შორის ოპოზიციაც და ამაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ოპიზიციის მზაობა რაიმე კომპრომისისთვის.

„თუ ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები მაინც აღიარა, მაშინ ქუჩის პროტესტს ლეგიტიმაცია გამოეცლება და ოპოზიციას ვერანაირი არგუმენტი ვეღარ დარჩება, რომ არჩევნების შედეგები გააპროტესტოს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ოპოზიცია დისკუსიებში მონაწილეობისგან თავს იკავებდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს (ვინც პრემიერთან დებატებში დაჯდებოდა) ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვისაც გარკვეული კომპეტენცია და ცოდნა აქვს იმ საკითხებში, რაზეც დებატები გაიმართება. ოპოზიციიის მხარეს ძალიან მყვირალა ადამიანები არიან, რომელთა უკან არანაირი კომპეტენცია არ იკითხება. არიან ისინიც, ვინც თითქოს განათლება დასავლეთში მიიღეს, მაგრამ თუ მოუსმენ, იფიქრებ, რომ დასავლეთში განათლების გარდა ყველაფერი მიიღეს. თუმცა, ოპოზიციის მხარესაც არიან იგივე თინა ხიდაშელი, რომელსაც გარკვეული კომპეტენცია აქვს და თავდაპირველად დებატებზე ამიტომაც დათანხმდა. სწორედ ასეთი ადამიანების მისვლა იქნებოდა სასარგებლო, თუკი საერთოდ ამ დისკუსიებს რაიმე პოზიტიური შედეგის მოიტანა შეუძლია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

აქვს თუ არა ხელისუფლებას „სათადარიგო გეგმა"

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თავად ხელისუფლების ცალკეული გადაწყვეტილებები და ზოგიერთი სხვა გარემოება აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ „ოცნება" დათმობაზე მიდის. თუმცა მისივე აზრით, ამან თუ განგრძობითი ხასიათი მიიღო, შეიძლება უკვე თავად ხელისუფლების მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვიოს.

„იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მაქვს, ნაძვის ხის ანთების დროს, ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან სერიოზული პროვოკაცია იგეგმებოდა, რომელსაც შეიძლებოდა გარდაუვალი შეტაკება მოჰყოლოდა ხელისუფლების მომხრეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ. იქ თუკი რამე ტრაგიკული მოხდებოდა, ხელისუფლებას დაბრალდებოდა, რომელიც საზოგადოებირივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც ხელისუფლებამ მიიღო მტკივნეული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - იმ დღეს კონცერტი გააუქმა და შემდეგ კი ნაძვის ხის ანთებას ყოველგვარი საზეიმო ღონისძიების გარეშე დასჯერდა.

„რაც შეეხება დათმობებს, ჩემი აზრით, ელისაშვილის გამოშვება გაკვეულწილად ჟესტი იყო იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შედგა, სადაც მაკრონმა სთხოვა თუ მოსთხოვა დაკავებული ოპოზოციონერების თუ აქტივისტების გამოშვება. მაგრამ არ მგონია, რომ ამან მასობრივი ხასიათი მიიღოს. ალბათ რამდენიმე ცნობად სახეს გამოუშვებენ, რომ ამით ხელისუფლებამ აჩვენოს მზაობა, რომ ის ძალიან ხისტ პოზიციებზე არ დგას და კომპრომისისთვის მზადაა. თუმცა, ველოდები, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ალბათ, ოპოზიციონერებს და დაპატიმრებულ აქტივისტებს შეიწყალებს, რომლებსაც პარტიმრობის გარკვეული ვადები აქვთ მისჯილი.

„საქმე ისაა, რომ ამ დათმობებში შესაძლოა ისე შორს წახვიდე ადამიანი, რომ ძალაუფლება ხელიდან გაგისხლტეს და თავად მხარდამჭერებსაც არ მოეწონოს ეს. თუნდაც ახლა რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხდება - ხელისუფლების მხარდამჭერები უკმაყოფილო არიან იმით, რომ უფრო მეტი დრო ოპოზიციას ეთმობა და მათ არ იწვევენ. საინიციატივო ჯგუფმა საზმაუს მიუღებელი რესპონდენტების სიაც მიაწოდა, თუ ვინ არ უნდა გამოჩნდეს ეთერში, ეს დიალოგს ხელს არ უწყობს. საზმაუმ ლიბერალური პოზიცია დაიკავა, ოპოზიციას კი, როგორც ჩანს, მიზნად აქვს, რომ საზმაუ საკუთარ პროპაგანდისტულ რუპორად აქციოს.

„ბოლო დღეებში აქციებმა შედარებით მშვიდი ხასიატი მიიღო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აქციის ორგანიზატორებმა ნახეს, რომ რადიკალური აქციები მაინცდამაინც აღფრთოვანებას არ იწვევს არც მოსახლეობაში და არც დასავლეთში. რამდენ ხანს გასტანს ეს - ამის თქმა ძნელია. არაა გამორიცხული, რომ როცა დირექტივას მიიღებენ, ისევ რადიკალური სცენარი ვიხილოთ.

„მომდის სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციები, რომელთა სიზუსტეზეც თავს ვერ დავდებ, მაგრამ 31 დეკემბერს გარკვეული რადიკალური ძალები რუსთაველზე ნაძვის ხესთან პროვოკაციებს გეგმავენ, სამწუხაროდ სიტუაცია წკიპზე გვიჭირავს და დანის წვერზე გავდივართ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, ამ მდგომარეობის განსამუხტავად შეიძლება თუ არა „ოცნებას" რაიმე კონკრეტული გეგმა ჰქონდეს, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„გამორიცხული არაა. „ქართულ ოცნებაში" თავიანთი მრჩევლები და ექსპერტები ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა სცენარზე მუშაობენ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება ამა თუ იმ სიტუაციაში. ალბათ ექნებათ გეგმა „ა", გეგმა „ბე" და გეგმა „გე",- განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე