ნატალია ჯვარიძე
(16.12.2024)

საქართველოს მთავრობა ლიეტუვის და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ ირაკლი კობახიძის მიმართ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას უფლება აქვს მათ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილი არ იქნება.

მთავრობის განცხადების მიხედვით, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ და „სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებულები არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ".

„როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმოამდგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

საქართელოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.

ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ.

სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე თავი ვერ დააღწიეს.

ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს", - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლიეტუვაში უკვე დაუწესეს სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში.

„იმედი გვაქვს, შევთანხმდებით ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა იმ ფონზე, რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ. როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ, ვხედავთ ძალადობას აქციის მოანწილეების წინააღმდეგ, ეს არის ის, რასაც ვერ უგულებელვყოფთ.

„ლიეტუვაში უკვე დავუწესეთ სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ასევე შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხი არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

„უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ, ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი მესიჯი, რომ შესაძლოა მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოვოთ.

„მესამე საკითხი არის საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება და ასევე ამ ინსტიტუტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება.

მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი მესიჯი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ და ჩვენ გვჭირდება ფინანსური პაკეტი იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად ვსაუბრობთ. ასე რომ, სწორედ ახლა უნდა გავუგზავნოთ მესიჯი ქუჩებში გამოსულ ქართველ ხალხს, რომ ევროპა არ გტოვებთ თქვენ, ევროპა თქვენთანაა და ევროპას თქვენ სჭირდებით", - აღნიშნა კიასტუსის ბუდრისმა.

კითხვაზე, „გააგრძელებენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და განაცხადებენ თუ არა, რომ საქართველოს ე.წ. არჩეული პრეზიდენტი არის უკანონო", ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, ასევე არასამთავრობოების პოზიციას, რომ არჩევნების ხელახალი ჩატარება არის სწორი გზა სიტუაციის მოსაგვარებლად", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის თქმით კი, ლიეტუვას მთავრობამ კიდევ 17 პირი დაასანქცირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე