თამთა ჩაჩანიძე
(15.12.2024)

პრეზიდენტის არჩევნების კვირამ და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა, ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. თუმცა, აქციები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს და ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსვლელობებს მართავენ სხვადასხვა ლოკაციებზე. როგორ გაგრძელდება აქციები, გადაიარა თუ არა დაძაბულობის პიკმა და რა შეიძლება მოხდეს 29 დეკემბერს დანიშნულ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე?

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ საპროტესტო მუხტი უკვე მილევად რეჟიმშია.

„დღეს რუსთაველზე 48 პროფესიის 1500 დემონსტრანტი შეიკრიბა", - დაწერა „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში 13 დეკემბრის საღამოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ პროტესტის პიკს ჯერ არ გადაუვლია და სიტუაციის გამწვავება პირდაპირპოპორცულად დამოკიდებულია იმაზე, ხელისუფლება გააძლიერებს თუ არა რეპრესიულ ზომებს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქციებს ემოციები კვებავს და თუ პროტესტის ორგანიზაოტრები ამ ემოციების განახლებას მოახერხებენ, მუხტი აიწევს, რისი ალბათობაც, მისივე აზრით, არც ისე მაღალია.

აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 10 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარების უკიდურესად დაძაბვაზე იყო საუბარი, რასაც, მათი ინფორმაციით, შესაძლოა მსხვერპლიც მოჰყოლოდა. თუმცა, ამ დღეებმა შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა და გასაკუთრებული ინციდენტები არც მაშინ მომხდარა, როდესაც 14 დეკემბერს დაანონსებული დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებისას ხელისუფლების მოწინააღმდეგე და მხარდამჭერი მოქალაქეები რუსთაველზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

ამასთან, 16-17 დეკემბერს ევროკავშირში გაიმართება საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქათველო იქნება. მომზადებულია გარკვეულ სანქციებიც, რაზეც თავად ევროპელი დიპლომატებიც ღიად საუბრობენ. თუმცა, ანალიტიკოსების მიიჩნევენ, რომ ამ სანქციების შემოღებაც კი, თუკი მათთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ერთსულოვნების მიღწევა მოხერხდა, საქართველოს შიგნით მიმდინარე პროტესტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს.

გადაიარა თუ არა პროტესტის პიკმა

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს,რომ აქციებს ემოციები კვებავს და თუ ამის განახლებას მოახერხებენ, შესაძლოა მუხტი ისევ აიწიოს.

„მუხტის აწევას ეცდებიან, მაგრამ მგონია, რომ რაღაცეები იცვლება. ზოგადად, აქციებს ემოციები კვებავს და ამყარებს, უემოციო აქცია არ არსებობს. ეს ემოციები კი დროში ცვდება, სამწუხაროდ, მუდმივი არაა და განახლება გვიწევს ხოლმე. ასეთ განახლებას თუ მოახერხებენ, კი, შეიძლება ხელახლა აიწიოს მუხტი. ეს ოპოზიციურმა გუნდმაც იცის და ამიტომ ახალი თემების მოძებნას ცდილობენ ხოლმე.

„ემოციების განახლებას მოახერხებენ თუ არა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რადგან ბოლო ხანებში ეს მიტინგები ისეთი ხალხმრავალი არაა და ეს სწორედ ემოციების მექანიზმების შედეგია. ემოციების პიკი ყოველთვის დასაწყისშია და მერე ნელ-ნელა მინელდება ხოლმე", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რა არის მოსალოდნელი, მაგალითად, 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს და უშალოდ ამის შემდეგ, როცა დღის წესრიგში დადგება ორბელიანების რეზიდენციაში მისი შესვლა, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„არ მგონია, რომ ამ საკითხმა ემოცია ახალი ძალით გააღვიძოს, რადგან ამაზე იმდენად დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ პრინციპში ამ თემასთან შეგუებული არიან. ისინი, ვინც ემოციით კი არა, შეგნებით მიდიან და ფიქრობენ, რომ საპროტესტო აქციაზე უნდა იდგნენ, შეიძლება ისევ ისინი აღმოჩნდნენ ამ აქციაზე, თუმცა მათი რიცხვიც იმხელა არაა, რაც აქციას სჭირდება", - განაცხადა საყვარელიძემ.

მან რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ სუს-ის განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც დაძაბულობის ზრდასა და შესაძლო მსხვერპლზე იყო საუბარი. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ განცხადებამ თავისი მისია შეასრულა.

„პრევენციის ფუნქციით გაკეთებულმა განცხადებამ თუ ტემპერატურა დასწია, ესე იგი მიზანს მიაღწია. მსგავსი განცხადებები მოულოდნელობის ეფექტს აგდებს და სწორედ ეს მოულოდნელობებია, რაც ემოციებს კვებავს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, ხელისუფლების მხრიდან იმაზე გათვლა, რომ პროტესტი მიილევა, არასწორი და არასერიოზულია, რადგან, თუკი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიები გაგრძლედება და გაძლიერდება, ეს ხელისუფლებისთვის უკუშედეგს გამოიღებს.

„ყველა ელოდა, რომ (14 დეკემბერს) დაძაბულობა იქნებოდა. ეს დაძაბულობა იყო კიდეც, მაგრამ უფრო დიდ დაპირისპირებაში რომ არ გადაიზარდა, ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომელმაც ნაძვის ხის ანთებასა და იქ ხალხის მიყვანაზე უარი თქვა. თუმცა, საქმე ისაა, რომ რაც ხელისუფლებამ მანიფესტანტების მასობრივი დარბევები შეაჩერა, ქუჩაში პროტესტი გრძელდება და ეს უკვე არის აბსოლუტურად მშვიდობიანი და აგრესიას მოკლებული. ანუ პროტესტი არის, მაგრამ აგრესია - არა.

„ბევრი რამ ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა გამწვავება და სამოქალაქო დაპირისპირება. ზუსტად ასეთივე ვითარება იქნება ინაუგურაციის დროს და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. თუ ხელისუფლება ისევ მშვიდად და წყნარად იქნება, ინაუგირაციისას არც არაფერი არ მოხდება და დაძაბულობაც უფრო მეტად არ გაიზრდება.

„პროტესტი კი გაგრძელდება. ხელისუფლებას ზუსტად ეს პრობლემა აქვს, ჯერჯერობით ის ვერ პოულობს იმის საშუალებას, რომ დათმობებზე წავიდეს. ვგულისხმობ დაპატიმრებულების გათავისუფლებას და არჩევნების დანიშვნას - ამ დათმობებზე წასვლა მას არ უნდა და ისევ უნდა, რომ ქუჩის პროტესტი მოაგვაროს. ამას ის ჯერ ვერ ახერხებს. სცადა რეპრესიებიც. ახლა უფრო რეპრესიული ზომების მისაღებად ახალი შემზღუდავი კანონების შემოღებას ცდილობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჯერჯერობით არ შველის.

„შემდგომი პროცესის განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. თუ ისევ რეპრესიებზე წავა, რასაც არ გამოვრიცხავ, მოსახლეობის მხრიდან ადეკვატური რეაქცია იქნება. გათვლა იმაზე, რომ ეს პროტესტი მიილევა, მემგონი ხელისუფლების მხრიდან არასწორი და არასერიოზულია. რა თქმა უნდა, პიკი ჯერ კიდევ წინაა. თუ ხელისუფლება რეპრესიებს დაიწყებს, შემდეგ უკვე რთული იქნება რამის განსაზღვრა.

„რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, სუს-ი უბრალოდ წინასწარ ქმნის რაღაც ისეთ განწყობებს და საზოგადოებას ამზადებს იმისთვის, რომ რეპრესიები დაიწყოს. არავინ არაფრის გადატრიალებას არ ამზადებს. რეპრესიების დასაწყებადაც ძალაა საჭირო, პროტესტიც თანდათან ფართოვდება და საზოგადოების სხვადასხვა ფენებში აღწევს. ასე რომ, ხელლისუფლებას საყრდენი ნელ-ნელა ეცლება, ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შესაძლო სანქციები და საპროტესტო მუხტი

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირს არ სურს „კონფლიქტის ჩაქრობა" და ამიტომ გააგრძელებს ხელისუფლების კრიტიკას და ზეწოლას. თუმცა დასძენს, რომ ამან შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს, რადგან თუკი ხელისუფლება „დაიჩაგრება", ხალხი დაირაზმება და მის გვერდით დადგება.

„ევროკავშირს და ზოგადად ევროპულ ქვეყნებს ამ კონფლიქტის ჩაქრობა რომ უნდოდეთ, ადვილად ჩააქრობდნენ. ელემენტარულად ეტყოდნენ, რომ „კარი ღიაა, მობრძანდით" და რომ „საქართველო ევროპული გზიდან არ უხვევს". ამის თქმა კი ევროპის მხრიდან უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ვიდრე, დავუშვათ, „ოცნება" განცხადებები და ამ მუხტს ჩააქრობდა.

„მაგრამ ეს ასე არაა და ესე იგი უნდათ, რომ ეს კონფლიქტი გაძლიერდეს. სწორედ ამისთვისაა ეს ძალისხმევაც, რომ საქართველოში შიდა კონფლიქტი გაძლიერდეს და ხელისუფლება შეიცვალოს. თუმცაღა, არ მგონია ახლა ევროკავშირის გადაწყვეტილებამ მუხტი ასწიოს, რადგან გინდ ევროპისგან და გინდ მთლიანად დასავლეთისგან ასეთი კრიტიკულობა არჩევნებამდეც იყო და ერთადერთი იმ მხრივ მოახდინა სიტუაციაზე გავლენა, რომ „ოცნების" მომხრეთა რიცხვი გაზარდა, იმ ფორმულით, რომ „ნუ ჩაგრავენ". დაჩაგრულის მხარეს ხალხი უფრო მეტად ირაზმება ხოლმე და რაკი ამ ხელისუფლებას ჩაგრავენ, მის მხარეს უფრო დადგნენ.

„იმ სტრატეგიას, რითიც ევროპელები მოქმედებენ, ყველა ქვეყანაში ერთნაირი შედეგი არ აქვს. სქემას არ ცვლიან და ეს უცვლელობა ამ სქემის ეფექტურობას ამცირებს. შესაბამისად, აქ ემოციების ეფექტურობაც მცირდება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები პროტესტის ფორმას მნიშვნელოვნად არ შეცვლის და მანიფესტანთა რაოდენობასაც არ გაზრდის.

„არ მგონია, რომ ამან მნიშვნელოვნად შეცვალოს პროტესტის ფორმა, ან მანიფესტანტთა რაოდენობა. ეს განცხადებები კეთდება, მაგრამ ეს ჯერ კეთდება განცხადებების დონეზე, რასაც უკვე მიჩვეული ვართ. ამ განცხადებების, ან გადაწყვეტილებების საფუძველზე უფრო მასშტაბური პროტესტი არ იქნება, მაგრამ ეს ის პროცესია, რომელიც თანდათან ფართოვდება და საზოგადოების უფრო მეტ ნაწილს მოიცავს.

„ქუჩაში გამომსვლელების რაოდენობას მასშტაბურად ვერ გაზრდის ასეთი განცხადებები, თორემ პროტესტი, რა თქმა უნდა, გაფართოვდება და 16-17 დეკემბრის გადაწყვეტილებები იმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ჩვენ დასავლეთს ვშორდებით და შესაბამისად, თუ დასავლეთს ვშორდებით, სამწუხაროდ, ერთადერთი გზა რუსეთია და იქით მივდივართ. ვნახოთ, როგორ განვითრადება მოვლენები", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე